საზოგადოება

ყველა დაუმორჩილებელი ბავშვი სპეცსკოლაში

29 ნოემბერი, 2011 • 3475
ყველა დაუმორჩილებელი ბავშვი სპეცსკოლაში

ყველა დაუმორჩილებელი ბავშვი – სპეცსკოლაში, ამის უფლება ექნება მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, პროკურორს, მანდატურს, სკოლას. კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე გაიმართა, 10-დან 18 წლამდე ბავშვებს უკავშირდება.

კანონპროექტში არაფერი წერია იმის შესახებ, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება, მაგალითად, მანდატურს ან მშობელს, თუ აღმოჩნდა, რომ ბავშვის სპეციალიზებულ დაწესებულებაში გაშვება პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგმა.

დავუშვათ, ბათუმის რომელიმე სკოლაში სწავლობს 10 წლის ბიჭი, რომელიც სისტემატურად ამტვრევს ფანჯრის შუშებს ან მერხებს, მას სამტრედიის სკოლაში წაიყვანენ. ახალი კანონპროექტი სწორედ ამ ტიპის ბავშვების განრიდებას ისახავს მიზნად.

ბათუმის სკოლების თითქმის ყველა დირექტორი ამბობს, რომ მათ არ ჰყავთ ძნელადაღსაზრდელი ბავშვები. იმავეს ამბობენ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრებში. სხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ “ბათუმელები” ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ აჭარის რეგიონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაურკვეველია, რატომ გახდა აუცილებელი მკაცრი კანონის მიღება 10, 11 ან 12 წლის ბავშვებთან დაკავშირებით.

“განათლების შესახებ კანონში” დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, განათლების სამინისტრო შექმნის მულტიდისციპლინარულ ჯგუფს 9 კაცის შემადგენლობით, რომელიც განიხილავს, ძნელადაღსაზრდელი ბავშვი სპეციალიზებულ დაწესებულებაში გაუშვან თუ არა.

კანონპროექტში დაზუსტებული არის, ვის გადაამისამართებენ: “გადამისამართება ხორციელდება დევიანტური ქცევის მქონე ისეთი არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც შეუსრულდა 10 წელი… დევიანტური ქცევა გამოიხატება რთულ ან/და ანტისაზოგადოებრივ ქცევაში, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს. ამასთან, აღნიშნული ქცევა უნდა ვლინდებოდეს სულ მცირე 6 თვის მანძილზე”.

თუ ბავშვი “გამოსწორდება”, 6 თვის მერე დააბრუნებენ ოჯახში, თუ არა – კიდევ 6 თვით დატოვებენ “გამოსასწორებლად”. ამავე კანონპროექტის მიხედვით, თუ მშობელი ან სკოლა არ დაემორჩილება მულტიდისციპლინარული ჯგუფის გადაწყვეტილებას და ბავშვს არ გაუშვებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში, მშობელს დააჯარიმებენ 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 1000 ლარი.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, რთული ქცევის ბავშვები, ძირითადად, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ. ამის მიუხედავად, კანონი ამ ნაწილშიც მკაცრია და ჯარიმის ამოღების მექანიზმებსაც აზუსტებს: თუ ჯარიმას ვერ გადაიხდის მშობელი, მაშინ მას აღმასრულებელი დაუყადაღებს სახლს ან სხვა ქონებას, რომელიც აუქციონზე გაიყიდება.

მულტიდისციპლინარული ჯგუფის გადაწყვეტილების გასაჩივრება მშობელს შეუძლია სასამართლოში, ოღონდ ამ შემთხვევაში მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელიც ბავშვთა საკითხებზე მუშაობს, კანონპროექტის შეფასებისას შემდეგ რისკებზე საუბრობს:

“დავუშვათ, 10 წლის ბავშვი ქურდობს, ეს სამართლებრივ კონტექსტში დანაშაულია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბავშვი არ არის მზად პასუხი აგოს. მას შესაძლოა წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს იმაზე, რომ რამე დააშავა. ამ ასაკის ბავშვებს აქვთ ასეთი მორალი – კარგი ქცევაა ის, რაც ჩემთვის სასარგებლოა. აქედან გამომდინარე, თუ მშია და მოვიპარე, მართალი ვარ! ბავშვის აზროვნებაც და მორალიც ამ ასაკში თვითცენტრირებულია, ის სამყაროს განიხილავს “თავის გარშემო” და ვერ ითვალისწინებს სხვის ინტერესებს”.

მაია ცირამუას კანონპროექტის ავტორებთან აქვს შეკითხვები:

“1.ვინ და რა მოსაზრებით გადაწყვიტა ძნელადაღსაზრდელთა სპეციალიზებულ სკოლაში ბავშვების გამწესება 10 წლის ასაკიდან?

2. რა ტიპის ქცევა შეიძლება “იმსახურებდეს” ასეთ მკაცრ დასჯას? (მიმაჩნია, რომ მშობლისგან და ოჯახისგან ბავშვის მოწყვეტა ამ ასაკში, თან ასეთი იარლიყების მიწებებით, მისი დასჯაა, მიუხედავად იმისა, რა სარეაბილიტაციო სერვისებსაც არ უნდა სთავაზობდეს მას სპეცსკოლა);

3. რატომ არ შეიძლება ინტერვენცია ხდებოდეს უშუალოდ სკოლაში ან არსებობდეს რეფერალის უფრო ჰუმანური მოდელი?”

მაია ცირამუა არ არის ერთადერთი, ვინც კანონპროექტს მანდატურის უფლებამოსილების გაზრდისკენ მიმართულ ნაბიჯად აღიქვამს:

“სკოლის ასეთი დეჰუმანიზაცია და მანდატურებისგან “მონსტრების” შექმნა, არც სკოლას და არც მანდატურებს არ წაადგება. მგონი, ჩვენ ახალი სტიგმატიზებული ჯგუფი შევქმენით მანდატურების სახით, რაც სამწუხაროა და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს, თუნდაც იმიტომ, რომ უნდა ვუმტკიცო საკუთარ შვილებს, რომ მანდატურები “მონსტრები” არ არიან. ჩნდება შეკითხვა – რა ცოდნაზე, რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება გადაწყვიტოს მანდატურმა, რომელი ბავშვი წარუდგინოს ე.წ. მულტიდისციპლინურ გუნდს? იცის მანდატურმა სად გადის სადემარკაციო ხაზი ნორმალურ და კლინიკურ შემთხვევებს შორის?”

ფსიქოლოგს უჭირს დაჯერება, რომ საქართველოს პარლამენტმა შეიძლება ეს კანონი დაამტკიცოს:

“ვიტოვებ იმედს, რომ ეს თუნდაც ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა. სანამ საკუთარი თვალით არ წავიკითხავ, ვერ დავიჯერებ! და თუ ეს ასეა, გამოდის, რომ სამტრედიაში პატარების ციხეს გვიშენებენ”.

განათლების სპეციალისტ თამარ მოსიაშვილისთვის, რომელმაც ახალი კანონპროექტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო, ეს პროექტი იმის დასტურია, თუ რამდენად არ იმუშავა მინისტრ შაშკინის “უსაფრთხო სკოლის” კონცეფციამ:

“15 წელი ვიმუშავე სკოლაში მასწავლებლად და არ გამიგია, რომ 10 წლის ბავშვის გამო რომელიმე მასწავლებელს დაეჩივლოს. უფრო გარდატეხის პერიოდიდან იწყება პრობლემები. მაგრამ დავუშვათ, რომ 10 წლის ბავშვიც ცუდი ქცევის არის, რა რესურსს ფლობს სკოლა, რომ მას დაეხმაროს? თუ ის ელოდება 6 თვის გასვლას, რომ ბავშვი გააძევოს სკოლიდან?!”

თამარ მოსიაშვილი სხვა პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას: “როცა ბავშვი ექვსი თვის განმავლობაში იქცევა ცუდად, სკოლას არ აქვს რესურსი, ასეთი ქცევა დაარეგულიროს, ბავშვს დაეხმაროს. ერთადერთი, რასაც შაშკინი სთავაზობს სკოლებს, ბავშვის იზოლაციაა. ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ისეთი პრეცედენტი, როცა ბავშვის იზოლაცია საჭიროა, მაგრამ სკოლამ ყველა რესურსი უნდა გაიღოს ბავშვის დასახმარებლად. შეშინება ამპრობლემას ვერ უშველის, შესაბამისად, სკოლას ეს კანონპროექტი კარგს არაფერს მოუტანს”.

თამარ მოსიაშვილის თქმით, საქართველოში ერთადერთი სკოლა არსებობს, სადაც შეიძლება იზოლირებული ბავშვების მოთავსება: “ეს არის სამტრედიის სკოლა… რა გამოდის, სკოლას არ შეუძლია დაეხმაროს რთულ ბავშვებს, ფული კი მხოლოდ მანდატურებზე იხარჯება. რთული ბავშვის ქცევის კორექციას მანდატური ვერ მოახერხებს, ეს უნდა მოახერხოს კარგმა გარემომ, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობამ”.

თამარ მოსიაშვილი პარლამენტარებს სთავაზობს, “იფიქრონ არა იმაზე, როგორ დასაჯონ 10 წლის ბავშვები, არამედ იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ მათ. პარლამენტი თუ მიიღებს ამ კანონს, იქნება ერთ-ერთი სამარცხვინო ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევა”.

თათული თოდუა, საიას საპარლამენტო მდივანი, “ბათუმელებთან” ამბობს, რომ “ახალგაზრდა იურისტებმა” კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებისთვის შენიშვნების ვრცელი ჩამონათვალიუკვე მოამზადეს. ერთ-ერთი შენიშვნა, რომელიც იურისტებს აქვთ, გასაჩივრების წესს უკავშირდება.

“კანონპროექტის მიხედვით, საჩივრის შეტანა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიძლება. ჩვენი აზრით, საქმეების განხილვა იმ სასამართლოში უნდა შეიძლებოდეს,რომელიც ყველაზე ახლოს არის ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან,” – ამბობს თათული თოდუა.

იურისტი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში გაამწესებენ 10-დან 18 წლამდე მოზარდებს სამტრედიის სკოლაში:

“საუბარია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე. ეს არის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ყაჩაღობა, ძარცვა, სიცოცხლის მოსპობა… გადამისამართება გამოიყენება სხვა ტიპის ქცევების შემთხვევაშიც – ეს არის ანტისაზოგადოებრივი ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის განვითარებას. დავუშვათ, ხულიგნობა, სკოლის ტერიტორიაზე შუშის ჩამტვრევა, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი