ახალი ამბები

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს თბილისში ლგბტ აქტივისტები დააკავეს

17 მაისი, 2016 • 1751
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს თბილისში ლგბტ აქტივისტები დააკავეს

17 მაისს, როცა მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, თბილისში ლგბტ აქტივისტები დააკავეს. დაკავება გამთენიისას მოხდა.

“აქტივისტები დააკავეს ქუჩაში სტენსილების გაკეთების გამო და განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი. როგორც შემატყობინეს, პოლიცია იქცეოდა და იქცევა ძალადობრივად: ქუჩაში ძირს ახოხიალეს აქტივისტები, ფიზიკურად შეეხნენ და იყვნენ ძალიან აგრესიულები”, – ეს ინფორმაცია ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა “ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბერიანიძემ.

მისი თქმით, სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები წინასწარ უკვე ატერორებდნენ და ემუქრებოდნენ რამდენიმე ლგბტ აქტივისტს ამ დღეებში.

“ახლა კიდევ ეს! ეს არის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეიდი და ტერორი ლგბტ აქტივისტებზე წელს!” – წერს ბერიანიძე.

იურისტ ნინო ბოლქვაძის თქმით, დაკავებულია 10 ადამიანი, მათგან 7 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი,) და 173–ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. ხოლო სამი ადამიანი მხოლოდ 150–ე მუხლით დააკავეს. ბოლქვაძის თქმით, მათი ნაწილი საპატრიარქოს შენობის ღობის კედელზე, ნაწილი კი რუსთაველის გამზირზე წარწერების – “სიყვარული თანასწორია” – გაკეთების დროს დააკავეს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

წელს, 16 მაისს საქართველოში ლგბტი უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ  ჰომოფობიის დღის აღნიშვნას ვერ ახერხებენ, რადგანაც მათ პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი