საზოგადოება

რას უქადის თბილისს, სოხუმსა და შავ ზღვას რუსული საზღვაო ბაზა აფხაზეთში

5 ოქტომბერი, 2023 • 6463
რას უქადის თბილისს, სოხუმსა და შავ ზღვას რუსული საზღვაო ბაზა აფხაზეთში

საომარი მოქმედებების გადმოტანის მცდელობა“, „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია“ და მოსკოვის პოლიტიკური განაცხადი – ასე აფასებენ თბილისში აფხაზეთში რუსული ფლოტისთვის მუდმივი ბაზის გახსნის გეგმებს.

ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.

ბჟანიას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.

„ნეტგაზეთმა“ ანალიტიკოსებს ჰკითხა, რას უქადის ამ ბაზის გახსნა საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკურ-სამხედრო ბალანსს.

„საფრთხის ხარისხი იზრდება“

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში მოსკოვის ამ განზრახვას სამხედრო-პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს  — მისი აზრით, კრემლში სურთ, შიდა თუ გარე აუდიტორიას აჩვენონ, რომ ამიერკავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთს ინტერესები არსად წასულა.

კაპანაძე აგრეთვე იხსენებს ბალტიის ზღვის მაგალითსაც, რომლის აკვატორიასაც რუსეთი მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებთან იზიარებს. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ამ ბაზის გახსნით კრემლი შეეცდება, გავლენა შეინარჩუნოს შავ ზღვაზე.

„ეს არის უფრო პოლიტიკური ნაბიჯი, რომ რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში გააფართოოს თავისი საზღვაო წარმომადგენლობა. არა მარტო რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ მეგობარი „ქვეყნის“ ტერიტორიაზე. მოსკოვს სურს აჩვენოს მსოფლიოს, რომ არ კარგავს გავლენებს და შესაძლებლობებს ამიერკავკასიაში და შავი ზღვის ფართო რეგიონში“, – აცხადებს იგი.

რაც შეეხება ბაზის შესაძლო სამხედრო შედეგებს, კაპანაძე მიიჩნევს, რომ ის ძალათა ბალანსს დიდად ვერ შეცვლის, ვინაიდან ბაზა, მისი ვარაუდით, არცთუ ისე დიდი იქნება, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ გემებს აქამდეც თავისუფლად შეეძლოთ შესვლა. თუმცა საქართველოსთვის, ამისდა მიუხედავად, საფრთხის ხარისხი იზრდება, გვეუბნება გენერალ-მაიორი.

„დამატებით იზრდება საფრთხე ზღვის მიმართულებიდან, რუსეთს საზღვრებთან გაცილებით ახლოს ეყოლება საზღვაო კომპონენტი. ამ მიმართულებით საფრთხის ხარისხის იზრდება“, – ხსნის კაპანაძე.

საფრთხე საქართველოს ტრანზიტულ პოტენციალს?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, მართალია, ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთს არ აქვს სრულფასოვანი ბაზის მშენებლობისთვის საჭირო რესურსი, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მაინც საფრთხის შემცველია საქართველოსთვის როგორც სამხედრო, ასევე სხვა თვალსაზრისითაც.  ხიდაშელი მაგალითად ასახელებს საქართველოს ტრანზიტულ პოტენციალს:

„თუ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავარი უპირატესობაა სატრანზიტო პოტენციალი და მოცემულობა, რომელსაც ხმელეთით ან ზღვით ვქმნით, ყოველგვარი კვეთა და სიახლოვე რუსულ სამხედრო ჩექმასთან, რა თქმა უნდა, პრობლემურია“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.

ამასთან ერთად, თინა ხიდაშელი ბაზის გახსნის გეგმებს განაცხადს უწოდებს, მათ შორის აფხაზეთში რუსეთთან გაერთიანებისა და რუსიფიკაციის მოწინააღმდეგეთათვის.

„აფხაზეთში [რუსეთის] მეტად გაძლიერების განაცხადი არაა განაცხადი მარტო [თბილისის კონტროლირებადი] ქართული სახელმწიფოსთვის, ესაა განაცხადი აფხაზეთისთვისაც. უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთში ერთგვაროვანი დამოკიდებულება სრული რუსიფიკაციის და რუსეთთან მიერთების საკითხში არ არსებობს. ეს მათთვისაც ძალიან სერიოზული გზავნილია, [აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის] ურთიერთობის მნიშვნელოვნად დაძაბვის მონაკვეთში“, – მიიჩნევს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

„უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია“

ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჟურნალისტებთან ამ თემაზე „ქართული ოცნების“ გენმდივანმა კახა კალაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, თუ ინფორმაცია ბაზის გახსნაზე სიმართლეა, „ეს ძალიან შემაშფოთებელი და მძიმეა“:

„თუ ეს მართლაც ასეა, შემაშფოთებელი და მძიმეა. იცით, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა“, – თქვა თბილისის მერმა.

საგარეო უწყების განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ოფიციალური თბილისი შეშფოთებას გამოთქვამს და მოსკოვის ქმედებებს „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობად“ აფასებს.

თინა ხიდაშელი საგარეო უწყების მსგავს განცხადებას დადებითად აფასებს, აღნიშნავს რა, რომ ბოლო დროს უწყება ასეთ განცხადებებსაც კი არ აკეთებდა, თუმცა იქვე ამატებს, რომ ისინი ეფექტურია მაშინ, როცა „გამაგრებულია დასავლელი პარტნიორების მიერ“. თუმცა, როგორც ყოფილი მინისტრი გვეუბნება, „[საქართველოსა და დასავლეთს შორის] გაფუჭებული ურთიერთობის პირობებში რისკები იზრდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი