ტრავმები უხარისხო მოედნებისა და არასწორი ვარჯიშისგან – პრობლემები ბავშვთა ფეხბურთში

სპორტსმენები და მწვრთნელები საუბრობენ, რომ უხარისხო საფეხბურთო მოედნებზე თამაში და არასწორი ვარჯიში იწვევს ტრავმებს ადრეულ ასაკში, რის გამოც ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების დიდი ნაწილი ნაადრევად ასრულებს კარიერას.

რა იწვევს მოზარდ ფეხბურთელებში ტრავმებს?

სამკურნალო ფიზკულტურისა და სპორტის ექიმი, დიმიტრი ზაალიშვილი ამბობს, რომ ბავშვთა ფეხბურთში ტრავმებს, პირველ რიგში, მოედნის საფარი იწვევს, თუმცა დაზიანებები შესაძლოა არასათანადო კვებამ და არასპორტულმა რეჟიმმაც გამოიწვიოს.

“დიდებში უფრო აქტუალურია ეს საკითხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. სათანადო პირობებისა და მოედნების გარდა, ცილოვანი საკვები, სრულფასოვანი საკვები, სამჯერადი კვება და ა.შ. ძალიან დიდ როლს თამაშობს. ხშირად ბავშვი მიდის ვარჯიშზე, ხოლო მწვრთნელმა არ იცის, რა ჭამა და რა გააკეთა მან მთელი დღის განმავლობაში. ამის შემდეგ შენ აძლევ მას სერიოზულ დატვირთებს და იღებ ძალიან ცუდ შედეგს,” – ამბობს ზაალიშვილი.

ტრავმა © ნეტგაზეთი

ტრავმა © ნეტგაზეთი

მისი თქმით, პრობლემა არ არის მხოლოდ სინთეტიკასა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიში/თამაში. დიმიტრი ზაალიშვილის თქმით, საქართველოში ჩვეულებრივი მოედნის საფარიც არ არის ხშირად კარგი ხარისხის:

“შესაბამისად, ეს ტრავმის ძალიან ხშირი მიზეზია, განსაკუთრებით წვივის ბორცვის ტრავმების (შლატერი), რომელიც პირდაპირ კავშირშია საფართან. ამ ტრავმას ასევე იწვევს არასწორად დაგეგმილი ვარჯიში – ეს კი უკავშირდება მწვრთნელთა კვალიფიკაციას. ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შემთხვევითი ხალხი მუშაობს ბავშვებში, რაც იწვევს ძალიან დიდ პრობლემებს. მშობელმა უნდა მიაქციოს მწვრთნელის კვალიფიკაციას ყურადღება, სანამ ბავშვს მიიყვანს მასთან სავარჯიშოდ- რა სახის აკადემიაა, რამდენად სერიოზულად უდგებიან მუშაობას, როგორ არის საქმე აწყობილი, გავლილი აქვთ თუ არა მწვრთნელთა მომზადების კურსები და ა.შ. ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიექცეს.”

რეაბილიტაცია – რა ხდება ტრავმის შემდეგ?

დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა არასწორი წვრთნითა და ცუდი მოედნის საფარის გამო მიიღონ ბავშვებმა, სხვადასხვანაირია. დიმიტრი ზაალიშვილის თქმით, ისეთი ასაკობრივი ტრავმა, როგორიც არის შლატერი, შესაძლოა ორგანიზებული წვრთნის შემთხვევაშიც მოხდეს, მაგრამ არასათანადო ტექნიკურ–მატერიალური პირობების გამო დაზიანების რისკი რამდენჯერმე იზრდება.

დიმიტრი ზაალიშვილი © FB

დიმიტრი ზაალიშვილი © FB

“ეს ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ბავშვი ტკივილის გამო ვეღარ ვარჯიშობს; მკურნალობის შემდეგ მიდის გუნდში, მეორდება ტრავმა, ისევ უსიამოვნო დამოკიდებულება აქვს ვარჯიშთან და ა.შ. ამ დროს ანებებს ფეხბურთის თამაშს თავს. ეს იმის გამო, რომ ერთი მხრივ, არ მოხდა საფარის მდგომარეობის გამოსწორება და, მეორე მხრივ, ვერ მოხერხდა ვარჯიშის მორგება მოზარდის ორგანიზმზე იმიტომ, რომ ეს პროცესი ზრდის ასაკში მიდის; სანამ დაძვალება ბოლომდე არ არის დამთავრებული, შლატერის პრობლემა ყოველთვის დგას, მაგრამ სწორი, დოზირებული დატვირთვის შედეგად, შეიძლება ტრავმების გარკვეული ნაწილი ავიცილოთ თავიდან,” – ამბობს ექიმი.

დიმიტრი ზაალიშვილი ასევე საუბრობს ცუდ მოედნებზე დავარდნის შედეგად მიღებული ტრავმების შესახებ. მისი თქმით, ეს ხშირად იწვევს სხვადასხვა სერიოზულ ესკორიაციებს, დაჟეჟილობას და დაჭიმულობებს:

“თავისთავად, ესეც არის იმის მიზეზი, რომ ბავშვს ეშინია მოედანზე დავარდნის – ცუდ საფარზე წაქცევა ხშირად იწვევს სერიოზულ პრობლემას. ნორმალური მოედნის საფარზე ეს არ ხდება და გაცილებით ნაკლებია დავარდნის შედეგად მიღებული ტრავმები. ცუდ საფარზე წაქცევის გამო შესაძლოა რამდენიმე დღე ან ერთი კვირა გამოეთიშოს ბავშვი დატვირთვას.”

შეფერხება კონტაქტური და არაკონტაქტური ტრავმებით

ნიკა ჭანტურია დღესაც ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნევა საქართველოში, თუმცა, რომ არა ტრავმები, შესაძლოა ის უკვე უმაღლეს ლიგაზე გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში ეხილა მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკამ ყველაზე სერიოზული ტრავმა მეტოქესთან ბურთზე ორთაბრძოლის დროს 2015 წლის მარტში მიიღო, როგორც ბევრ ახალგაზრდას, ბავშვობაში მასაც ჰქონდა ხშირად მუხლზე ტრავმები.

ჩვენი თაობის ფეხბურთელებს, ვინც ბავშვობიდან ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშობდა და ვარჯიშობდა სისტემატურად, ყველას გამოვლილი აქვს ეს.”

როგორც ქართულ ფეხბურთში მოღვაწე არაერთი ადამიანი, ჭანტურიაც მიიჩნევს, რომ უხარისხო მოედნები და ცუდი პირობები ქართული ფეხბურთის ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა, განსაკუთრებით კი, ბავშვთა ფეხბურთში.

“ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის საზიანოც არის, ისეთ პირობებში უწევთ ბავშვებს ვარჯიში. ვთვლი, რომ სიტუაცია ცოტა უფრო გამოსწორებულია წინა წლებთან შედარებით. ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდებოდა, როცა ჩემს გუნდს “ლოკომოტივში” ერთ-ერთი საუკეთესო პირობები ჰქონდა და ასე თუ ისე არ გვიწევდა ცუდ მოედნებზე ვარჯიში. მიუხედავად ამისა, იყო ის ჩემპიონატები, სადაც ცუდ მოედნებზეც გვიწევდა თამაშები. ელიტ-ლიგა ერქვა, რომელ ტურნირსაც ჩვენ ვთამაშობდით: ხან კარგ ბალახზე, ხან საშინელ ხელოვნურზე და ხან მიწაზე გვიწევდა თამაში. ხშირი სტადიონების ცვლაც იწვევს ტრავმებს, მხოლოდ მუხლის არა. ცუდი მოედნები – ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც ბავშვობაში აფერხებს ფეხბურთელებს და თავიდანვე შესაძლოა მიდრეკილი გახადოს ტრავმებზე. არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ რადგან ბავშვობაში ცუდ მოედნებზე ვთამაშობდი, ამის გამო მაწუხებს მხოლოდ ეს ტრავმები. ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ვიცით, რომლებიც ცუდ პირობებში იზრდებოდნენ და აწუხებთ მსგავსი ტრავმები,” – ამბობს ნიკა.

22 წლის სპორტსმენი, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ამბობს, რომ ცუდი მოედნების პრობლემა არა მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთშია. ჭანტურია იხსენებს გიორგი ონიანის შემთხვევას, როდესაც ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელი კისრით შეეჯახა ბოძს და ლამის საბედისწეროდ დაშავდა.

nika tchanturia

ნიკა ჭანტურია © თბილისის “ლოკომოტივი”

“ყველა ვარიანტში, უნდა იყოს მოედნის სტანდარტები დაცული; რაღაც მინიმალური ზღვარი მაინც უნდა იყოს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა კლუბი, განსაკუთრებით, ბავშვებში. ვერ გეტყვით, ვინ უნდა ადგენდეს ამას იმიტომ, რომ არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, მაგრამ რაღაც ჯგუფი უნდა იყოს, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს. არ არის რთულად მოსაგვარებელი პრობლემა; ელემენტარული, ჯანმრთელობისთვის საზიანო რომ არ იყოს, ეს ზომები უმდა იყოს დაცული მოედნებზე,” – ამბობს ჭანტურია.

ჭანტურია 19-20 წლის ასაკში უკვე ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაშიც იყო, თუმცა დაზიანებების გამო ახალგაზრდულ ნაკრებშიც აღარ უთამაშია 2013 წლის შემდეგ. ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ყველაფრის შანსი აქვს, ხოლო ამისთვის მთავარია იმაზე უკეთეს ფორმაში შევიდეს, ვიდრე ტრავმამდე იყო. ამის შემდეგ კი, როგორც ყველა ფეხბურთელის, მისი მიზანიც ის არის, რომ უკეთეს ლიგაში განაგრძოს კარიერა. კითხვაზე, თუ რა არის აუცილებელი ფეხბურთელისთვის სერიოზული დაზიანების მიღებისას, ნიკას თქმით, პირველ რიგში, ეს კლუბისა და მწვრთნელის მხრიდან მისი მხარდაჭერაა:

“ალბათ, იღბალიც უნდა ამ ყველაფერს. ისეთ დროს დამემართა ტრავმა, რომ იმ ასაკისთვის კარიერის პიკზე ვიყავი. ბევრს ნიშნავდა ჩემთვის “დინამოს” კაპიტნის სამკლაური და თუნდაც ის, რომ უმაღლეს ლიგაში სტაბილურად ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, ამ დროს ძალიან ბევრი საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ევროპული გუნდებიდან იყო ინტერესი. თქვენი საშუალებით, მადლობა მინდა გადავუხადო “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობას და მწვრთნელს, გიორგი დევდარიანს, რომელმაც ჩემს თავში რწმენა დამიბრუნა.”

ჭანტურია თბილისის “დინამოს” ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა, ახლა კი თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობს. ნიკა ასევე გახლდათ იმ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების კაპიტანიც, რომელიც U17-ის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის თქმით, უხარისხო ხელოვნურსაფარიანი და ცუდი მოედნები იწვევს ტრავმებს და ეს პრობლემა არ არის ახალი ბავშვთა ფეხბურთში. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ წინა თაობები უფრო ცუდ სტადიონებზე გაიზარდნენ. მისი თქმით, ეს საკითხი აქამდეც იყო მისახედი და აუცილებელია პრობლემის დროული მოგვარება.

მოედნები საქართველოში

ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენი ფეხბურთის მოედანია საქართველოში, სადაც ბავშვებს ავარჯიშებენ, არავინ იცის, მათ შორის, არც ფეხბურთის ფედერაციაში. შესაბამისად, ასევე, არ არის ცნობილი, რამდენი მწვრთნელი ავარჯიშებს ბავშვებს ან რამდენი მოზარდია დაკავებული სპორტის ამ სახეობით. ფედერაციაში ამბობენ, რომ ეს სტატისტიკა დამუშავების პროცესშია და მომავალი წლისთვის მზად იქნება.

იმის გამო, რომ სხვადასხვა ჩემპიონატებში და დაბალ ლიგებში მონაწილე კლუბებს საკუთარი მოედანი არ გააჩნიათ, ხშირად რამდენიმე გუნდი მხოლოდ ერთ სტადიონზე ვარჯიშობს. მაგალითად, თემქაზე მდებარე “შატილის” მოედანზე ვარჯიშობს და თამაშობს ხუთზე მეტი გუნდი, რომლებიც სხვადასხვა ჩემპიონატებში გამოდიან.

ჩვენ ვიმყოფებოდით “შატილის” მოედანზე, სადაც “ნორჩი დინამოელის” ასაკობრივი გუნდის ერთ–ერთ მწვრთნელს, ირაკლი ვასაძეს ვესაუბრეთ. B ლიცენზიის მწვრთნელი, რომელიც 25 წელია ბავშვებს წვრთნის, ახლა მეორე ლიგის გუნდ “ცხუმსაც” უძღვება. ირაკლი ვასაძეც აღნიშნავს, რომ ცუდი მოედნები დიდი პრობლემაა, თუმცა ხელოვნური საფარი არის მარტივი გამოსავალი, რომელიც რამდენიმე წელი უძლებს მუდმივ დატვირთვას და განსაკუთრებულ მოვლასაც არ საჭიროებს. მის გუნდს ასევე ჰყავს ექიმი (გია ინჯგია) და მიიჩნევს, რომ ეს ყველა კლუბისთვის სავალდებულო უნდა იყოს. ვასაძე ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით მოედნების მხრივ სიტუაცია უმჯობესდება.

ირაკლი ვასაძე და გია ინჯგია, ვარჯიში © ნეტგაზეთი

ირაკლი ვასაძე და გია ინჯგია, ვარჯიში © ნეტგაზეთი

“აუცილებლად უნდა ჰყავდეს ყველა გუნდს ექიმი არა მხოლოდ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებში. ისინი უნდა აკონტროლებდნენ სრულად ფეხბურთელების ყოველდღიურობას. ეს დაეხმარება სპორტსმენებს, რომ ინტენსიური დატვირთვები სწორად გაითვალონ და ფეხბურთელის ორგანიზმი ნორმალურად აღდგეს. ამ ყველაფერს უნდა უძღვებოდეს ექიმთა ჯგუფი. ყველა წამყვან ევროპულ აკადემიაში მრავალი პროფილის სამედიცინო ჯგუფი მუშაობს, როგორც კვების მოწესრიგებაზე, ასევე, სწორ ფიზიკურ დატვირთვაზე და ა.შ. კომპლექსურად, ეს იძლევა საუკეთესო შედეგს,” – ამბობს გია ინჯგია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის პრობლემა მთელ ქვეყანაშია და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.

“რამდენიმე სტადიონი გაკეთდა, მაგალითად, თბილისში, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე მდებარე სტადიონი გადმოეცა ფეხბურთის ფედერაციას და იქ დაეგო საფარი, სადაც ჩატარდება U19 ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები. ასევე, რეგიონებში კეთდება სტადიონები რამდენიმე ადგილას – ეს ცალკე პრობლემაა, რადგან ამას სჭირდება ცალკე რესურსი და თანხები. რეგიონები, ბავშვთა ფეხბურთი – ეს არის უმნიშნელოვანესი, საიდანაც იკვებებოდა მუდამ ქართული ფეხბურთი,” – ამბობს ჭუმბურიძე.

რას გეგმავს GFF პრობლემის მოსაგვარებლად

საქართველოში ფეხბურთის განვითარების 2016-2020 წლების გეგმაში წერია, რომ 4 წელიწადში, ჯამში, 265 700 000 ლარი უნდა დაიხარჯოს, საიდანაც 41 მილიონი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. დადგენილების მიხედვით, თანხების ნაწილი ბავშვთა სკოლების მხარდასაჭერადაც დაიხარჯება. კითხვაზე, რა პროექტების განხორციელებას გეგმავს კონკრეტულად ფედერაცია, კახა ჭუმბურიძე გვპასუხობს:

“ინფრასტრუქტურის კუთხით, რაც იყო გაწერილი ფეხბურთის განვითარების დოკუმენტში, რაღაცები შემცირდა; ეს გადალაგდება და ზუსტად დაიგეგმება, სად, რისი გაკეთება შეგვიძლია. რუსთავში უნდა დამთავრდეს ბავშვთა აკადემიის პროექტი, რომელიც ნახევრად არის გაკეთებული და არცთუ ისე მცირე ხარჯებია საჭირო იმისთვის, რომ დამთავრდეს ბოლომდე. ვიცით, რომ რაჭაში აპირებენ სტადიონის მშენებლობას, ზუგდიდშიც უნდა დამთავრდეს სექტემბერში და ის როგორც დიდ გუნდებს, ასევე ბავშვთა ფეხბურთს მოხმარდება. UEFA-ს პროექტით, როგორც ახლა არის თბილისსა და ზუგდიდში აკადემიები, ამის ანალოგიური გაკეთდება რამდენიმე რეგიონშიც ფეხბურთის ფედერაციის მიერ. იქ საჭირო იქნება სამედიცინო შტაბის ჩართვა, სწორი კვება, მწვრთნელების მეთოდიკის შემუშავება და ა.შ. სხვანაირად ფეხბურთი ვერ განვითარდება. ეს ყველაფერი არის გადაჯაჭვული ერთმანეთთთან: მასობრივი და ელიტარული ფეხბურთი. მასობრივი ფეხბურთიდან უნდა გამოირჩეს ნიჭიერი ბავშვები და ეს ნიჭიერი ბავშვები უნდა არჩევდნენ შემდეგ ნაკრებ გუნდებს.”

ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ლიცენზიები ქაოსურად გაიცემოდა სკოლებსა და მწვრთნელებზე. მისი თქმით, ფედერაციამ უკვე დაიწყო შესწავლა, თუ რამდენი სკოლა ფუნქციონირებს ახლა, როგორ მოედნებზე ვარჯიშობენ სპორტსმენები, რამდენი ბავშვი დადის ფეხბურთზე, ასევე, რამდენი და რომელი კატეგორიის ლიცენზირებული მწვრთნელები მუშაობენ მათთან:

“ჩვენ შევქმენით ჯგუფი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით აღრიცხვიანობას აწარმოებს. შეიქმნება ეს ბაზები, თუ რამდენი სკოლაა რამდენ რეგიონში, რამდენი სტადიონია – ამის აღრიცხვიანობა დასრულდება და დავდებთ ანალიზს. შემდეგ ჩვენ უკვე ვაპირებთ, რომ დავყოთ სკოლები კატეგორიების მიხედვით; ვისაც ექნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ის იქნება უმაღლესი კატეგორიის და ა.შ.”

კითხვაზე, თუ არ ეყოლება სკოლას ექიმი და ვერ დააკმაყოფილებს ელემენტარულ სავარჯიშო თუ სათამაშო პირობებს, რა სანქციებს გაატარებს ფეხბურთის ფედერაცია, კახა შენგელია გვპასუხობს, რომ შეუჩერდებათ მათ ლიცენზია და ვერ მიიღებენ სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას.

“რა თქმა უნდა, უნდა ჰყავდეს ყველა სკოლას თითო ექიმი და ფიზმომზადების მწვრთნელი… როგორც უმაღლეს ლიგაში არის ლიცენზირება, ასევე იქნება ბავშვთა სკოლებშიც; იმ პუნქტში ჩაწერილი იქნება, რომ ექიმი თუ სხვა სპეციალისტების არყოფნის გამო, ფეხბურთის ფედერაციას შეეძლება შეუჩეროს მათ ლიცენზია – ისინი ვერ მიიღებენ სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას. თუ დაარღვევს იმ ლიცენზირების პუნქტებს, ავტომატურად ეს მოხდება, როგორც ხდება ეს დიდ კლუბებში ახლა. ყველა რეფორმა არის მტკივნეული, თავიანთი არგუმენტები აქვთ მათ, მაგრამ როცა შეიქმნება ეს გარემო და ჩვენ მოვთხოვთ, მერე ეს უნდა დალაგდეს – სხვანაირად არ გამოვა. ყველა შეეგუება, მოინდომებს, როგორც ახლა ეროვნული ლიგის გუნდები ნელ-ნელა გადაეწყვნენ და მიეჩვივნენ ამას. მე მგონი, წესრიგდება ყველაფერი და ერთ-ორ წელიწადში ამის შედეგებს ნამდვილად დავინახავთ, დამერწმუნეთ,” – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი.

კახა შენგელია ამბობს, რომ დღეს ბავშვთა ფეხბურთის ყველა მწვრთნელს არ აქვს ისეთი კომპეტენცია, რომელიც საჭიროა ახალგაზრდებთან მუშაობის დროს. მისი თქმით, აუცილებელია მწვრთნელთა გადამზადება. როგორც შენგელია ამბობს, ქართულ ფეხბურთს სწორი მენეჯმენტი აკლდა, რის გამოც ფეხბურთის ფედერაციამ მენეჯერების გადამზადების პროგრამა შეიმუშავა.

“პირველი გამოშვება იქნება მენეჯერების, რომელიც შემდეგ გააკეთებს იმ საქმეს, რომელსაც ფეხბურთის განვითარება ჰქვია თითოეულ კლუბში. მენეჯრემა უნდა შეარჩიოს ზუსტად ის მწვრთნელები, რომლებიც კარგ შედეგს მისცემენ. სამედიცინო შტაბი იქნება თუ სხვადასხვა მიმართულებები, ეს მენეჯერებზეა დამოკიდებული. მენეჯმენტი აკლდა ქართულ ფეხბურთს. ძალიან მონდომებული და ნიჭიერი მწვრთნელები არიან, ოღონდ უნდა სწორი მიდგომა. მარტო ლიცენზიის გაცემა კი არა, ალბათ, მონიტორინგიც არის საჭირო. ვინც სწორად მუშაობს, იმათი წახალისება და უფრო მეტი გადამზადება. ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, დავით პეტრიაშვილის ფონდი შეიქმნა, რომელიც იქნება ზუსტად ამ ნიჭიერი და სწავლას მოწყურებული ადამიანების ხელშემწყობი,” – ამბობს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი.

კახა ჭუმბურიძე © GFF

კახა ჭუმბურიძე © GFF

ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებაში ბევრი რაიონის გამგებელი და გუბერნატორი დააინტერესეს, რომლებმაც რეგიონებში უკვე დაიწყეს ამ კუთხით მუშაობა და იციან, რომ დახარჯული ფული ჰაერში არ გაიფანტება და დარჩება ინფრასტრუქტურაში:

“მესმის, რომ საშინელი და ძალიან ცუდი მინდვრებია ბევრგან. თამაშზე რომ მიდის ფეხბურთელი, იმას ფიქრობს, რომ რაღაც არ მოიწიოს, ვიდრე ის, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს. ამას უნდა გარკვეული რესურსი. ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის, ყველაფერს ვაკეთებთ. გამგებლებსა და გუბერნატორებს, რომლებიც ჩვენ დავაინტერესეთ, უკვე თვითონაც აქვთ ინიციატივა და აკეთებენ კარგ საქმეებს: ვანში, რაჭაში, გურიაში… ეს ორგანიზება, რასაც უწევს ორგანიზებას ფეხბურთის ფედერაცია, აკლდა ქართულ ფეხბურთს – შეკვრა, შეკავშირება და ფონდი, რაც მთავარია.”

საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 265 700 000 ლარი ოთხი წლის განმავლობაში შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • კლუბების საბაზისო დაფინანსება – 131 400 000 ლარი;
  • კლუბების ფინანსური სტიმულირება – 37 900 000 ლარი;
  • კლუბების საპრიზო და პრემიალური ფონდი – 41 350 000 ლარი;
  • მასობრივი და სხვადასხვა საფეხბურთო ღონისძიებები – 12 550 000 ლარი;
  • ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – 41 000 000 ლარი;
  • საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამები – 1 500 000 ლარი.

როგორც ფეხბურთის ფედერაციაში განგვიცხადეს, ბავშვთა ფეხბურთში არსებული სიტუაციის აღრიცხვიანობა წლის ბოლომდე დამთავრდება და 2018 წლიდან უკვე კატეგორიზაცია დაიწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.