საზოგადოება

ღარიბაშვილი „ლგბტ პროპაგანდის“ კანონით დარეგულირებაზე საუბრობს

30 ივნისი, 2023 • 2400
ღარიბაშვილი „ლგბტ პროპაგანდის“ კანონით დარეგულირებაზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნდა გაიხსნას დებატები და ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რა პოზიცია აქვს „ლგბტ პროპაგანდაზე“. ღარიბაშვილი საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას არ გამორიცხავს.

პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროპაში და ამერიკაში „ლგბტ პროპაგანდა“ ბაღებსა და სკოლებში შევიდა, რაც მიუღებელია. ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოში „ამორალური კამპანია“ აწარმოა „მაკდონალდსმა“ და გააკრიტიკა გამომცემლობა სულაკაურის წიგნი.

„ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა. ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც. მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება დებატების გახსნა და საერთო კონსენსუსი“, — თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელს მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი ვიზალიბერალიზაციის გეგმის მოთხოვნის საპასუხოდ, პარალელურად თავად გამოვიდა ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრის ინიციატივით.

„ეს გავაკეთეთ, რომ დაგვეზღვია ყველა შესაძლო რისკი. მაგალითად, თამარ კორძაია რომ გახდეს შემდეგ პრემიერ-მინისტრი, შეიძლება მოეთხოვა ქორწინების დეფინიციის გაუქმება ან ამ პროპაგანდის დაშვება სკოლებში და ბაღებში… საგანგაშო ტენდენციაა საფრანგეთში, ახალგაზრდების 22% აცხადებს თავს ლგბტ-დ. მიუღებელია. მაგალითად, ფაქტი იყო, მაკდონალდსში როგორი კამპანია დაიწყეს. ასევე მიუღებელია სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთ წიგნში იყო, ვფიქრობ, საგანგაშო ფაქტი და საზოგადოების რეაქცია იყო მძაფრი. ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება და მოწესრიგება. რადგან დაისვა უკვე ღიად, ხელისუფლებას მოგვიწევს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ” დასავლეთში არსებულ “ლგბტ პროპაგანდაზე” რიტორიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურა, რაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გაიზარდა ხელისუფლების კრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და უკრაინაში ომზე ოფიციალური თბილისის პოზიციონირების გამო.

“ქართული ოცნება” წარსულში ხშირად ამაყობდა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით და უვიზო მიმოსვლის შეთანხმებით, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიიღეს. ახლა კი მმართველი პარტიიდან მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თითქოს არსებობს “ლგბტ პროპაგანდა”, რომელსაც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია და ამის საილუსტრაციოდ მანიპულაციურად მოჰყავთ უცხოეთში ჩატარებული კვლევები, რომელთა მიხედვითაც გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემის წევრად.

რეალურად კი არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

კვლევებში, რომელიც ამბობს, რომ მოიმატა მათმა რაოდენობამ, ვინც თავს ქვიარად აიდენტიფიცირებს, ვერ ნახავთ მტკიცებას, რომ თვითიდენტიფიკაციის ზრდა ავტომატურად ნიშნავს ლგბტ თემის წევრთა რაოდენობის ზრდას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლგბტ თემის წევრად თვითიდენტიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი დიდი ალბათობით დაკავშირებულია ქვიარ ადამიანების მზარდ კულტურულ მიმღებლობასთან საზოგადოების მხრიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დაშვებით ქვიარების რაოდენობა კი არ გაიზარდა, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მზადაა, ღიად ისაუბროს საკუთარი თავის შესახებ, ანუ ქვიარ ადამიანი მეგობრულ გარემოში უფრო მეტადაა მზად განაცხადოს საკუთარი იდენტობის შესახებ, ვიდრე მტრული განწყობის მქონე საზოგადოებაში.

“[Gen Z თაობის წარმომადგენლები] გაიზარდნენ კულტურაში, სადაც ლგბტ თემის წევრობა იყო ნორმალური [ფაქტი] და არა ისეთი რამ, რისიც ადამიანებს უნდა რცხვენოდეთ და მის დამალვას შეეცადონ…

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დისკრიმინაცია, მაგრამ ეს არ არის ისეთი, როგორიც იყო [იმ დროს], როცა უფროსი თაობები იზრდებოდნენ… იცვლება ქცევები და დამოკიდებულებები, ასევე იცვლება მოსახლეობაც”, — ამბობს გელაპის უფროსი რედაქტორი ჯეფრი ჯონსი Washington Post-თან.

ამ თემაზე:

ღარიბაშვილი, რომელიც შვილს სასწავლებლად აშშ-ში უშვებს, უცხოელ ახალგაზრდებში საგანგაშო “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი