ახალი ამბები

მემორანდუმი ტოვებს რისკებს, საარჩევნო კომისიები ერთი პარტიის გავლენის ქვეშ დარჩნენ — TI

8 თებერვალი, 2021 • 992
მემორანდუმი ტოვებს რისკებს, საარჩევნო კომისიები ერთი პარტიის გავლენის ქვეშ დარჩნენ — TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმებულ მემორანდუმში საარჩევნო ადმინისტრაციისა და კომისიის დაკომპლექტების წესები კითხვის ნიშნებს ტოვებს.

ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

როგორც ნატროშვილი ამბობს, მემორანდუმის ჩანაწერი ტოვებს რისკებს, რომ საარჩევნო კომისიები ერთი პარტიის გავლენის ქვეშ დარჩნენ.

“ბევრი კითხვა გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან და იმ ჩანაწერებიდან, რაც ახლა არის მემორანდუმში, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ მხრივ დღეს არსებული პრობლემა აღმოიფხვრება. გარკვეული რისკები არსებობს, რომ კვლავ დარჩეს საარჩევნო კომისიები ერთი პარტიის გავლენის ქვეშ და ნდობა იყოს კვლავ ისეთი მცირე, როგორიც დღეს არის.

ვფიქრობთ, რომ პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანები, იმ სისტემით, რაც არის წარმოდგენილი, დიდი ალბათობით კვლავ იქნებიან შერჩეული ხელისუფლებისადმი, მმართველი პარტიისადმი ლოიალურობის კრიტერიუმით”, — განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმდა  მემორანდმუმი, რომელიც სხვა საკითებთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის რეფორმასაც ეხება.

ცვლილებები შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციასაც. თუკი  დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სხვადასხვა იერარქიის საარჩევნო კომისიებში შემადგენლობის ნახევარს, ანუ 12-დან 6 წევრს პოლიტიკური პარტიები ნიშნავდნენ, მემორანდუმის თანახმად,  საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება და სრული პროფესიონალიზაცია უნდა მოხდეს. კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულიად პროფესიული ნიშნით  დაკომპლექტდება და პარტიული ნიშნით კვოტები აღარ იქნება.

პარტიებს მხოლოდ წარმომადგენლების დანიშნვა შეეძლებათ, რომელთაც მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება ექნებათ და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ხმის მიცემით გავლენას ვერ მოახდენენ. მაგალითად, თუ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე რაიმე საკითხი გახდება სადავო, იქნება ეს ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებული თუ ხმების დათვლასთან, გადაწყვეტილებას მთლიანად პროფესიული ნიშნით დანიშნული კომისიის წევრები მიიღებენ. პარტიის წარმომადგენლებს მხოლოდ მსჯელობაში მონაწილეობის უფლება ექნებათ.

თუმცა, მემორანდუმის ჩანაწერის მიხედვით, პარტია საარჩევნო ადმინისტრაციაში სათათბირო ხმის უფლების წარმომადგენლის დანიშვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა და პარლამენტის წევრის მანდატით სარგებლობს. 

მემორანდუმს განსხვავებულად აფასებენ ხელმომწერი მხარეები და ოპოზიციის წევრები. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ამ მემორანდუმით საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის უფლებირვი მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება.

“ოცნების” და “მოქალაქეების” მემორანდუმი — სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი