ახალი ამბებისაზოგადოება

თამთა მიქელაძე: პოლიციის მიერ ლგბტ აქტივისტების დაკავება რეპრესიული ქმედებაა

17 მაისი, 2016 • 2271
თამთა მიქელაძე: პოლიციის მიერ ლგბტ აქტივისტების დაკავება რეპრესიული ქმედებაა

დღეს, გამთენიისას ლგბტ აქტივისტების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი. თამთა მიქელაძის თქმით, პოლიციის ქმედება აქტივისტების მიმართ რეპრესიულია.

მისი თქმით, ამაზე მეტყველებს პოლიციის მხრიდან ყველაზე მძიმე მექანიზმის, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება:

“ჩვენთვის არ არის ნათელი,  სახელმწიფომ ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები გამოიყენა თუ არა.  მაგალითად, მიუთითა თუ არა, რომ აღეკვეთათ კონკრეტული მოქმედება და ამის შემდეგ დაჯარიმების ოქმი გამოეწერათ. პრინციპში ეს რეპრესიული პოლიტიკა გამოხატვის თავისუფლებაში  უხეშ ჩარევას წარმოადგენს. მით უმეტეს, ამ პოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც  გარკვეულ მოვლენებს  აქვთ სიმბოლური პოლიტიკური მნიშვნელობა,”- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

მიქელაძის თქმით, EMC-ის ინფორმაციით, პოლიციელებს ლგბტ აქტივისტების დაკავებისას არ ეცვათ ფორმები და აქტივისტებს ისინი ექსტრემისტული ჯგუფის წარმომადგენლები ეგონათ. ასევე, ნეტგაზეთთან საუბრისას ერთ-ერთმა აქტივისტმა განმარტა, რომ თავდაპირველად მათ დასაკავებლად პოლიციელები სამოქალაქო მანქანით და ფორმების გარეშე მივიდნენ. ამის შემდეგ კი ადგილზე უკვე ფორმიანი პოლიციელები გამოჩნდნენ.

“მათთვის არ იყო აღქმადი, რომ ესენი პოლიციელები იყვნენ და ეგონათ ექსტრემისტული ჯგუფის წარმომადგენლები, ამიტომ ლაპარაკი პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაზე კიდევ უფრო დაუსაბუთებელია,”- აღნიშნავს მიქელაძე.

თამთა მიქელაძის თქმით, EMC დაელოდება სასმართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უფრო ვრცელ კომენტარს გააკეთებენ.

10 აქტივისტი ქუჩაში ანტიჰომოფობიური სტენსილების გაკეთების გამო დააკავეს.  ათივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) დაკავეს, სამს კი 173–ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება პოლიცია.
10 დაკავებულიდან 3 მათგანი, რომელთაც მხოლოდ 150-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მათი სასამართლო პროცესი კი გადაიდო. 7 აქტივისტი ამ დრომდე დაკავებულია და დღეს სწირედ მათი პროცესი გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი