ახალი ამბები

პარლამენტი ცესკოს წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის

14 დეკემბერი, 2021 • 1379
პარლამენტი ცესკოს წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ახალ წესში, რომელიც 19 აპრილის მიიღეს ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე, ისევ ცვლილებები შედის.

რეგლამენტის ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ცესკოს წევრების ასარჩევი პროცედურის ვადისა და კენჭისყრების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.

რა ხდება?

მოქმედი რეგლამენტით, თუ ცესკოს წევრობის კანდიდატს პირველ კენჭისყრაზე პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 (საჭიროა ოპოზიციის ხმებიც) ვერ აირჩევს, კენჭისყრა სრული შემადგენლობის უმრავლესობით (საკმარისია მხოლოდ “ქართული ოცნების” ხმები) არჩევამდე უნდა გაგრძელდეს და ასეთ შემთხვევაში არჩეული კანდიდატის უფლებამოსილება 6-თვიანია. სწორედ ასეა აგვისტოში არჩეული ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი, რომელთა 6-თვიანი უფლებამოსილების ვადა 2022 წლის თებერვლის დასაწყისში იწურება.

მოქმედი რეგლამენტით, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურა შესაბამისი კონკურსის გამოცხადებიდან კანდიდატის პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩევამდე დაახლოებით 4 თვე გრძელდება. რაც, ჯამში, 4-კვირიანი შუალედით 4 კენჭისყრას მოიცავს.

წარმოდგენილი ცვლილებების პროექტით კი კენჭისყრათა რაოდენობა 4-დან 2-მდე მცირდება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, „თუ ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა“.

ამასთან, აღნიშნულ კენჭისყრებს შორის არ დგინდება დროის მინიმალური მონაკვეთი.

მაისში რუსთავში უნდა გაიმართოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის შუალედური არჩევნები. სწორედ შუალედურ არჩევნებს ასახელებენ  ცვლილებების ავტორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით  განხილვის მიზეზად.

ამჟამად მოქმედი ძირითადი წესის არსებობის პირობებში შესაძლებელია, რომ ცესკომ პარლამენტის 2022 წლის ზემოაღნიშნული შუალედური არჩევნები დანიშნოს და მთელი რიგი საარჩევნო ღონისძიებები განახორციელოს თავმჯდომარისა და ცალკეულ პროფესიულ წევრთა არარსებობის პირობებში. რაც ცვლილებების ავტორების აზრით, არ არის მიზანშეწონილი და „არღვევს ცესკოს, როგორც ინსტიტუტის, ჯეროვანი ფუნქციონირების უწყვეტობის პრინციპს“.

„ვინაიდან 2-3 თებერვალს გასდის ვადა თავმჯდომარეს და ორ წევრს, პრეზიდენტმა არაუგვიანეს 3 იანვრისა უნდა გამოაცხადოს კონკურსი ამ ვაკანსიების დასაკავებლად. ჩვენ თუ გვინდა, რომ ეს პროცედურა ახალი წესით იყოს, მნიშვნელოვანია, რომ 3 იანვრამდე მივიღოთ ეს ცვლილებები. ამასთან, მიმდინარე კვირაში სესია მთავრდება“, – განაცხადა ცვლილებების ავტორმა შალვა პაპუაშვილმა.

ცვლილებების განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არსებულ პროცედურას „ნონსენსი“ უწოდა. მისი თქმით, თავის დროზე ახალი წესის შემოღების მიზანი, ცესკოს წევრები კონსენსუსის საფუძველზე არჩეულიყვნენ, პრაქტიკაში არ განხორციელდა.

„ჩვენ რეალურად გვაქვს მოცემულობა, რომ ადამიანი, რომელიც 6 თვის ვადით იქნება ხოლმე არჩეული… იმისთვის, რომ 6 თვის ვადით უნდა განვაწესოთ პოზიციაზე, ამისთვის სჭირდება 4 თვე.  ასეთი ნონსენსია. ამას ვამბობ იმიტომ, რომ იმ პროცესებმა, რომელიც ჩვენ წინაშე განვითარდა, გვაჩვენა, რომ არანაირი ინტერესი კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების არ არსებობდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ხელს არ უწყობს

ცვლილებებს უარყოფითად აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი. მისი თქმით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების სულისკვეთებას. როგორც ნატროშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ეს ცვლილებები ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ხელს არ უწყობს.

„ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო სწორედ საარჩევნო რეფორმა და მის ფარგლებში საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ცესკოს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია საარჩევნო კომისიებს შორის და ეს წესი, რომ 2/3 ყოფილიყო საჭირო ცესკოს თავმჯდომარის და რიგითი წევრების ასარჩევად და ამავე დროს კენჭისყრებს შორის ყოფილიყო გარკვეული შუალედები,  რომ სტიმული ჰქონოდათ პარტიებს, რომ კონსენსუსით მიეღოთ გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ამ ჩანაწერის გაუქმება ხდება.

თქვენ იცით, რომ წინასაარჩევნოდ ეს ვადები ერთჯერადად, ერთი თვიდან ერთ კვირამდე შემცირდა და ახლა ეს საერთოდ უქმდება. მარტივად, ორი კენჭისყრით, რომელიც შეიძლება ერთ დღესაც კი ჩაატარონ, შეუძლიათ, რომ სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით პარლამენტმა დაამტკიცოს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები.

ეს  ნიშნავს, რომ ის საკითხი, რაც პრობლემური იყო, ეს პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება“, – ამბობს  ნატროშვილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ არსებული ცვლილებები არ ეხება ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადებს. მისი თქმით, სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებდა, თუ ცესკოს წევრებს 5 წლით არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით გახდებოდა შესაძლებელი.

თუმცა ნატროშვილი აღნიშნავს, რომ გამარტივებული მექანიზმით უნდობლობის გამოცხადების საკითხი პრობლემურად დარჩება, ვინაიდან 6 თვის ვადით დანიშნულ ადამიანს გარკვეულწილად პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინების მოტივაცია ექნება, რომ 6 თვის შემდეგ ისევ აირჩიონ.

„კიდევ კარგი, რომ ესეც არ შეცვალეს. ესეც რომ ამოეღოთ და 5 წლით დაენიშნათ უბრალო უმრავლესობით არჩეული კანდიდატები, უფრო ცუდი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ეს ცვლილებები მაინც მნიშვნელოვნად აუარესებს სიტუაციას. რეალობაში ეგრე გამოდის, რომ ყოველი 6 თვის შემდეგ უწევს პარლამენტს ახალი წევრის არჩევა.

ახლა როცა მარტივდება ეს პროცედურები, რაღაცნაირად ნოტარიულად მარტივი გასაკეთებელი იქნება – მივა ახალი კანდიდატის სახელი და გვარი და უბრალო უმრავლესობით შეძლებენ კიდევ 6 თვით დანიშნონ სასურველი წევრი. სავარაუდოდ, არასტაბილურობა იქნება ცესკოში იმ მხრივ, რომ ვერ ავირჩევთ 5 წლის ვადით ადამიანს და ეს ადამიანები მუდმივად იქნებიან მყიფე მდგომარეობაში, რაც მათ დამოუკიდებლობასაც ამცირებს“, – აცხადებს ლევან ნატროშვილი.

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია, შეთანხმების მცდელობაზე ორიენტირების ნაცვლად, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება. ეს, კი, კიდევ ერთი უკანდახევაა 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომლის სულისკვეთებას პარტიებს შორის თანამშრობლობის ხელშეწყობა, შეთანხმების მიღწევის წახალისება წარმოადგენდა. მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ  საკითხზე, როგორიც ცენტრალური სარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტებაა, ხელს არ უწყობს დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში.

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი, შეთანხმების მცდელობაზე ორიენტირების ნაცვლად, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილებაა.

„ეს კიდევ ერთი უკანდახევაა 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომლის სულისკვეთებას პარტიებს შორის თანამშრობლობის ხელშეწყობა, შეთანხმების მიღწევის წახალისება წარმოადგენდა. მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ  საკითხზე, როგორიც ცენტრალური სარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტებაა, ხელს არ უწყობს დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით,  19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება უნდა აისახოს კანდიდატების მრავალპარტიულ მხარდაჭერაში.

მათი თქმით, თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ბოლო პროცესმა კი დაადასტურა, რომ უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის პირობებში, პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრისათვის მისაღები კანდიდატის შესარჩევად სათნადო ძალისხმევა არ გაწეულა.

პარტიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და პოლარიზაციის შემცირების საჭიროების გათვალისწინებით, “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს:

  • მმართველ პარტიას, რომ პროცესის დაჩქარებასა და გამარტივებაზე ორიენტირების ნაცვლად, გამოავლინოს კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება;
  • ოპოზიციას, რომ ჩაერთოს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში, წამოაყენოს და განიხილოს ყველასთვის მისაღები კანდიდატურა, რათა ხელი შეუწყოს მთავარი მიზნის – ცესკოს მიმართ ნდობის გაზრდის – მიღწევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი