ახალი ამბები

ექნება თუ არა რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ბედნიერი დასასრული? – სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი

24 აპრილი, 2024 • 3294
ექნება თუ არა რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ბედნიერი დასასრული? – სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა უპასუხა რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე მასობრივ პროტესტზე და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე დასმულ კითხვას.

23 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პატელი აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას. მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ ინიციირებული კანონპროექტი შეუსაბამოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრებისკენ ისწრაფვის.

“იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია საკუთარ კონტრაქციას აანონსებს, აკავებენ პროტესტის მონაწილეებს, ეკეკლუცებიან პრორუსულ კონსერვატორულ ჯგუფებს, ხედავთ თუ არა ამ მოვლენებში ბედნიერ დასასრულს?” — ჰკითხეს პატელს.

პატელი დასმულ კითხვას პასუხობს, რომ აშშ ცალსახად მხარს უჭერს ხალხის მშვიდობიანი პროტესტისა და დემონსტრაციის უფლებას.

“რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალშიც მოვუწოდებთ, რომ პროტესტი დარჩეს მშვიდობიანი. რასაკვირველია, დავგმობთ ნებისმიერ გადახვევას მსგავსი პროტესტიდან ძალადობრივი ქმედებებისკენ.

თუმცა ეს ყველაფერი ეხება კანონპროექტს, რომელზეც უკვე გვისაუბრია. კვლავაც ვიმეორებ, რომ მსგავსი საკანონმდებლო აქტივობა ძალიან პრობლემურია და შეუსაბამო ევროკავშირისკენ მისწრაფების მქონე ქვეყნისთვის. ხაზი გავუსვათ, რომ ესაა კანონპროექტი, რომელიც სამიზნედ ხდის მედიას, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ა.შ.” ,- ამბობს ვედანტ პატელი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაქვეყნა 2023 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ. ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს, რომელიც გასული წლის მარტში იმართებოდა, ასევე განხილულია საპროტესტო აქციების არაპროპორციულად დაშლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეუსაბამოდ გამოყენების ფაქტები.


პარლამენტის 83-მა დეპუტატმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი, რომელიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

ამავე თემაზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი