ახალი ამბები

რას გულისხმობს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები?

27 დეკემბერი, 2023 • 2756
რას გულისხმობს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები?

 ავტორი: ლევან ნატროშვილი, საარჩევნო საკითხების ექსპერტი

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველსაყოფად საჭირო  საკანონმდებლო მექანიზმები საქართველოში ძირითადად არსებობს, თუმცა პრობლემებია რეგულაციების აღსრულებისა და პრაქტიკის კუთხით. ამ მხრივ მთავარ გამოწვევას არათანაბარი საარჩევნო გარემო წარმოადგენს, რასაც ძირითადად მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვრის არარსებობა, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნოდ აქტიური გამოყენება და პარტიებს შორის დიდი ფინანსური უთანასწორობა განაპირობებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზების მაღალი ხარისხი და დამოუკიდებლობის დაბალი დონე საარჩევნო ადმინისტრაციაში, სამართალდამცავ, საგამოძიებო და სასამართლო უწყებებში, რის გამოც ეფექტიანი რეაგირების გარეშე რჩება ამომრჩევლებზე, პარტიების წევრებსა და კანდიდატებზე, მედიის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლის არა ერთი ფაქტი.. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოვითხოვოთ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო და ქმედითი რეფორმების გატარება ახლა!


2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაცია და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება უპირობო არ ყოფილა და კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ საქართველომ ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებული 9 დათქმის გათვალისწინების ვალდებულება უნდა აიღოს. ამ დათქმებს შორის ერთ-ერთი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული პროცესის უზრუნველყოფაა.  საინტერესოა, როგორ უნდა გავიგოთ ეს დათქმა, კერძოდ, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ წინადადებაში და ამ მხრივ რა მთავარი გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო მისი წარსული საარჩევნო გამოცდილებიდან გამომდინარე. 

ევროპაში საარჩევნო სტანდარტების შემუშავებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ეუთო/ოდირი) მიუძღვის. ეს ორგანიზაცია ევროპაში თითქმის ყველა საერთო-ეროვნულ არჩევნებს აკვირდება და ევროკავშირიც დიდწილად ეუთო/ოდირის შეფასებებს ეყრდნობა. ეუთო/ოდირის არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელოში განმარტებულია, თუ რა იგულისხმება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. 

თავისუფალი არჩევნები

თავისუფალი არჩევნების სტანდარტი იმას მოითხოვს, რომ ამომრჩევლები სარგებლობდნენ გამოხატვის, გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლებით. ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, თავისუფლად ჩამოიყალიბოს აზრი არჩევნებში მონაწილე პარტიებზე/სუბიექტებზე და დაშინების, ძალადობის, ადმინისტრაციული ჩარევისა ან შურისძიების შიშის გარეშე მისცეს ხმა. 

არჩევნებში მონაწილე პარტიებს/კანდიდატებს ხელი არ უნდა შეეშალოთ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად წარმოჩენაში, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, აწარმოონ საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველს თავისუფლად მიაწვდინონ ხმა. 

მედიას უნდა შეეძლოს, ხელისუფლების ჩარევისა და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე, საარჩევნო კამპანიის გაშუქება. ადგილობრივ დამკვირვებლებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის წინასაარჩევნოდ, არჩევნების დღეს და მის შემდეგ თავისუფალი დაკვირვების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად საჭირო ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები საქართველოში ძირითადად არსებობს, თუმცა ზოგიერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მაგალითად, წარსულში ჩატარებულ არჩევნებზე დაფიქსირებულა  ამომრჩევლებზე, პარტიების წევრებსა და კანდიდატებზე, მედიის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებზე სხვადასხვა გზით ზეწოლის არაერთი ფაქტი. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიაორგანიზაციების ზოგიერთ მფლობელზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ძირითადი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან რეგულარული სიტყვიერი თავდასხმებისა და ზეწოლის სამიზნენი არიან.

სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები

სამართლიანი არჩევნებისთვის საჭიროა, ყველა საარჩევნო სუბიექტის მიმართ არსებობდეს თანაბარი მიდგომები. კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მისი აღსრულება სამართლიანად და მიუკერძოებლად უნდა მოხდეს. საარჩევნო სუბიექტებს შეუფერხებლად და არადისკრიმინაციულად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი მედიაზე, ხოლო სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მედიასაშუალებებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა უნდა ეკისრებოდეთ სრულყოფილი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებაზე, რათა ამომრჩეველმა შეძლოს კარგად ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. 

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულაციები არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის ან კანდიდატის ინტერესებზე მორგებული ან ვინმეს მიმართ დისკრიმინაციული. უნდა არსებობდეს მკაფიო ზღვარი პარტიასა და  სახელმწიფოს შორის და ადმინისტრაციული რესურსები არ უნდა იქნას გამოყენებული უსამართლოდ რომელიმე პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა დონეზე უნდა იმოქმედოს პროფესიონალურად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად. ხმის მიცემის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესები უნდა იყოს თავისუფალი გაყალბებისა და მანიპულაციისგან, რათა ამომრჩეველთა ნება არჩევნების შედეგებში სამართლიანად აისახოს. 

საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩევლებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ წარმოშობილი საარჩევნო დავების სწრაფ და ეფექტიან მექანიზმებზე, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს მეშვეობით. სამართალდამრღვევებს დროულად უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. 

რაც შეეხება კონკურენტულ არჩევნებს, მასში, როგორც წესი, ის იგულისხმება, რომ სამართლიანი არჩევნების ყველა პრინციპის დაცვით, არჩევნებში საკმარისი რაოდენობის პარტია/კანდიდატი მონაწილეობს, რის შედეგადაც, ამომრჩეველს აქვს რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება.

სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველსაყოფად საჭირო  საკანონმდებლო მექანიზმები საქართველოში ძირითადად არსებობს, თუმცა ბევრი პრობლემაა რეგულაციების აღსრულებისა და პრაქტიკის კუთხით. ამ მხრივ მთავარ გამოწვევას არათანაბარი საარჩევნო გარემო წარმოადგენს, რასაც ძირითადად მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვრის არარსებობა, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნოდ აქტიური გამოყენება და პარტიებს შორის დიდი ფინანსური უთანასწორობა განაპირობებს. ამასთანავე, სერიოზული პრობლემაა სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზების მაღალი ხარისხი და ისეთი უწყებების დამოუკიდებლობის დაბალი დონე, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებები და სასამართლო.


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zinc Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ.

მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს “ნეტგაზეთის” ან დონორის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი