პოლიტიკოსის ცემის დასჯა ორმაგი სტანდარტით

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით არა წინასწარი პატიმრობა, არამედ გირაო მოითხოვა, თუმცა ასე არ მომხდარა, როდესაც საქმე ენმ-ს მხარდამჭერებს ეხებოდა. აქვს თუ არა ადგილი ორმაგი სტანდარტს და შერჩევით სამართალს პროკურატურის მხრიდან?

“ნამდვილად არათანიმიმდევრულია, როდესაც მსგავსი მუხლის და შინაარსის ინციდენტთან  დაკავშირებით სხვადასხვა მიდგომა აქვს პროკურტურას”, – ამბობს ჩვენთან საუბარში იურისტი ლევან ნატროშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრია და საარჩევნო პროცესებს აკვირდება.

2015 წლის ოქტომბერში ქუთაისში საქართველოს პარლამენტთან ინციდენტი მოხდა. “რუსთავი 2″–ის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს “თავისუფალი ზონის” 3 წევრი, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძეს დაესხნენ თავს. საბოლოო ჯამში, თავისუფალი ზონის წევრებს ბრალი ზუსტად იმ მუხლით [სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი, ხულიგნობა] წარუდგინეს, რომლითაც კორცხელის ინციდენტში მონაწილე “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მისცეს პასუხისგებაში. განსხვავებით “ქართული ოცნების” მხარდამჭერების საქმისაგან, თავისუფალი ზონის წევრების შემთხვევაში პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. “თავისუფალი ზონის” წევრებმა: ნიკა ნარსიამ, მირიან დეისაძემ და კახა გაბუნიამ რამდენიმე თვე წინასწარ პატიმრობაშიც გაატარეს. ისინი 2015 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს და 25 დეკემბერს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

არსებობს კიდევ ერთი მაგალითი: 2013 წლის თებერვალში, საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის დროს, საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს სახეში ხელი დაარტყეს. იმავე პერიოდში კიდევ ერთი დეპუტატისთვის, სერგო რატიანისთვის [ენმ] ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს ნიკოლოზ არაბული. თაქთაქიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით კი მოქალაქე გელა მამალაძე იქნა დაკავებული, მას სერგო რატიანის ცემაშიც ადანაშაულებდნენ. გელა მამალაძესაც და ნიკოლოზ არაბულსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის დარღვევაში ედებოდათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ეს ზუსტად იგივე მუხლია, რის საფუძველზეც “რუსთავი 2″–ის მხარდამჭერ აქციაზე “თავისუფალი ზონის” წევრები დააკავეს, ხოლო კორცხელში მომხდარი ძალადობის გამო “ქართული ოცნების” წევრები მისცეს პასუხისგებაში. გელა მამალაძე თავის დროზე სასამართლომ 2000-ლარიანი, ხოლო არაბული 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საგულისხმოა, რომ მათ შემთხვევაში პროკურატურა [“თავისუფალი ზონის” წევრების საქმისაგან განსხვავებით] აღკვეთის ღონისძიების სახით თვითონ ითხოვდა გირაოს და არა პატიმრობას. კორცხელის ინციდენტში ბრალდებული ყველა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

“რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად შერჩევითი სამართალი”, – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთო კახიძე და აგრძელებს:

“[კორცხელში] ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი. ეს იყო შეკვეთილი თავდასხმა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ერთ-ერთ საფუძვლად პირდაპირ ითვალისწინებს  ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. კორცხელის თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში ღიად ემუქრებიან ენმ-ს ლიდერებს: მელიას, ბოკერიას, გუნავას. შესაბამისად, როდესაც პროკურორები გირაოს ითხოვენ, გამოდის, რომ ერთი მხრივ, კანონთან გვაქვს პრობლემა და მეორე მხრივ – შერჩევით სამართალთან”, – აცხადებს კახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის მტკიცებით, მას თავის დროზე სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებაში შეუშალეს ხელი:

“ჩემს შემთხვევაში საუბარია პარლამენტის წევრზე, რომელიც მოვიდა სამუშაო ადგილზე. მაგ დღეს ასეთი ინციდენტი მხოლოდ ჩემთან მიმართებაში არ მოხდა. ასეთი ინციდენტი მათ ჰქონდათ ლუკა კურტანიძესთან, იაშა შერვაშიძესთან და ვალერი გელაშვილთან. ბოლოს გათამამებულებმა ჩათვალეს, რომ დეპუტატების დამცირება, შეურაცხყოფა კარგია და ჩემთან ფიზიკურ აგრესიაზე გადმოვიდნენ. მე საგამოძიებო ორგანოში დავადასტურე, რაც მოხდა, სასამართლოზეც ვიყავი მისული და დღეს ის ადამიანები გარეთ არიან გამოსული და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობასთან მიტინგებს აწყობენ. ნაციონალური მოძრაობის დროს ეს იქნებოდა შესაძლებელი? ციხეში იქნებოდნენ სამუდამოდ. “

ლორთქიფანიძე თავს იკავებს შეფასებისგან, თუ რატომ მოითხოვა პროკურატურამ მის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის გამოყენება აღკვეთის ღონისძიების სახით, ხოლო კორცხელის ინციდენტის საქმეზე- გირაო:

“ეს არის ბრალდების მხარის პოზიცია. ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ ასეთი აღკვეთის ღონისძიება მოეთხოვა. მე ვერ შევაფასებ ამას, მაგრამ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. აქ არ არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. ბრალდება ითხოვს ერთს, სასამართლო იღებს მეორე გადაწყვეტილებას. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე პროკურატურის შეფასებისგან თავს შევიკავებ.”

გარდა უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე შერჩევითი სამართლისა, ენმ-ში გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა პრეტენზიებიც აქვთ. ისინი უკმაყოფილო არიან მუხლით, ასევე იმით, რომ გამოძიება უფრო შორს არ წავიდა და “ორგანიზატორები არ დაკითხა”.

ამ საკითხზე თავისი მოსაზრებები აქვს ლევან ნატროშვილსაც:

“უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს 6 ადამიანი მხოლოდ შემსრულებელი იყო ამ ძალადობისა და უფრო მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კონტროლდებოდა, იქნება ეს პარტიული თუ უფრო უარესი – სახელმწიფო თანამდებობა. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება, რომ მხოლოდ 6 ადამიანს წაუყენეს ბრალი. რა ინფორმაციაც გვაქვს, არც დაკითხულან ის პირები, ვისზეც იყო საუბარი [ენმ-ს მხრიდან ]იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მართავდნენ ამ პროცესებს. ეს ორი გარემოება [შერჩევითი სამართალი და ეჭვები ორგანიზატორების საკითხზე] თავისთავად გარკვეულ ეჭვებს აჩენს. ცხადია, პროკურატურამ რეაგირება მოახდინა. დადებითია და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ცემის კატეგორია ხულიგნობით შეცვალეს, მაგრამ ვეღარ ან არ გაბედეს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა”, – ამბობს ნატროშვილი.

მისივე თქმით, როდესაც ასეთი ეჭვები ჩნდება, მით უმეტეს, არჩევნებამდე ახლო პერიოდში, ეს სერიოზული პრობლემაა.

“ასეთი ინციდენტების პრევენცია ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. თუ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდებიან და საშუალება არ ექნებათ, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოონ, ეს ყველაფერს გადაუსვამ ხაზს და მერე არჩევნების დღე როგორ ჩატარდება, მაგას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. პრევენცია იქნებოდა ის, რომ ამ კონრეტულ ინციდენტზე ადეკვატური რეაგირება ჰქონოდა პროკურტაურას და ამ კუთხითაც არსებობს პრობლემა. შესაძლოა იყოს განცდა, რომ თუ ხელისუფლების მხარდამჭერები რაღაცას დააშავებენ, პროკურტაურა მათ მიმართ იქნება ლოიალური, ხოლო ოპოზიციური პარტიის მიმართ შეიძლება ისეთივე ლოიალური არ იყოს. ეს უსამართლობის განცდას იწვევს და საარჩევნო გარემოსაც აზიანებს”, – ამბობს ნატროშვილი.

გასულ წლის 1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [PACE] არ გაითვალისწინა კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შესწორებები და რეზოლუცია წინასწარი დაკავების პრაქტიკის ხარვეზების შესახებ 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციაში წინასწარი დაკავების ბოროტად გამოყენების პრაქტიკის გამო გაკრიტიკებულებია საქართველო, თურქეთი და რუსეთი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა, თურქეთმა და საქართველომ გაატარეს საკანონმდებლო რეფორმები, რომელთაც თან პრაქტიკული ღონისძიებები ახლდა, რამაც წინასწარი დაკავებების რაოდენობა ნათლად შეამცირა, თუმცა წინასწარი დაკავების ბოროტად გამოყენების ფაქტები კვლავაც გვხვდება.

““შოპინგის ფორუმის” შესაძლებლობა პროკურატურის მხრიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცდუნება განსხვავებული სტრატეგიების შესამუშავებლად იმაში დასარწმუნებლად, რომ წინასწარი დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რომელიც მოსალოდნელია, რომ [პროკურატურის მიმართ ] “დამთმობი” იქნება (მაგალითად, საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში)”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com