საზოგადოება

ფასიანი გაკვეთილები საჯარო სკოლებში

15 დეკემბერი, 2010 • 1581
ფასიანი გაკვეთილები საჯარო სკოლებში

თუ მშობელი ჩათვლის, რომ მისი შვილისთვის სკოლაში მიღებული ცოდნა არასაკმარისია და გადაწყვეტს, კერძო მასწავლებელი აიყვანოს, ამის გაკეთებას ის  სკოლიდან გაუსვლელად შეძლებს. სკოლა მას დამატებით ფასიან სწავლებას შეთავაზებს.

თავის დროზე პედაგოგებს თავიანთი მოსწავლეების მომზადება იმიტომ აეკრძალათ, რომ ეს სასკოლო პროცესს არაეფექტურს ხდიდა. არგუმენტები ასეთი იყო: ხშირ შემთხვევაში მასწავლებელი შეგნებულად არ ასწავლიდა ბავშვებს საკმარისად, რათა დამატებით სწავლებაზე ინტერესი გაჩენილიყო. შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეს დამატებითი გაკვეთილის ჩატარებას სთავაზობდა და გაკვეთილის სანაცვლოდ თანხაზე უთანხმდებოდა.

მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ კანონში ჩადო ნორმა, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელს თავისი მოსწავლისთვის დამატებითი გაკვეთილის ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ უფასოდ შეეძლო.

ამჯერად სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მასწავლებელს თავისი სკოლის მოსწავლის მომზადების შანსი არც ერთ შემთხვევაში აღარ მისცეს და ამავე დროს საჯარო სკოლებში ეროვნული გეგმებით გათვალისწინებული საგნების დამატებითი, ფასიანი სწავლებაც დაუშვას.

ცვლილების შეტანა ზოგადი განათლების შესახებ კანონშია გათვალისწინებული. კერძოდ, ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონის 33–ე მუხლის მესამე პუნქტში აისახება.

ცვლილების შედეგად, მასწავლებლებს დამატებითი გაკვეთილების ჩატარება კანონით მხოლოდ თავიანთ სკოლებში აეკრძალებათ, მათ ამის შესაძლებლობა სხვა სკოლებში მიეცემათ: დამატებითი გაკვეთილების ჩატარება არასავალდებულოა და ეს სკოლას მხოლოდ მშობლებთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს. დამატებითი გაკვეთილების ჩასატარებლად კი ამა თუ იმ სკოლის ადმინისტრაციამ სხვა სკოლის მასწავლებელი უნდა მიიწვიოს.

კანონპროექტით, ასეთი გაკვეთილების ჩატარება არ უნდა მოხდეს სასწავლო  პროცესის მიმდინარეობის დროს და ამ მომსახურებას საგაკვეთილო სახე არ უნდა ჰქონდეს.

პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი ამბობს, რომ ცვლილებას ორი მიზანი აქვს; ერთი, რომ ამით შემოსავალის მიღების კიდევ ერთი წყარო გაუჩნდებათ სკოლებს და მეორე, სკოლებს იმის ლეგალურად გაკეთების საშუალება მიეცემათ, რასაც, გაბაშვილის თქმით, ისედაც აკეთებდნენ.

მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სკოლას მოსწავლეებისთვის დამატებითი, სააღმზრდელო ფასიანი მომსახურების გაწევის უფლება  მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ეს მომსახურება ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგნების სწავლებას გულისხმობს. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების დამატებითი სწავლება კი სკოლამ მოსწავლეს მხოლოდ უფასოდ შეუძლია შესთავაზოს.

მსგავსი საკანონმდებლო შეზღუდვის მიუხედავად, გაბაშვილის თქმით, სკოლები მაინც ახერხებდნენ სხვადასხვა გზით ფასიანი დამატებითი გაკვეთილების ჩატარებას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში: ამის დასაფარად ცვლიდნენ კურსის სახელს. მაგალითად, ასეთ დამატებით კურსისთვის შეიძლება დაერქმიათ ფიზიკის გასართობი გაკვეთილები. საჯარო სკოლები იჯარით გასცემდნენ ფართს კერძო პირზე, რომელიც ასეთი კურსის ჩატარების ორგანიზებას აკეთებდა.

