ხელოვნება

მუზეუმი კედლების გარეშე

2 ნოემბერი, 2010 • • 1169
მუზეუმი კედლების გარეშე

ხვალ თბილისის სამხატვრო აკადემიაში  გამოფენა ,,ხედვა ფერებით” გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბრიტანელი მხატვრების სხვადასხვა ეპოქის ნამუშევრების ბეჭდური ვერსიები ბრიტანეთის საბჭოს კოლექციიდან.

გამოფენა  ფერთა ისტორიას აღწერს, თუ როგორ ავითარებდნენ მხატვრები ფერებს ძვლებიდან და სისხლიდან, მიწიდან და ქვიდან, ყვავილების ფურცლებიდან და მცენარეებიდან, ან როგორ მოხდა მათი აღმოცენება ფესვებიდან და ხის ქერქიდან.

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თანამედროვე ბრიტანელი წამყვანი მხატვრების ნამუშევრები იხილონ. მათ შორის არიან: დეიმიენ ჰერსტი, ალან დეივი, პატრიკ ქოლფილდი, პოლ ჰაქსლი, პატრიკ ჰერონი. ასევე წარმოდგენილია ედუარდო პაოლოცის და ჯონ ჰოილენდის ნამუშევრები.

ბრიტანეთის საბჭო უკვე 60 წელზე მეტია აგროვებს ბრიტანული ხელოვნების, ხალხური შემოქმედებისა და დიზაინის ნიმუშებს. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული კოლექციაში უკვე 8000-ზე მეტი ექსპონატია.

ამ კოლექციას არ აქვს მუდმივი შენობა და ამიტომ იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც მუზეუმი კედლების გარეშე. კოლექციის მიზანია ბრიტანელი მხატვრების, ხალხური შემოქმედების ოსტატებისა და დიზაინერების მიღწევებისა და შემოქმედებითი იდეების პოპულარიზაცია.

ასევე, 5 და 6 ოქტომბერს აკადემიის სტუდენტებს საშულება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ უორქშოფში,  რომელსაც გრაფიკოსი სარა ჯილეტი უხელმძღვანელებს. ჯილეთის თქმით, უორქშოფზე სტუდენტები ისწავლიან აკრილონის ფირფიტების გამოყენებას და გაეცნობიან მონოტიპისა და მონოპრინტის ტექნიკას.

,,თითოეულ სტუდენტს სამუშაოდ ექნება ორი აკრილონის ფირფიტა და ამასთან ერთად, ვიმუშავებთ ფენების დადების ტექნიკაზე. გავაკეთებთ ექსპერიმენტს ფენებზე რამდენიმე სტუდენტის ნახატზე, რომ შევქმნათ დინამიური მარკირება”, – ამბობს გრაფიკოსი.

ბრიტანელი მხატვრების გამოფენა აკადემიაში 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ბრიტანეთის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს კულტურისა და განათლების სფეროებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი