ახალი ამბებისაზოგადოება

21 მაისს მოსწავლეთა გამოსაშვები გამოცდები იწყება

20 მაისი, 2016 • 1758
21 მაისს მოსწავლეთა გამოსაშვები გამოცდები იწყება

გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ხვალ, 21 მაისს დაიწყება. პირველი გამოცდა, რომლის ჩაბარებაც მოსწავლეებს მოუწევთ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. გამოცდა 9 საათზე საქართველოს 1500-ზე მეტ სკოლაში ერთდროულად დაიწყება და მასში მონაწილეობას გამოცდებზე დარეგისტრირებული 47 000-მდე მოსწავლე მიიღებს.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში -ქართულ ენასა და ლიგერატურაში, უცხოურ ენებში, ისტორიასა და მათემატიკაში ჩააბარებენ.

2013 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.

იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარის გადალახვა ვერ შეძლეს, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

გამოსაშვები გამოცდები 2011 წლიდან კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. სისტემა გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის გამოცდები 25 მაისს დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი