ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: დღეს ნაციონალური მოძრაობა მართვის სტილით ბურჯანაძე-დემოკრატებია

5 მაისი, 2016 • 2099
გიორგი ვაშაძე: დღეს ნაციონალური მოძრაობა მართვის სტილით ბურჯანაძე-დემოკრატებია

ნეტგაზეთის შეკითხვებს პასუხობს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე, რომელმაც პარტია დღეს, 5 მაისს დატოვა და ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება დააანონსა.

თქვენს ბრალდებას დახურული, კაბინეტური მმართველობის სტილის შესახებ პარტიაში კონტრბრალდებით უპასუხეს იმის შესახებ, რომ თქვენ საარჩევნო სიის ათეულში ითხოვდით ადგილს, რომ ლიდერის სტატუსი გსურდათ და განაწყენდით, როდესაც ამაზე უარი მიიღეთ პოლიტსაბჭოსაგან.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აბსოლუტურად სხვაგან არიან. ნამდვილად არ ვაპირებ ამ [ბრალდებაზე] კომენტარის გაკეთებას. ფაქტი ისაა, რომ ისინი საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რაშია რეალური პრობლემა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული.

რაც შეეხება ჩემს მთავარ მიზანს: ეს არის ის, რომ საქართველოს ახალი პოლიტიკური კლასი სჭირდება. მთლიანად უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ალპობს ამ ქვეყანას. საქართველოს სჭირდება სიახლე და პერსპექტივა. ის, რაც ხდება ნაციონალური მოძრაობის კაბინეტურ მმართველობაში, ხელს უწყობს ივანიშვილის მმართველობის გაგრძელებას ამ ქვეყანაში.

ის, რომ საარჩევნო სიის გამო მოხდა დაპირისპირება თქვენსა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის, ტყუილია?

ფასადური განახლება სიაში ახალი ადამიანების მოხვედრით პროცესს ვერ შეცვლის. ესაა ჩემი პოზიცია. თუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მე საარჩევნო სიაში ადგილი არ მქონდა, კი, ბატონო, იფიქრეთ ამაზე.

საარჩევნო სიის პირველ ათეულზეა ლაპარაკი.

რა მნიშვნელობა აქვს?! ათეული, ოცეული, ოცდაათეული. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე პარლამენტში მოხვედრის გარანტირებული ადგილი არ მქონდა, კი, ბატონო. მე მივდივარ ჩემს პერსონალურ რისკზე და უარს ვამბობ ამ სკამზე. სკამი არ მაინტერესებს. თბილი სკამები ამ ქვეყანას ვერ შეცვლის. ამ ქვეყანას შეცვლის ახალი პოლიტიკური კლასი: ჯგუფები, ადამიანები, ვინც მონდომებული არიან და გულწრფელად უნდათ ცვლილებები ამ ქვეყანაში.

თქვენ დღევანდელ განცხადებაში არაფერი გითქვამთ მიხეილ სააკაშვილზე, თუმცა, სამაგიეროდ, მან გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ დროდადრო პარტიის წევრების ხმაურიანი გასვლა საპარლამენტო ფრაქციიდან ბიძინა ივანიშვილის თამაშია. რას უპასუხებდით?

ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილთან და მის ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიო გზავნილები მქონდა ამაზე ჩემს დღევანდელ განცხადებაშიც. ჩემი მთავარი მიზანია ამ ადამიანის საქართველოდან მოშორება. ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის დამღუპველი: არაფორმალური მმართველობა და ჯიბის მთავრობა, რომელიც ქვეყანაში გვყავს. ესაა ჩემი კომენტარი მაგ საკითხზე.

უშუალოდ სააკაშვილზე, რომელმაც ეს განაცხადა?

მე მგონი, გაგეცით პასუხი.

არ იყო მისი ეს განცხადება საწყენი თქვენთვის? პრაქტიკულად, “ღალატში” დაგდოთ ბრალი.

ყველას აქვს თავისი განცხადების გაკეთების უფლება. ესაა ჩემი პასუხი.

თუ შეგიძლიათ, რომ საზოგადოებას უფრო კონკრეტულად აღუწეროთ ის პროცესი, რამაც, საბოლოო ჯამში, მიგაღებინათ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება. მე გთხოვთ, რომ გვითხრათ კონკრეტული მაგალითები, რამაც თქვენ დაგარწმუნათ იმაში, რომ სახეზე გვაქვს დახურული, კაბინეტური მმართველობის სისტემა…

3,5-წელია არაერთხელ მაქვს გაკეთებული კომენტარი, რომ ვარ მანამ, სანამ ენმ-ის ტრანსფორმაციის მჯერა. დღეს ნაციონალური მოძრაობა კი არა, ეს არის, ფაქტობრივად, ბურჯანაძე-დემოკრატები, ძველი სტილით მართული სისტემა. ამის ტრანსფორმაციის მიზეზი აღარ არსებობს და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. პირველად გესმით, რომ პრობლემებია, არ მომწონს მართვის მექანიზმები და სისტემა, რომელიც არსებობს-მეთქი. მე არაერთხელ განმიცხადებია საჯაროდ ამის შესახებ. არასდროს დამიმალავს ჩემი პოზიცია. შიგნითაც მქონია ძალიან ცხარე დისკუსია. აქედან გამომდინარე ჩემი განცხადება. ნაციონალური მოძრაობის არც ერთ წევრს და აქტიურ მხარდამჭერს, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ნამდვილად არ უკვირს. ახალი არაფერი მითქვამს. ამას ყოველთვის ვამბობდი.

კონკრეტულად რას ბლოკავდნენ? რაში გეშლებოდათ ხელი? თქვენ იყავით ენმ-ის სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივანი ანუ განახლების საკითხი უშუალოდ შედიოდა თქვენს კომპეტენციაში.

მე არაერთხელ მაქვს ენმ-ში წარდგენილი განახლების სტრატეგია, ხედვები. თუნდაც ის პრაიმერები, რომელიც რის ვაი-ვაგლახით გაკეთდა ენმ-ში, ჩემი ინიცირებულია… შიდა პარტიული დემოკრატიაც [ჩემი ინიცირებულია], მაგრამ ყოველთვის ამ პროცესებს თან სდევდა ხელის შეშლა, მაქსიმალური ხელოვნური ჩარევები, რაც ყველაფერს ფასადურად აქცევდა ხოლმე. ვერ შედგა ეს პროცესი. ეს არის ფაქტი. ჩემი ბოლო ხედვა გასული წლის სექტემბერში მაქვს გაგზავნილი. ძალიან დეტალური გეგმა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სრული განახლებისა და ახალი პროცესების დაწყებისთვის. მე ფასადის შეცვლა განახლებად არ მგონია. განახლება არის შინაარსობრივი შეცვლა. ვიღაცისთვის პარტიული ვერტიკალია გადამწყვეტი, ჩემთვის ჰორიზონტალური მმართველობაა მნიშვნელოვანი.

უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ?

რამდენი ადამიანი ათასი ინიციატივით გამოდიოდნენ ხოლმე და თუ ვიღაცასთან შეთანხმებული არ არის, ამ ადამიანებს პრობლემებს უქმნიდნენ.

მაგალითად?

ძალიან ბევრია ასეთი, თუნდაც ახალგაზრდების ჯგუფი და ასე შემდეგ… ჩემთვის ეს წარსულია. ხვალიდნელ დღესა და სრულიად ახალ სისტემებზე ვიწყებ მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. საქართველოს  არნახული პერსპექტივა აქვს. ამას აუცილებლად გავაკეთებთ იმ ახალგაზრდულ ენერგიასთან ერთად, რომელიც ქვეყანაში თუხთუხებს და ჩვენ გასაქანი უნდა მივცეთ.

კონკრეტულად რა იდეები იბლოკებდა?

აღარ მაინტერესებს. არ გპასუხობთ. ათჯერ გიპასუხეთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით: მოვიკლათ წარსულ დღეებზე დარდი. ახლა [მნიშვნელოვანია] მომავალი, გამარჯვება, ქვეყნის განვითარება, გაჭირვების დამარცხება, ადამიანების ჩართულობა ამ პროცესში… ამას გავაკეთებ, საერთოდ არ მაინტერესებს შიდა პატარ-პატარა კინკლაობა და, მე მგონი, არც თქვენთვის არაა საინტერესო. ახლა მთავარია მომავალი, დასრულდა წარსული.

თუ დიდი ხანია მიხვდით, რომ ეს განახლების პროცესი არ მოგწონთ, რატომ არ მიიღეთ უფრო ადრე ეს გადაწყვეტილება…

მე ახლა საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არ გამოდის, რას ნიშნავს დიდი ხანია მივხვდი?! დიდი ხანია ვიბრძვი. ახლა გადავწყვიტე, რომ ახალი პროცესია დასაწყები და ამას ვაკეთებ.

ეს თარიღი, როცა თქვენ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ, ემთხვევა ენმ-ის საარჩევნო სიის ფორმირების საკითხს. მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტეთ?

[გადაწყვეტილება] მივიღე იმიტომ, რომ ფუნდამენტური ცვლილება არ მოხდა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამის რესურსი ამოწურულია ნაციონალური მოძრაობის შიგნით.

ანუ, საბოლოო ჯამში, მაინც უკავშირდება სიას ეს ამბავი?

რატომ უკავშირდება სიას, მითხარით? თუ გინდა, ყველაფერს უკავშირდებოდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ძალიან მარტივი საკითხია: თქვენი აზრით, პერსონალურად არ ვრისკავ? პოლიტიკაში რისკზე მიდვივარ თუ არა, ვამბობ თუ არა [პარლამენტში] გარანტირებულ ადგილზე უარს?

ამ გარანტირებულ ადგილთან დაკავშირებით ირმა ნადირაშვილს ჰქონდა ფეისბუკზე პოსტი, რომ სიაში გარანტირებული ადგილი არ გქონდათ…

ირმა ნადირაშვილს მე საერთოდ არ გავცემ პასუხს. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა დასცინეს იმ [პოსტზე].

ხომ არ აპირებთ, რომ დატოვოთ საპარლამენტო მანდატი, რომელიც ენმ-ის სახელით გაქვთ მოპოვებული?

არა, მე ასეთ რამეს ჯერჯერობით არ განვიხილავ.

გამორიცხავთ თუ არა რომელიმე პარტიასთან ერთად გასვლას არჩევნებზე?

მე არც ერთ პარტიაში შესვლას არ ვაპირებ. ვაფუძნებ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ათასობით და ათიათასობით ადამიანთან ერთად.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ?

აუცილებლად.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ირგვლივ შემოიკრებთ. საიდან მოვლენ ისინი და ვინ იქნებიან?

თქვენ გგონიათ, რომ საქართველოში კადრები არ არის?! საქართველოში არიან უნიჭიერესი ადამიანები, რომლებსაც გასაქნი უნდა მისცე.

არასამთავრობო სექტორში გულისხმობთ თუ სად?

აბსოლუტურად ყველგან. ჯერ შეიძლება პირადადაც არ ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც ამ ჯგუფში იქნება. ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო. მე მაქვს გეგმა და სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოვიდნენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში.

რაც შეეხება ფინანსებს?

ჩვენ დავაფუძნებთ დაფინანსების ახალ სისტემას, მათ შორის პოლიტიკაში. არც ერთ მსხვილ ბიზნესმენთან ჩვენ გარიგება არ გვექნება, გვექნება პროექტული დაფინანსება. ვისაც აინტერესებს, ფულს და ინვესტიციას დებს, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს. ე.წ. CrowdFunding.  არც მილიონები არ ჯდება [არჩევნები]. მილიონები არჩევნები იმას უჯდება, ვინც პარტიულ ვერტიკალს აწყობს, როცა ადამიანები თავისთვის კი არ იბრძვიან, არამედ სხვისთვის. მე სულ სხვა სტრატეგიის ჩადებას ვაპირებ ამ პროცესში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი