ახალი ამბები

ხიდაშელი: NATO-ს მიერ შავ ზღვაზე დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში ჩართული უნდა იყოს საქართველოც

27 ივნისი, 2016 • 1388
ხიდაშელი: NATO-ს მიერ შავ ზღვაზე დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში ჩართული უნდა იყოს საქართველოც

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა 27 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმ გეგმებზე, რომლებიც NATO-ს მიერ შავ  ზღვაზე დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობას ეხება.

მინისტრის თქმით, ვარშავის სამიტზე დამტკიცებულ ნებისმიერ კონცეპტში, რომელიც შავ ზღვას შეეხება, გათვალისწინებული იქნება საქართველო. პრესკონფერენციაზე მან ამ გეგმების ნაწილზე ისაუბრა:

“ყირიმის ოკუპაციის შემდეგ მთელმა მსოფლიომ, მათ შორის, NATO-მაც, ბუნებრივა, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ  შავ ზღვაზე ბალანსი შეიცვალა და, შესაბამისად, შეიცვალა უსაფრთხოების გარემო. შეფასებები ამ თვალსაზრისით სრულ თანხვედრაშია თბილისში, ბრიუსელში, რუმინეთში, თურქეთში, ვაშინგტონში და ყველგან. თუმცა, განსხვავებები იყო იმაზე, თუ როგორ უნდა ვუპასუხით ამ შეცვლილ გარემოს, როგორ უნდა ვუპასუხოთ შეცვლილ უსაფრხოების გამოწვევებს. სწორედ ეს იყო საქმე, რითიც ჩვენ დაკავებული ვიყავით მთელი წლის განმავლობაში, რომ პასუხი რაც შეიძლებოდა უფრო სასარგებლო ყოფილიყო საქართველოსთვის და რაც შეიძლება უფრო მეტად ყოფილიყო საქართველო ამ პასუხის მონაწილე.

დღეს NATO-ში მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე და ამ საქმიანობის სრულფასოვანი წევრი, აბსოლურუტად სრულმასშტაბიანი მონაწილე არის საქართველოც. ნებისმიერი კონცეპტი, რომელიც იქნება დამტკიცებული ვარშავაში შავ ზღვასთან დაკავშირებით, იქნება საქართველოსთან ერთად. იმის მიუხედავად, საქართველო ნატოს წევრი არის თუ არა, ეს არის ის მიმართულება და გამოწვევა, რომელზეც ჩვენ ძალიან ცალსახად ვთქვით, რომ არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება, არ არსებობს წარმატებული პროექტი შავ ზღვაზე, თუ მისი მონაწილე არ არის საქართველო.

უკვე ვარშავის შემდეგ, რაც ტექნიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული შავ ზღვაზე უსაფრთხოების განმტკცებასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ მუშაობას კონკრეტულ გეგმებზე, რომლითაც უნდა მოხდეს ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტვი: თუკი ამ უსაფრთხოების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება პატრულირება შავ ზღვაზე, მაშინ ამ პატრულირების ნაწილი უნდა გახდეს საქართველოც. როგორც შედიან გემები ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის პორტებში, ზუსტად ასეთივე სიხშირით, იმავე გზის ნაწილად, უნდა შემოდიოდნენ საქართველოს პორტებშიც.

ე.წ. Port Calls, რომელიც ხორციელდება NATO-ს წევრი საპორტო ქალაქებიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ნატოს პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს საპორტო ქალაქებიდან.

მონიტორინგი, რომელიც ზღვაზე ხორციელდება, უნდა იყოს სრულმასშტაბიანი და სრულფასოვანი საქართველოსთან მიმართებაშიც.

შავ ზღვაზე უსაფრთხოების სურათი, რომელსაც უყურებს NATO, რომელსაც უყურებენ NATO-ს წევრი ქვეყნები, უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი საქართველოსთვის. ასევე, საქართველოს მონაცემები უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი ნატოს წევრი ქვეყნებისთვის და სხვა.

ეს ძალიან მრავალკომპონენტიანი გეგმაა, მაგრამ ეს რამდენიმე კომპონენტი იმიტომ ჩამოგითვალეთ, რომ ამოცანა არის სრულიად ცხლსახა და მარტივი: ყველგან, ყველა ღონისძიებაში, რომელიც დაიგეგმება NATO-ს ფარგლებში შავ ზღვაზე, უნდა იყოს საქართველოც,”- განაცხადა პრესკონფერენციაზე თინა ხიდშელმა

“შავ ზღვაში ფლოტის შემოსვლა და აშშ-თან ურთიერთობაზე, არის მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია? ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება არის ორი სუვერენული სახელმწიფოს – საქართველოს და აშშ-ის თავისუფალ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული. ბუნებრივია, ჩვენ თანამშრომლობას, იქნება ეს აშშ, როგორც ცალკე ქვეყანა, თუ ნატო, როგორც ალიანსი, ურთიერთობას ვაღრმავებთ როგორც სუვერენული ქვეყანა. ეს შეთანხმებები და ამ ტიპის თანაშრომლობა არასდროს არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. არასდროს არ უნდა აღიქმებოდეს გამოწვევად. ამ თანამშრომლობის, ამ შეთანხმებების შედეგი უნდა იყოს და მიმართულია იქით, რომ უფრო სტაბილური იყოს რეგიონი და ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტები, რომელიც მათ შორის შავ ზღვას ეხება, ან საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს, იყოს უფრო დაცული და სტაბილური.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი