პარლამენტის განვლილი 4 წელი – უცხოელი ექსპერტების შეფასება

საპარლამენტო მმართველობის ჰიბრიდული ფორმა, შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტის დარბაზი, როგორც თავისუფალი დისკუსიის სივრცე – საქართველოს პარლამენტის განვილი ოთხი წელი შეაფასეს და არაპირდაპირი მმართველობის გავლენაზე ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენციაზე შეკრებილმა ექსპერტებმა.

რამდენად ეფექტურად მუშაობს ჰიბრიდული საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელსაც მკვლევარები ზუსტ დეფინიციას ვერ უძებნიან, მათი თქმით, კონკრეტულად ქვეყანაზე და სამთავრობო პირებზეა მოკიდებული. ამერიკელი პოლიტოლოგების შეფასებით, საქართველოში მოქმედი სისტემა ჯერჯერობით ახერხებს შეთანხმებულად მუშაობას; პარლამენტი არ ხდება კანონის დამმოწმებელი ორგანო, არამედ ის განიხილავს ინიციტივებს და ხდება საჯარო დისკუსიის არეალი, რაც 2012 წელს, მთავრობის ცვლილებასთან ერთად, აუცილებელი გახდა. არჩევნებში დამარცხებული პარტიები მიხვდნენ, რომ პარლამენტის ტრიბუნა მათთვის საუკეთესო ალტრენატივა იყო.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრის, კორი ველტის აზრით, ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის მიზნად ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის დამტკიცება იქცა, რადგან საზოგადოებაში არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება პარლამენტის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ. მკვეთრმა პოლიტიკურმა პოლარიზაციამ კი პარლამენტი გამოწვევის წინაშე დააყენა.

“როდესაც საქმე დემოკრატიულ პროცესებს ეხება, საქართველომ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს. არასამთავრობო ორგანზიაციებმა, მკვლევრებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა – ხალხმა კარგად იცის, რისი შეცვლა და გაუმჯობესებაა აუცილებელი. მათ მიერ გაკეთებული კვლევები ნათლად მიუთითებს თუნდაც პარლამენტის შეცდომებზე. პრობლემა მხოლოდ ის არის, რამდენად უნდა საპარლამენტო ხელისუფლებას ამ მითითებების გათვალისწინება,” – აცხადებს კორი ველტი.

ველტის განცხადებით, საპარლამენტო რესპუბლიკა მმართველობის საუკეთესო ფორმას არ არის. განსაკუთებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებისათვის, რომლებსაც უხდებათ ავტორიტარი პრეზიდენტების მმართველობის სისტემიდან გადასვლა საპარლამენტო სისტემაზე. საქართველომ პარლამენტის როლი გაზარდა არა სურვილით, რომ მმართველობის აღსრულების ფორმები შეცვლილიყო, არამედ ერთი პირის მმართველობისთვისგან თავის არიდების მოტივით.

ექსპერტები ამბობენ, რომ სანამ მმართველ პარტიას ყოფილი პრემიერისა და დამფუძნებლის ჩრდილი ექნება, “ქართულ ოცნებას” შეუძლია შეინარჩუნოს ძლიერი პოლიტიკური ძალის სტატუსი და ყველა ცვლილება, რაც კოალიციის შიგნით მოხდება, აღიქმება, როგორც გარე ძალების მიერ ნაკარნახევი. რაც, ერთი მხრივ, დემოკრატიული პროცესებისათვის ხელის შემშლელი ფაქტორია.

“უნდა აღინიშნოს, რომ ამ პარლამენტმა მოახერხა და შეამცირა მმართველობის დროს უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევები. პარლამენტში დაიწყო დებატები სხვადასხვა თემაზე. რამდენად მოხდა აზრების შეჯერება დებატების პროცესში – ეს სხვა თემაა, თუმცა ის ფაქტი, რომ პარლამენტმა გახსნა სივრცე, შესამჩნევია. გავლენიანმა პარტიებმა, როგორებიცაა “ქართული ოცნება” და ენმ, დაიწყეს საკუთარი წევრების უფრო მეტად იდეოლოგიურად მომზადება, რაც ასევე სწორი დისკურსია.”

კორი ველტის მოსაზრებას ასევე ეთანხმება კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ომისა და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი. მისი აზრით, სივრცე თავისუფალია და პარლამენტის შემადგენლობაც საკმაოდ უჩვეულო, რაც გაცილებით საინტერესოს ხდის პოლიტიკურ პროცესებს:

“პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს წარმოადგენს პარტიას, რომელსაც საზოგადოების დაბალი მხარდაჭერა აქვს – ეს ქართული პარლამენტის კიდევ ერთ დამახასიათებელ თვისებაზე მიუთითებს – მას შეუძლია ჰყავდეს სათავეში ადამიანი, რომლის გავლენას არ ასუსტებს მისი პარტიული კუთვნილება. როდესაც ვლაპარკობთ უფრო ძლიერ პარლამენტზე, ან მის მიღწევებზე, უნდა გავიხსენოთ, ვინ არის მის სათავეში. დარჩება თუ არა ეს პარლამენტი ისტორიაში უსუფაშვილის პარლამენტის სახელით?” – ამბობს ლინკოლნ მიტჩელი.

რაც შეეხება პარლამენტში რეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალ წესთან დაკავშირებით, მიტჩელი დარმწმუნებულია, რომ ცვლილების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს:

“მე დღეს ვერ ვხედავ საქართველოში ამ ცვლილების აუცილებლობას. ზოგადად, არ არსებობს საუკეთესო ფორმულა პარლამენტის ჩამოყალიბებისათვის. ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები კი ამ კუთხით მხოლოდ დააზიანებს სისტემას. ყველა კანონმდებელს სურს, რომ კანონი მაქსიმალურად მისთვის იყოს შესაფერისი. დღეს შეიძლება ინიციატივა წარადგინოს რესპუბლიკურმა პარტიამ, რადგან თვლის, რომ ამ კუთხით უფრო მეტი შანსი აქვს, შემდეგ კიდევ სხვა პარტია გამოჩნდება.”

პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გია ნოდია ამჟმინდელი პარლამენტის მთავარ ნაკლად ოპონენტების მიმართ შეუწყნარებელ ტონს ასახელებს, თუმცა ტენდენციის ცვლილებას ელის.

“სანამ აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა არ მიიღებს ოპონენტებს და მათ აზრს არ აღიარებს ანგარიშგასაწევად, მანამდე გაგვიჭირდება გვქონდეს ფუნქციური პარლამენტი.

მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, თუმცა მოსალოდნელია, რომ მომავალი პარლამენტი იქნება უფრო მრავალპარტიული. თუ რაიმე სრულიად მოულოდნელი არ მოხდა, ისე, როგორც ეს იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების წინ, სამართლიან პროცესებს უნდა ველოდოთ,” – აცხადებს გია ნოდია.

კონფერენციაზე პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ გამართულობაზე ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა, რომელმაც მოქმედი პარლამენტი უარყოფითად შეაფასა. ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტი ხშირ შემთხვევაში სუსტი იყო და არ ითვალისწინებდა სამოქალაქო საზოგადოების პოზიციას. ნაცვლიშვილის აზრით, საკანონმდებლო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ამ პარლამენტის შეცდომად დარჩება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი