საზოგადოება

C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატი “ჰარვონი” საქართველოშია

16 თებერვალი, 2016 • 8190
C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატი “ჰარვონი” საქართველოშია

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის  მედიკამენტი „ჰარვონი“ უკვე საქართველოშია. “ჰარვონი”ძვირადღირებული მედიკამენტია და იგი “სოფოსბუვირის” მსგავსად კომპანია „გილეადმა“ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა.

“ჰარვონი” ორი პრეპარატის – “სოფოსბუვირისა” და “ლედიპასვირის” კომბინაცია, რომელიც, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. კერძოდ, განსხვავებით სოფოსბუვირისგან, მას გამონაკლისი შემთხვევების გარდა კომბინირებული მკურნალობა სხვა მედიკამენტებთან ერთად ნაკლებად ესაჭიროება. ასევე, სამინისტროს ცნობით, შემცირებულია იმ მედიკამენტების რაოდენობაც, რომელიც კომბინირებული მკურნალობის დროს გამოიყენება.

ამ დროისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ამ დრომდე რეგისტრირებულია 6 571 პაციენტი; მკურნალობის კურსი კი წარმატებით 3200-მა პაციენტმა გაიარა.

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს, 16 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის პაციენტები, რომლებიც უკვე გადიან მკურნალობას “სოვალდით” (სოფოსბუვირით), “ჰარვონზე” არ გადაიყვანენ. იგი პაციენტებს მოუწოდებს, რომ სოვალდით მკურნალობა არ შეწყვიტონ.

“ხაზგასმულად და ცალსახად მინდა ვთხოვო ყველა პაციენტს, ვინც ახლა გადის მკურბალობას “სოვალდით”, რომ არავითარ შემთხვევაში მკურნალობა არ შეწყვიტონ იმის იმედით, რომ გადაერთვებიან “ჰარვონიზე”. ამის შესაძლებლობა მათ არ ექნებათ. “სოვალდით” მკურნალობის შეწყვეტა არის კატასტროფულად მაღალი რისკი და ხაზგასმულად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მათ ვერ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თვითნებურად მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში დავუწყოთ მკურნალობა “ჰარვონით”.  ეს არის გამორიცხული,”– აცხადებს სერგეენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი