საზოგადოება

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ორი მსურველი ასაკის გამო კონკურსიდან მოხსნეს

14 აპრილი, 2016 • 1726
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ორი მსურველი ასაკის გამო კონკურსიდან მოხსნეს

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე დარეგისტრირების მსურველი ორი კანდიდატი საარჩევნო კომისიამ კონკურსიდან მოხსნა. მერაბ ელიაშვილი და ინესა მერაბიშვილის განაცხადი კომისიამ ასაკობრივ ნიადაგზე  არ დააკმაყოფილა. მიზეზად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი დაასახელეს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

ამ დროისთვის  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობისთვის სამი კანდიდატი აპირებს კენჭისყრას. მათ შორის არიან: თსუ-ის სრული პროფესორი ცირა ბარამიძე, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი ლევან გორდეზიანი, რომელიც 2005-2006 წლებში იყო რექტორის მოადგილე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი დარეჯან თვალთვაძე.

არჩევნები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას საარჩევნო კოლეგია მიიღებს. კოლეგია უნივერსიტეტის პერსონალითაა დაკომპლექტებული. მის შემადგენლობაში შედის დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი.

რექტორის მოვალეობის შესრულებლის არჩევა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მარტის თვის პირველ ნახევარში უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა ჯგუფების საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პაპავამ აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. საბჭომ პაპავას განცხადება დააკმაყოფილა, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის არჩევამდე პაპავა კვლავ რექტორი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი