ხელოვნება

ანგელოზის მატარებელი

15 ოქტომბერი, 2010 • • 4055
ანგელოზის მატარებელი

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, კარლო კაჭარავას გამოფენა –”დიდი ქალაქების მიღმა” მიმდინარეობს. გახსნის დღეს, 9 ოქტომებერს, რა თქმა უნდა, ხალხმრავლობა იყო , თუმცა გამოფენას დამთვალიერებელი არც სხვა დღეებში მოკლებია. კაჭარავას ნახატების დასათვალიერებლად იყვნენ თბილისიდან ჯგუფებად ჩასული სტუდენტები, მოსწავლეები. იყო ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი. არ წყდებოდა დამთვალიერებლების აღფრთოვანებული შეძახილები და ფოტოაპარატების მაშუქების(ე.წ.„ვსპიშკის“) ნათება. გამოფენილი იყო არა მარტო კარლოს  ნახატები, არამედ მისი ფოტოები, ძვველი გამოფენების აფიშები, პოეზია და მისი დასურათებები. “ანგელოზის მატერებელი”, “მამა და ქალიშვილი”, “მამა მამა” და კარლოს სხვა ცნობილი ტილოები 31 დეკემბრამდე იქნება წინანდალში გამოფენილი.

 “მე ვგრძნობ, რომ მე კი არ ვცხოვრობ ჩემი საქმეებით, მოძრაობებით და ლაპარაკით, არამედ ეს  ყველაფერი მაცხოვრებს, თავისთავის ნაწილად მხდის, ეს ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად არსებობს და მომდინარეობს, თუმცა ეს ყევლაფერი ისევ ჩემშია.“

                                                                                          კარლო კაჭარავას ჩანაწერებიდან.

კარლო კაჭარავა XX საუკუნის მხატვარი იყო. ის და მისი რამდენიმე მეგობარი – მამუკა ცეცხლაძე, გია ლორია, გოგა მაღლაკელიძე  მხატვართა ჯგუფის– „არქივარიუსის“ დამფუძნებლები იყვნენ. მოგვიანებით კი კარლო უფრო დიდი ჯგუფის – „მეათე სართულის“ ლიდერი გახდა.

თუმცა ძნელია, დაარქვა მას მხოლოდ მხატვარი. ის იყო პოეტი, ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი… შეუძლებელია, მისი შემოქმედების რომელიმე სფერო ცალკე განიხილო, იმიტომ, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. „ არ არსებობს განცალკევებულად კარლოს პოეზია, ნახატები, მოთხრობები, ჩანაწერები. ეს ყველაფერი ერთი მთლიანობაა და კარლოც ამ მთლიანობის ნაწილი. თვითონაც ისეთი იყო, როგორიც მისი ნახატები.“ – იხსენებს მამუკა ცეცხლაძე.

მისი ნახატები ძალიან ჰგავს მის პოეზიას. ის ირჩევდა ნებისმიერ დეტალს ყოველდღიური ცხოვრებიდან და ხატავდა მასზე,  ქმნიდა ისტორიას, რომელიც შეიძლება სულაც არ შეესაბამებოდა რეალობას. თვითონვე წერდა მისი შემოქმედების განუყოფელობაზე:                                    

„მე განუწყვეტლივ ვწერ ქარხნებზე, რკინიგზებზე, მაღაროებზე და ყოველთვის იქვე მეგულება ამ ქარხნებსა და მაღაროებში მომუშავე მოჩვენებები და ანგელოზები. უდანაშაულო მსხვერპლნი და საშინელი ბოროტმოქმედნი. ვფიქრობ, ჩემი პოეზია ძალიან ჰგავს ჩემს ნახატებს.“

ანგელოზის მატარებელი-კარლო კაჭარავა
ანგელოზის მატარებელი-კარლო კაჭარავა

კარლოს უყვარდა, ზოგადად, ლიტერატურა, განსაკუთრებით გერმანული. „გერმანული ხელოვნება მასთან ძალიან ახლოს იყო. კერძოდ, გერმანული რომანტიზმი, ამ დროის მხატვრობა, მწერლობა და გერმანული ექპრესიონიზმის 20-30იანი წლების შემოქმედება. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად  ესადაგებოდა კარლოს მხატვრულ ენას.“- ამბობს მამუკა ცეცხლაძე.  გერმანული ხელოვნების სიყვარული მის ნახატებშიც ჩანს. ხშირად ვხდებით რომელიმე გერმანელი მწერლისადმი მიძღვნილ ნახატს, ლექსს. თვითონ ნახატები კი სავსეა გერმანული ფრაზებით.

კარლო ხშირად ხატავდა საკუთარ დას, ლიკას, რომელიც მასზე 2 წლითაა უმცროსი. მამის ადრე გარდაცვალება და პატარა და, რომელიც მამის გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ დაიბადა, სავარაუდოდ, კარლოს ნახატების სერიის „მამა და ქალიშვილის“ შთაგონებად იქცა. აღსანიშნავია, რომ ის ხშირად ხატავდა საკუთარ თავსაც. თითქმის ყველა ნახატში შეგვიძლია დავინახოთ წვერებიანი, მელოტი, ხანდახან კი შლიაპიანი, გრძელ ქურთუკში ჩაცმული პერსონაჟი. ეს კარლოა. ხშირად იგი, თითქოსდა, უმნიშვნელო ფიგურაა, რომელიც სადღაც მიდის, ხანდახან ავტოპორტრეტის ერთადერთი პერსონაჟია, ხან ვინმე ქალთან ერთადაა ნახატზე, ხანაც ანგელოზს დაატარებს. თითქოს, მისი მონაწილეობა თავისივე ნახატებში, გვეუბნება, რომ  თავად განიცდიდა ყველაფერს, რასაც ხატავდა და წერდა. 1978 წელს კარლო თავის წიგნაკში წერს: „დილის 11 საათია. საინტერესო ამბავია. როცა ლექსში „ომი“ სიცივისგან აკანკალებულ გოგონაზე ვწერდი, მეც შემცივდა და ამაკანკალა რაღაცამ.“  თითქოს, მხატავრი თავისი ნახატების, ლექსებისა და ჩანაწერების სამყაროში ცხოვრობდა. ის წერს: „მხატვარი მარტო თავის ნამუშევრებს კი არ აკეთებს, არამედ –თავის გარემოს, მითს საკუთარი თავის გარშემო და შესახებ.“ სწორედ ასე, თავისივე შემოქმედებით შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა თვითონაც.

„ყველას და ყველაფერს სახელს არქმევდა: მეგობრებს, ქუჩებს. თავისი გამოგონილი სამყარო ჰქონდა, თუმცა მისთვის ეს რეალობა იყო.“ იგონებს კარლო კაჭარავას ახლო მეგობარი მამუკა ცეცხლაძე.

თუმცა როგორი იყო რეალობა სინამდვილეში? როგორც ჩანს, 90-იან წლებში კარლოს ძალიან უჭირდა საქართველოში ცხოვრება. მისი ჩანაწერები სავსეა სასოწარკვეთილებით. „ღმერთო! უკვე 90-იანი წლებია… ჩვენთვის მშიერი, საძაგელი, მარცხით სავსე.“ 1993 წელს, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, ის წერს: „დღეს 19 ოქტომბერია, ჩვეულებრივი, სულელური დღე. ე.წ. ახალ გალერეასთან მხატვრები იდგნენ ჰონორარის მიღების იმედით. ყველა ერთმანეთზე უარესად გამოთაყვანებული. მეტროში ერთი და იგივე ჯოჯოხეთია, გულისრევის გრძნობაა და შიში, ზიზღი და სხვა არაფერი. ქუჩაში სისაძაგლის მეტი არაფერია, სრული ქაოსია.“ რას უნდა გამოეწვია მხატვრის ასეთი იმედგაცრუება? ცოტა გვიანდელ ჩანაწერებში ამაზეც ვპოულობთ პასუხს: „ აქ, ამ დამპალ ქვეყანაში, ერთმნიშვნელოვნად უინტერესოა ნებისმიერი აზრი, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, რაზეა საუბარი, თუკი ოცდაცხრა წელი ტყუილად მიცხოვრია, რადგან დღეს ცხოვრების ელემენტარული პირობები არ გამაჩნია ამ დაწყევლილ ქვეყანაში, რომლსაც, სამწუხაროდ, ჩემი სამშობლო ჰქვია.“ 

კარლო კაჭარავა
კარლო კაჭარავა

1994 წელს, 9 აპრილს, 30 წლის კარლო კაჭარავა გარდაიცვალა. რამდენიმე ხნით ადრე, მოსკოვის მეტროში მიმავალი მხატვარი დააყაჩაღეს და სცემეს. მან იმდენად კარგად ასახა ეს ყველაფერი თავის ლექსში, რომ თვალწინ გიდგება მთელი სურათი, თითქოს, დახატა და უყურებ:

“ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა –

მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან –

(ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.

………………………………………………………..

აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს.

და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს

სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს.”

მოსკოვში მომხდარი ამ შემთხვევის შემდეგ, კარლოს თავზე ჰემატომა განუვითარდა და 2-მა ოპერაციამაც ვერ უშველა. საბოლოოდ, ის ანევრიზმით გარდაიცვალა.                              

როგორც თვითონ წერდა : სიკვდილი გამომშვიდობების დასასრულია!

 

გარდაცვალების შემდეგ, გაიმართა მისი პერსონალური გამოფენები საქართველოში და უცხოეთშიც. გამოიცა მისი სტატიებისა და პოეზიის ორტომეული.                                                                                                                               დღესდღეობით კარლოს ნახატებისა და ჩანაწერების უმეტესობას მისი და, ლიკა კაჭარავა ინახავს. მისი ზოგიერთი ნახატი კი უცხოეთის გალერეების და კერძო პირების კუთვნილებაა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი