საზოგადოება

მაწონი პარკინსონის პრევენციისთვის – ქართველი მეცნიერის აღმოჩენა

8 დეკემბერი, 2014 • • 4749
მაწონი პარკინსონის პრევენციისთვის – ქართველი მეცნიერის აღმოჩენა

განათლებით ბიოქიმიკოსი თეიმურაზ კურცხალია საქართველოდან 1983 წელს გერმანიაში წავიდა. საქმიანობა ჯერ მოლეკულური ბიოლოგიის განხრით დაიწყო, მერე – უჯრედის ბიოლოგიას იკვლევდა – რა ამოძრავებს უჯრედს? როგორ ურთიერთობს ერთი უჯრედი მეორესთან? როდის კვდება? როდის იკლავს თავს და ა.შ. მეცნიერის შემდეგი საქმიანობა კი სისტემურ ბიოლოგიას უკავშირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის რეაქციებს გარემო ფაქტორებზე მოლეკულების დონეზე სწავლობდა.

 

ცნობილია, რომ პარკინსონის დაავადება დაკავშირებულია რამდენიმე გენის გამოთიშვასთან, ანუ მუტაციასთან. 2014 წლის აგვისტოში Max Planck-ის აღნიშნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც თეიმურაზ კურცხალიამ და მისმა ჯგუფმა დაადგინეს, რომ უჯრედისთვის გარკვეული ნივთიერების დამატებით ამ ნაკლის გამოსწორება შეიძლება – ამ დროს თავის ტვინში იმ ნეირონების გადაგვარება ფერხდება, რომელიც პარკინსონის დროს ზიანდება და რომელიც უჯრედის სიკვდილს იწვევს.

 

ამ მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ნივთიერება, რომლის დამატებით პარკინსონის გამომწვევი დაზიანებული უჯრედები შეიძლება აღდგეს, დიდი რაოდენობით არსებობს საკვებ პროდუქტში – მაწონში და ზოგიერთ მკვახე ხილში. თუმცა, როგორც ირკვევა, ნებისმიერი მაწონი არ შეიცავს რძის მჟავის იმ ნაირსახეობას, რომელიც დაზიანებულ უჯრედებს აჯანმრთელებს.

 

მკვლევარებმა მაქს პლანკის ამ ინსტიტუტის ლაბორატორიიდან საქართველოში წარმოებული ექვსი დასახელების მაწვნის სინჯი შეამოწმეს და ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება მხოლოდ სვანეთში წარმოებულ მაწონში აღმოჩნდა.

 

სხვა ქვეყნებში აღებული სინჯებიდან კი, ყველაზე დიდ რაოდენობას ამ სასარგებლო ნივთიერებებისა ბულგარულ მაწონში მიაკვლიეს. თავად კურცხალია ამას გარკვეულწილად იმასაც უკავშირებს, რომ ბულგარეთში ე.წ. რძის ინსტიტუტი არსებობს, რომელმაც ქვეყანას მაწვნის დასამზადებლად საჭირო დედოს შემადგენლობა შეუნარჩუნა.

 

“შორს ვართ იმისგან, ვამტკიცოთ, რომ ეს არის წამალი, მაგრამ ეს ნივთიერებები არის პრევენცია იმ უჯრედების დაღუპვისა, რომლის დაზიანებაც იწვევს პარკინსონს. პარკინსონის გარდა, სხვა, უჯრედის დაზიანებით გამოწვეულ დაავადებებზეც არის საუბარი, მაგალითად, ალცჰეიმერი. თანდაყოლილი გულის დაავადებები და ა.შ. ვინაიდან ყველა ამ დაავადების დროს უჯრედის ენერგეტიკა ირღვევა,”- ამბობს მეცნიერი.  

 

როგორც წესი, კვლევის შემდგომ პროცესში მსოფლიოს სხვა ლაბორატორიებიც ერთვებიან და პასუხები მომდევნო, შესაბამის კითხვებზე, მაგალითად, შესაძლებელია თუ არა ამ ნივთიერებების მედიკამენტებად ფორმირება, რა დრო დაჭირდება ამას, რა დროით და რამდენჯერ შეიძლება ამ ნივთიერების დამატებით გამოჯანმრთელება და ა.შ. მომავლისა და დროის საკითხია.

 

შესაბამისად, მისი განმარტებით, სინჯარის მეცნიერებიდან კონკრეტულ პაციენტამდე მანძილი დაახლოებით 8-10-12 წელიწადი და ფულის დიდი ინვესტიციაა.

 

კურცხალიას ჯგუფის აღმოჩენას სტატიის დაბეჭდვის შემდეგ გერმანული გამოცემებიც გამოეხმაურნენ.


 

თემურ კურცხალიას და მისი ჯგუფის ეს აღმოჩენა იმ თემატიკის ფარგლებშია, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული პარკინსონის დაავადებასთან. მისი ლაბორატორიის თემატიკა დაკავშირებულია კრიპტობიოსთან, ანუ ე.წ. ფარული სოცოცხლის ფენომენთან.  

 

“არსებობს მარცვლები, რომლებიც ათასობით წელი ცოცხლობს, ბაყაყები, რომლებიც იყინებიან და დარზე ლღვებიან. ანუ ორგანიზმს შეუძლია სიცოცხლე შეწყვიტოს, სიცოცხლე – დაკავშირებული ნივთიერებათა ცვლასთან. ამ პროცესის შეჩერება პირდაპირ დაკავშირებულია სიკვდილთან. ჩემი ლაბორატორიის ერთ-ერთი ამოცანაა ნივთიერებათა ცვლის შეჩერებისა და შემდეგ გარკვეული ზემოქმედების შემდეგ სიცოცხლის დაუბრუნება. ფაქტობრივად, ისე, როგორც ზღაპარში “მძინარე მზეთუნახავი”, ეს ცოტა ხუმრობით, რა თქმა უნდა, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თეიმურაზ კურცხალია.

 

იმისთვის, რომ ეს პროცესები შეესწავლათ, Max Planck-ის ამ ინსტიტუტის მკვლევარებმა აღნიშნული პროცესის შესწავლა გარკვეული სახეობის პატარა ზომის გამჭვირვალე ჭიებზე დაიწყეს. ეს ჭია სამი დღე -ღამის განმავლობაში მოზრდილ ასაკში გადადის და უკვე ოთხი დღის შემდეგ მეორე თაობას ქმნის. მისი გამჭვირვალობის წყალობით მასში კარგად ჩანს ორგანოები, მრავალნაირი ფერის მანათობელი ცილები.

 

“წარმოიდგინეთ რამდენიმე თვის, წელიწადის განმავლობაში გამხმარი ჭიები, რომელსაც წყალს ასხამ. დასაწყისში არაფერი ხდება. დაახლოებით 30 წუთში კი ისინი მოძრაობას და სიცოცხლის პროცესებს აღადგენენ. ეს ფარული სიცოცხლე არის სიცოცხლე წყლის გარეშე“,- ამბობს მეცნიერი.


 

მისი თქმით, ადამიანებსა და ჭიებში მიმდინარე პროცესები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.  

 

მაქს პლანკის საზოგადოება საქართველოში 2007 წელს ჩამოვიდა. მაშინ მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მსგავსი დონის კვლევით ინსტიტუტს საქართველოშიც დააარსებდნენ. თუმცა, კურცხალიას თქმით, ეს პროცესი გაიწელა და ბიუროკრატიული და სხვა საკითხების გამო ინსტიტუტის გახსნა აღარ მოხერხდა.

 

2014 წლის თებერვალში თეიმურაზ კურცხალიამ კახა ბენდუქიძის ინიციატივით სამეცნიერო ლაბორატორია საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე გახსნა:

 

“სამომავლოდ საქართველოს ლაბორატორიაში იმის შესწავლას ვგეგმავთ, რაც გერმანიის ლაბორატორიაში შეუძლებელია.”




მასალების გადაბეჭდვის წესი