საზოგადოება

რა წერია „ალტ-ინფოს“ კანონპროექტში გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

3 მაისი, 2023 •
რა წერია „ალტ-ინფოს“ კანონპროექტში გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ სატელიტებმა და სახელისუფლებო მედიამ დაიწყეს ნიადაგის მომზადება „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისთვის“, რაც რეალურად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს და შესაძლოა, მორიგი წინაღობა გახდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის. თუმცა ხელისუფლება ირწმუნება, რომ მსგავსი კანონპროექტის მიღებას არ განიხილავს.

მმართველმა გუნდმა ღიად დაუჭირა მხარი მომღერალ „უცნობის“ ორგანიზებულ აქციას, რომელზეც მოითხოვეს ჰომოფობიური შინაარსის კანონის მიღება „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ფრიდონ ინჯიამ მზადყოფნა გამოთქვა, აქციაზე გახმოვანებულ მოთხოვნებს კანონპროექტის სახე მისცეს და პარლამენტში ინიცირება მოახდინოს.

ამასთან, პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია მსგავსი კანონპროექტი 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით. კანონპროექტის ავტორები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა და ირაკლი მორგოშია — პრორუსული და ჰომოფობიურ „ალტ-ინფოს” წარმომადგენლები.

რა წერია „ალტ-ინფოს“ კანონპროექტში?

„ალტ-ინფომ“ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მოახდინა ინიცირება კანონპროექტების პაკეტისა, რომელიც ითვალისწინებს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს:

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად:

  • აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ ის მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს “სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას”;
  • აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ ის მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას;
  • ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია — დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით;
  • განმეორებითი დარღვევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთის 2 წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე ვადით.

განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

„არა მხოლოდ ევროკავშირის სამართალს ეწინააღმდეგება, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც, რადგან გამოხატვის თავისუფლების პრინციპი გულისხმობს, რომ გამოხატვა არ შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა ადამიანს აზრი არ მოსწონს“, — ამბობს საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი.

ბრაჭველის თქმით, მსგავსი კანონი დამანგრევლად აისახება ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და იქნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.

„ასეთი კანონპროექტის მიღება ნიშნავს შეკრების, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას ქვეყანაში და კრიტიკული ხმის გაქრობას. შესაბამისად, ასეთი კანონი იქნებოდა არაკონსტიტუციურიც და ევროპულ სამართალთან შეუსაბამოც“, — ამბობს ბრაჭველი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღებას როგორც სამართლებრივი, ისე პრაგმატული არგუმენტებიდან გამომდინარე.

თუმცა „ქართული ოცნება“ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების ინიციირებამდე რამდენიმე თვით ადრეც ირწმუნებოდა, რომ არასამთავრობოების დაფინანსების წყაროების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას არ გეგმავდა და მხოლოდ „მორალურად“ ავალდებულებდა მათ გამჭვირვალობას.

„ნიადაგი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის?“ — რა მიზანი აქვს NGO-ების დაფინანსებაზე კითხვებს

შესაბამისად, არასამთავრობო სექტორში არ გამორიცხავენ, „ალტ -ინფოს“ კანონპროექტი სხვანაირად „დაიბრენდოს“ და განსხვავებულ კანონპროექტად გაფორმდეს. აპრილში 140-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება და ხელისუფლება გააფრთხილა, რომ „ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება“.

„თუ არ მიიღებენ და განხილვასაც არ დაიწყებენ „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტის, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა ჩვენ ვემზადებით ყველა შესაძლო განვითარებისთვის“, — ამბობს საბა ბრაჭველი.

ლგბტ+ თემი და მათი უფლებადამცველები საქართველოში სრულყოფილად ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის უფლებით, მათ შორის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. 2021 წლის 5 ივლისს სწორედ „ალტ-ინფო“ იყო ორგანიზატორი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციისა, სადაც აქტივისტებს და ჟურნალისტებს სცემეს. მათ შორის იძალადეს ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნის გასაჯაროებული ნაწილის მიხედვით, ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა. ექსპერტიზის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა როლი ითამაშა გარდაცვალებაში რამდენიმე დღით ადრე სასტიკმა ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ.

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რა დროსაც ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი