ახალი ამბები

აშშ რუსულ კანონზე მესამე განცხადებას ავრცელებს

5 აპრილი, 2024 • 1113
აშშ რუსულ კანონზე მესამე განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე, რომლის ინიცირებაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელახლა მოახდინა, მესამე განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აღნიშნავს, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია ამ კანონპროექტით და ეს შეშფოთება ნათლად აუხსნეს საქართველოს მთავრობას:

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომელიც ეფუძნება გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა.

ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად გამოვხატეთ საქართველოს მთავრობასთან“, — ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი.

რა ხდება?

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი