ახალი ამბები

ივანიშვილის ჯგუფის განცხადება ზეწოლის მორიგი ფაქტების შესახებ

1 დეკემბერი, 2011 • 985
ივანიშვილის ჯგუფის განცხადება ზეწოლის მორიგი ფაქტების შესახებ

“ქართუ ჯგუფის” სახელზე შემოსული ტვირთი საბაჟო ტერმინალებში მიზანმიმართულად ზიანდება. ხელისუფლების ზეწოლა სააქციო საზოგადოების მისამართით გრძელდება. სისტემატური ხასიათი მიიღო საბაჟო ტერმინალზე “ქართუ ჯგუფის” სახელზე შემოსული ტვირთის დაზიანებამ. დაზიანებულია ისეთი აღიარებული ბრენდების მიერ გამოგზავნილი საქონელი, როგორებიცაა- “Blue Innovation”, “Crown”, “Harman”, “BSS” და ა.შ.. მსგავს ფაქტებს ადგილი აქვს იმ ქართულ კომპანიებთან მიმართებაშიც, რომლებსაც ხელშეკრულების საფუძველზე “ქართუ ჯგუფისთვის” მსგავსი სახის აუდიო-ვიდეო ტექნიკა ჩამოაქვთ. მათ შორის არის “პანასონიკის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შ.პ.ს. “ინდენტი”.- ამ ინფორმაცია ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საბაჟოზე დღემდე დიდი რაოდენობით პროდუქციაა გაჩერებული, პროდუქცია ეკუთთვნის  როგორც “ქართუ ჯგუფში” შემავალი ორგანიზაციებს, ასევე, ქართულ კონტრაქტორ კომპანიებს, რომელთაც სპეციალურად მათთვის ჩამოაქვთ პროდუქცია.

” შესაბამისად, გრძელდება ძვირადღირებული ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანება,”- ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის პრესსამსდივნოს ცნობით, ეჭვს იმის თაობაზე, რომ ტექნიკის დაზიანება ხდება გამიზნულად, აძლიერებს ის ფაქტიც, რომ “ქართუ ჯგუფის” სახელზე შემოსული ტვირთის გახსნა და დეტალური შემოწმება ხორციელდება ცალმხრივად, დაინტერესებული მხარის წარმომადგენლების დასწრების გარეშე.

მათივე თქმით, ტვირთის უმრავლესობა გრანტის სტატუსითაა შემოტანილი და განკუთვნილია  საქველმოქმედო პროექტებისთვის: ფრანგული სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, საჩხერის რეგიონის სკოლები, თუმანიშვილის სახელობის თეატრი, საჩხერის საავადმყოფო, ბორითის ემერჯენსი, ჯ. კახიძის მუსიკალური ცენტრი, ნატანების საკონცერტო დარბაზი, რაგბის სტადიონები, ყუმისთავის მღვიმე, სარგავი მასალის ეროვნული ცენტრი და ა.შ.

“ბოლო ერთი თვის განმავლობაში შემოსული ტვირთის 100% მოხვდა ე.წ. წითელ დერეფანში, ანუ გაიარა დეტალური შემოწმება, მაშინ, როდესაც წინა პერიოდში მსგავსი ტიპის გაძლიერებული შემოწმების ფაქტი 5-10% იყო”, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.
აღნიშნული პრობლემების შესწავლა და მათზე რეაგირება “ქართუ ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსს, ჯაბა ებანოიძეს ოფიციალური წერილით 2011  წლის 17 ნოემბერს მოსთხოვა.

”ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადება არ გაკეთებულა,” – აცხადებენ ივანიშვილის პრესსამდივნოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი