“მშვიდობით, ძია გერშვინ!” – მაია ცირამუას რომანი

“მშვიდობით, ძია გერშვინ!” – ასე ჰქვია ფსიქოლოგ მაია ცირამუას მცირე ზომის რომანს, რომელსაც გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” უახლოეს მომავალში გამოსცემს. წიგნის პრეზენტაცია გაზაფხულზე გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

რომანი 1990-იან წლებში დაწერა მაია ცირამუამ, თუმცა ტექსტი ამ დრომდე მხოლოდ ავტორის რამდენიმე უახლოეს ადამიანს აქვს წაკითხული. როგორც მაია ცირამუა ამბობს, საგულდაგულოდ გადამალული ტექსტი დაახლოებით ერთი წლის წინ იპოვა და მისი დაბეჭდვის მძაფრი სურვილი გაუჩნდა, რადგან ის პრობლემები, რის შესახებაც საუბარია რომანში, დღესაც ძალიან აქტუალურია.

წიგნში, ძირითადად, სხვადასხვა ასაკისა და სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ქალების შესახებ გიამბობთ: არის ძალადობის თემა და ამბავი, რომელიც მოგვითხრობს ქალების შესახებ ერთი კაცის გარშემო – როგორ აღიქვამს ეს კაცი იმას, თუ რა მონაცემები აქვს თითოეულ ამ ქალთან. წიგნი ასევე ეხება ბევრ სხვა პრობლემას, რომელიც დღესაც აქტუალურია; ეხება შუა ასაკის კრიზისს, ეხება თინეიჯერების პრობლემებს, ეხება შვილად აყვანის საკითხს და სხვა თემებს, რომელიც გახსნილია თვითონ ამ ქალების ისტორიებში,” – ამბობს რომანის ავტორი.

მაია ცირამუა იხსენებს წიგნის დაწერის პროცესსაც და აღნიშნავს, რომ ამ დროს თვითონ მესამე შვილს ელოდებოდა:

წიგნის შესავალშიც ვყვები ჩემს იმდროინდელ მდგომარეობაზე. ასე ვთქვათ, ეს არის დიასახლისის პერსპექტივიდან დანახული ქალის ცხოვრება. მაშინ ტარდებოდა ლიტერატურული კონკურსი, სადაც მინდოდა მომესინჯა ძალები, როგორც მწერალს. შემდეგ მოხდა ძალიან სასაცილო რაღაც – მე კი დავწერე რომანი, მაგრამ ლიტერატურულმა კონკურსმა დაფინანსება ვეღარ მიიღო. წიგნი არ გადამიგდია, მაგრამ ამან განაპირობა ის, რომ ძალიან საგულდაგულოდ შევინახე და დავივიწყე. ასე რომ, გამოქვეყნების მცდელობა აქამდე არც კი მქონია. რამდენიმე ძალიან ახლობელ ადამიანს წავაკითხე და ამით დასრულდა ყველაფერი”.

როგორც ავტორი ამბობს, მაშინ ძალიან დაეხმარა ეს წიგნი, რადგან მისთვის წერის პროცესს ძალიან სერიოზული თერაპიული ეფექტი ჰქონდა.

მაია ცირამუა ამბობს, რომ კვლავ აპირებს წერის გაგრძელებას. მისი თქმით, აქვს კონკრეტული თემა, რაზეც სურს წიგნის დაწერა, თუმცა ჯერ პირველ რომანზე მკითხველის გამოხმაურებებს და უკუკავშირს დაელოდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.