ახალი ამბები

მედია, პატიმართა უფლებები და ოჯახში ძალადობა – საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

15 აპრილი, 2016 • 1400
მედია, პატიმართა უფლებები და ოჯახში ძალადობა – საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი.

სხვა საკითხებთან ერთად ანგარიშში მიმოხილულია მდგომარეობა შრომითი უფლებების, ქალთა მიმართ ძალადობის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარების,  ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ფართოდ არის მიმოხილული რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესები.

“მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო სამართლებრივი დავა ორ კერძო მხარეს შორის, ქვედა ინსტანციის სასამართლოს ქმედებებში ბევრმა დაინახა, როგორც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. ტელევიზია ხშირად ავლენდა ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ თანაგრძნობას,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში შევიდა ის ფაქტიც, რომ 2015 წელს პარლამენტმა ვერ მოახერხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების დანიშვნა, რამაც, ანგარიშის თანახმად, გააძლიერა შეშფოთება, რომ არსებობს ბორდის წევრების შერჩევის პროცესის პოლიტიზების სურვილი, რაც ხელს შეუშლის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიასა და რადიოს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

ასევე, ანგარიშის “ცენზურისა და კონტენტის შეზღუდვის” თავში  შევიდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ეკა მიშველაძის, ხოლო ტელეკომპანია იმედიდან – ინგა გროგოლიას დათხოვნა და ამავე არხებზე მათი საავტორო ტოქ-შოუების დახურვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია პრესისა და ინტერნეტის თავისუფლებაზეც და აღნიშნულია, რომ 2015 წელს ტელევიზია იყო ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო საშუალება და ინფორმაციის მთავარი წყარო – მოსახლეობის 85% ინფორმაციას სწორედ ტელევიზიების მეშვეობით იღებს. აქვე ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარი ტელევიზიები ამჟღავნებდნენ პოლიტიკურ მიკერძოებულობას, თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე წინა წლებში. ასევე, მთავრობის წევრები აკრიტიკებდნენ ტელევიზიებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ამბობს, რომ გაუმჯობესებულია ვითარება ტელევიზიების მფლობელებისა და ფინანსების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის კუთხით.

რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონების გარდა, 2015 წელს ინტერნეტის ხელმისაწვდომობა არ შეფერხებულა და ონლაინ-კონტენტის ცენზურა არ მომხდარა.

სახელმწიფო დეპარლამენტის ანგარიშში ასევე საუბარია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ციხეებში არსებულ ვითარებაზეც. როგორც ანგარიშში ვკითხულიბთ, 2012 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ხელისუფლება არ არის მონდომებული, გამოიძიოს პენიტენციურ სისტემაში მომუშავე პირებისა და პოლიციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

ანგარიშში მოყვანილია ინფორმაცია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშიდან, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას 14 რეკომენდაცია გაუგზავნა პატიმრების მიმართ შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევების გამოძების შესახებ. თუმცა რეკომენდაციებზე პასუხი ამ მიუღია და ომბუდსმენი პროკურატურის მუშაობას ამ მიმართულებით არაეფექტურად აფასებს. 2014 წლის დეკმბერში ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CTP) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კი გამოთქმულია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გამოძიებას იმავე უწყების სხვა თანამშრომლები აწარმოებენ. CTP ყურადღებას ამახვილებს იმ შეფერხებებსა და ხარვეზებზეც, რომლებიც მტკიცებულებებისა და სხვა დოკუმენტების, მონაცემების შეგროვებას უკავშირდება, ასევე საუბრობს მოწმეთა დაკითხვის წესის წარუმატებლობასა  და გამოძების დაწყების პროცედურების სისხლის სამართლის კოდექსთან შეუსაბამობების ფაქტებზეც.

“CPT-ის დაკვირვებით, მთავარი პროკურატურა იწყებს გამოძიებას მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებიც მედიის, ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ციხის თანამშრომლების მიმართ 763 გამოძიება დაიწყო. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა საყვედურის 38, სასტიკი საყვედურის 4, გაფრთხილების – 13, მხილების 82 და დათხოვნის 12 აქტი გამოსცა. სამინისტროსვე ინფორმაციით, ციხის თანამშრომლების უმეტესობა შეიცვალა. ეს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიაცია საია-მ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები სათანადოდ არ არ იქნა გამოძიებული და შეფერხებით მიმდინარეობდა ადამიანების მსხვერპლად ცნობის პროცესი. 2015 წლის განმავლობაში სასამართლომ ციხის 4 თანამშრომელი გაასამართლა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში, ასევე წინასწარი დაკავების საკნებში ცუდი პირობები იყო. ახლად აშენებულ და განახლებულ საპყრობილეებში არსებული პირობები აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა, ზოგიერთ ძველ დაწესებულებაში ადამიანისთვის საჭირო პირობები არ იყო. კერძოდ, დაწესებულებას არ ჰქონდა საკმარისი ვენტილაცია, ბუნებრივი შუქი და ადეკვატური ჯანდაცვა. ზოგიერთ საკანში, რომელიც რამდენიმე პატიმრისთვის არის გათვლილი, არ არის ერთი ადამიანისთვის საჭირო საკმარისი ფართობი.

რაც შეეხება ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “ადამიანის უფლებათა ცენტრის” მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ქალი პატიმრები ზოგიერთ დაწესებულებაში ვერ იღებენ შესაბამისი რაოდენობის ჰიგიენის ნივთებს. არასრულწლოვნების ციხე არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების მიხედვით. ცენტრის განცხადებით, ქალ და არასრულწლოვან პატიმრებს არა აქვთ სათანადო წვდომა იურიდიულ დახმარებაზე, რომ მოამზადონ სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტი, საჩივრები  ან მიმართვები ვადამდელ გათავისუფლებასთან, ან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, აქ არსებული საპყრობილეების მდგომარეობა არ შეესაბამება სტანდარტებს.

ანგარიში ეხება  საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ დევნას- ანგარიშში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ წარდგენილი ბრალისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ არის საუბარი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტი საუბრობს ბრალდებულების დაკავების შესახებ და იმოწმებს საქართველოს სისხლისს სამართლის საპროცესო კოდექსს, რომლის თანახმადაც, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ბრალდებული არ გამოცხადდეს სასამართლოში, გაანადგუროს მტკიცებულებები ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.  ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტ საია-ს დასკვნაზე მიუთითებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დაკავებების უმეტესობა მოხდა “გადაუდებელი აუცილებლობის” შესახებ ორდერის გარეშე, შემდგომში კი სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილება ბრალდებულების დაკავების შესახებ თითქმის ყველა შემთხვევაში დააკმაყოფილა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, კვლავ მნიშვლელოვან პრობლემად რჩება ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა. შსს-ს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის შედეგად 2015 წელს 7 ქალი მოკლეს. სახალხო დამცველის მომაცემებით კი, 24 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ქალთა მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის შემთხვევებზე.

გარდა ამისა, ანგარიშში მოყვანილია, რომ გაზრდილია გაუპატიურების შემთხვევები – 2015 წელს 54 შემთხვევა დაფიქსირსდა, 2014-ში კი – 33

მასალების გადაბეჭდვის წესი