,,ვინც ამას ისედაც აკეთებდა, ამიერიდან ლეგალურად გააკეთებს. თუ შენ იძულებული ხარ, რომ ეს არალეგალურად აკეთო და დაარქვა მათემატიკის დამატებით სწავლებას სხვა სახელი და სინამდვილეში მათემატიკა ასწავლო, რატომ უნდა იყო არალეგალურ მდგომარეობაში?! გამოხვალ ამ არალეგალური მდგომარეობიდან და გააკეთებ ჩვეულებრივად ამას. შენი შეზღუდვა იქნება ის, რომ არ გააკეთო ეს შენი რესურსის გამოყენებით’’, – ამბობს გაბაშვილი.

კანონით დაშვებული ყველა ნორმის გამოყენებას არ აპირებს თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია. მისი აზრით, სკოლას არ უნდა დასჭირდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში დამატებითი სწავლების ჩატარება.

,,სკოლა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თვითონ ახერხებდეს იმას, რა ფუნქციაც მან უნდა შეასრულოს. გარედან დამატებით მასწავლებლები მოვიწვიო, რომ ქართული ვასწავლო ჩემს ბავშვებს, რაც ისედაც უნდა ვასწავლო, არ მგონია, რომ დიდი აუცილებლობა იყოს ამისი. თუ დავინახე, რომ ბავშვებს დამატებითი გაკვეთილების ჩატარება დასჭირდებათ, მაშინ მე მასწავლებლებს გამოვცვლი ამ კლასებში’’, – ამბობს მურღულია.

თბილისის 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი კაშია საკანონმდებლო ცვლილებას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს სკოლის საჭიროება არ უნდა იყოს, რადგან სკოლას ამ გაკვეთილების ჩატარების და სწავლების ფუნქცია ისედაც აქვს. კაშია ამბობს, რომ თუ დამატებითი მომსახურების მოთხოვნა მშობლებისგან იქნება, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მათი სურვილის განხორციელებას.

,,თუ მშობელი დაინახავს დამატებითი გაკვეთილების საჭიროებას და თანახმაა ანაზღაურება გასცეს, ამაში მას ხელი არ უნდა შეეშალოს, სკოლამ უარი არ უნდა უთხრას’’, – განმარტა 53-ე სკოლის დირექტორმა.

ამ ცვლილებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია სკოლის ძირითადი ფუნქციისთვის ძირის გამოთხრად აფასებს.

,,თუ ცუდი მასწავლებელი გყავს ძირითად ნაწილში,  იმის ნაცვლად, რომ ამ მასწავლებლის შეცვლაზე იზრუნო, მოგყავს მეორე მასწავლებელი, რომელიც სკოლას კი არ ემსახურება, არამედ იმას, ვინც ფულს იხდის. ჩემი აზრით, ეს არ შეიძლება’’, – განმარტავს ჯანაშია. მისივე თქმით, სისტემის გაუმჯობესებისთვის სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ გზების გააქტიურებაზე, რომლებიც საგანამანათლებლო პროცესში  უკეთესი მასწავლებლის ჩართავს უზრუნველყოფენ.

,,ცვლილება ხაზს უსვამს იმას, რომ არაეფექტურია სასკოლო სისტემა. სკოლა ვერ აუმჯობესებს საკუთარ პროცესს ყველასთვის, აუმჯობესებს მხოლოდ მისთვის, ვინც ფულს გადაიხდის’’, – ამბობს ჯანაშია.

გიორგი გაბაშვილს გამოთვლილი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ასეთი დაშვებით სკოლა იმაზე მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე ფართის იჯარით გაცემისას იღებენ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა ორჯერ უკვე განიხილა. მესამე მოსმენა და კანონპროექტის დამტკიცება, სავარაუდოდ, ამ კვირაში დაგეგმილ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი