სოფია ჰელინის ბრძოლა სექსიზმის წინააღმდეგ “ურჩხულების” გამოვლენის გარეშე

შვედი მსახიობი სოფია ჰელინი პოპულარული გახდა შვედურ-დანიური სატელევიზიო სერიალით “ხიდი”. სამსახიობო კარიერის გარდა, ჰელინი სოციალურად აქტიურ ცხოვრებასაც ეწევა. ის #metoo მოძრაობის შვედური ანალოგის, #tystnadtagning, წევრი და აქტივისტია, რომელიც კინოინდუსტრიაში სექსუალური ესპლუატაციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვრის.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ მსახიობის ინტერვიუს theconversation.com-თან, სადაც საკუთარ კარიერაზე, აქტივიზმსა და გამოცდილებაზე საუბრობს:

“ხიდის”  პერსონაჟ საგა ნორენისგან განსხვავებით, სოფია ჰელინი მაშინ იღიმის, როცა თავს ასე გრძნობს. თუმცა მსახიობს სძულს, როცა იძულებულია გაიღიმოს. მაგალითად, წითელ ხალიჩაზე, როდესაც ფოტოგრაფებითაა გარშემორტყმული:

“ყველაზე უარესია, როცა გეუბნებიან, “მეტი კბილი, თუ შეიძლება”, თითქოს ცხენი ვიყო. ღიმილი კარგია, მაგრამ მაშინ, როცა ბუნებრივია და არა – იძულებითი” – ამბობს მსახიობი.

ეს ნაწილობრივ ხსნის ფაქტს, თუ რატომ არ იღიმოდნენ სოფია და მისი კოლეგები კამერების წინ “გულბაგენის” დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე, რომელსაც შვედურ ოსკარს უწოდებენ. ამის ნაცვლად შავ მაისურებში გამოწყობილმა მსახიობებმა  წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულებმა ჩაიარეს მაისურებზე წარწერით – #tystnadtagning, რაც #metoo მოძრაობის შვედური ანალოგია კინოინდუსტრიაში სექსუალური ექსპლუატაციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

“ჩვენ ასევე გვეცვა მოსახერხებელი ფეხსაცმელი” – ამბობს სოფია. მას სძულს ყველაფერი, რასაც შეუძლია სირბილში ხელი  შეუშალოს. “არ არსებობს მოდური განაცხადი, რომელიც არაკომფორტული არ არის” – ამბობს სოფია.

პერსონაჟისგასგან განსხვავებით, სოფია ჰელინი მხიარულია, არც პორშე 911-ს მართავს და ტყავის შარვლითაც არ დადის. თუმცა მისი საეკრანო ალტერ ეგოს მსგავსად, ზედა ტუჩზე ნაიარევი აქვს. ჭრილობა მსახიობმა 20 წლის ასაკში მიიღო მოტოციკლეტიდან გადმოვარდნის შედეგად. ის ახლა მისი პიროვნების ნაწილია და ისეთ შესახედობას აძლევს, როგორც მკაცრ, მაგრამ, ამავდროულად, მგრძნობიარე მეომარს, რომელმაც რამდენიმე ბრძოლა გამოიარა. კითხვაზე, თავადაც თუ გამოუცდია სექსუალური შევიწროება შვედეთში, მსახიობი პასუხობს:

“მე უბრალოდ შესანიშნავი შერონ სტოუნის ციტატას მოვიხმობ, “მე ყველაფერი გამომიცდია”.

ერთხელ  “ინსტაგრამის” მეშვეობით სოფიას ავსტრალიელი თაყვანისმცემელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ იცოდა კლინიკა, სადაც მსახიობს ნაიარევის მოსაშორებელი ოპერაციის გაკეთება და “გამოსწორება” შეეძლო. როგორც გულშემატკივარი წერდა, ეს სოფიას ცხოვრებას შეცვლიდა.

“მე მიყვარს ჩემი ნაიარევი, შენ გიყვარს შენი?” – უპასუხა ჰელინმა.

ფილოსოფიის ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტი, სოფია ჰელინი 45 წლისაა და შვედური ლუთერანული ეკლესიის სასულიერო პირზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი, 14 წლის ბიჭი და 8 წლის გოგო ჰყავს:

“როცა დავბერდები, უკან მოვიხედავ და ჩემ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შევაფასებ, სასიამოვნო იქნება იმის შეგრძნება, რომ რაღაც გამიკეთებია” – ამბობს სოფია.

“თუ ვინმე გაუპატიურებს, ეს სექსუალური თავისუფლება არაა” – ამბობს მსახიობი.

მოძრაობა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ შვედეთში 70 000 ქალს აერთიანებს. ჰოლივუდისგან განსხვავებით, შვედური მოძრაობა არაა პერსონებზე კონცენტრირებული და ჰარვი ვაინშტაინისა და კევინ სპეისის მსგავი ინდივიდების გამოვლენის ნაცვლად სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობს.

“ურჩხულის შექმნა ვალდებულებებისგან გვათავისუფლებს” – ფიქრობს ჰელინი.

ჰელინი ამბობს, რომ “ხიდის” გადაღებებზე მუშაობა მოსწონდა. სერიალს ყოველთვის ზამთარში იღებდნენ, რათა “ცივი” და “ნაცრისფერი” ატმოსფერო შეექმნათ.

შვედურ-დანიური ტელესერიალი “ხიდი”

სერიალის სცენარი ჰანს როსენფელდს ეკუთვნის. საგას პერსონაჟი კი როსენფელდმა და ჰელინმა ერთად შექმნეს. როგორც მსახიობი ამბობს, ის ახლა დაინტერესებულია ისეთი პროექტებით, რომლებიც ქალების მიერ ქალებისთვის იქმნება. მან ჩამოთვალა და დასცინა ყველა ისეთ ფილმსა თუ ისტორიას, რომელიც კაცების მიერ დაიწერა, სადაც ქალი ან შეშლილადაა წარმოჩენილი, ან სიცოცხლეს სუიციდით ამთავრებს.

სოფია ჰელინი ახლა ახალ სერიალზე მუშაობს, რომლის სცენარიც მასვე ეკუთვნის. ტელესერიალი, სახელწოდებით “ღირსება” (Honour) 4 იურისტ ქალზე იქნება და გადაღებები 2018 წლის ბოლოსთვის დაიწყება.

ჰეილინს მაგალითად მოჰყავს მერილინ მონრო – ინტელექტუალი ქალი, რომელიც იძულებული იყო, თავი სულელად წარმოეჩინა:

“ყველაფრის გარეგნობამდე დაყვანა, თითქოს მეტს არაფერს წარმოადგენ და მხოლოდ საკუთარი გარეგნობის გამო იყო ცნობილი …  გასაკვირი არაა, რომ 35 წლის ასაკში დანებდა” – ამბობს ჰელინი.

მას არ სურს, “სახე” გახდეს არც იარით და არც მის გარეშე. თუმცა, მეორე მხრივ, არც ის უნდა, რომ “გაუჩინარდეს”, რაც ბევრ მსახიობ ქალს ემართება ასაკის მატებასთან ერთად. ჰელინის თქმით, არ უნდა არსებობდეს მსგავსი მიდგომა, თითქოს ქალ მსახიობებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად კარგად წარმოჩენა კონკრეტულ ასაკამდე შეუძლიათ.

“ჩვენ ყურადღების ცენტრში ვართ და თითქოს ჩვენ შორის კონკურენციაა, ერთი ქალი მეორის წინააღმდეგ. თუმცა ჩვენი ძალა ერთმანეთის მხარდაჭერაშია” – ამბობს ჰელინი.

“გულბაგენზე” საკუთარ სიტყვით გამოსვლაში ჰელინმა გაიხსენა ციტატა ნორვეგიელი დრამატურგის, ჰენრიკ იბსენის პიესიდან, “თოჯინის სახლი”. ფინალურ სცენაში პიესის პერსონაჟი ნორა, როგორც იქნა, ქმრის მიტოვების გადაწყვეტილებას მიიღებს და ამბობს, რომ დიდხსანს ელოდებოდა რაიმე განსაკუთრებულს, თუმცა ასე არ მოხდა და ახლა სახლიდან მიდის.

სიტყვა, რომელსაც იბსენი “განსაკუთრებულის” აღსაწერად იყენებს, პირდაპირ არ ითარგმნება. როგორც ჰელინი ამბობს, ეს “შესანიშნავს”, “ჯადოსნურსა” და “გასაოცარს შორისაა. ჰელინის თქმით, ამ ფრაზის სხვა ენაზე ზუსტად გადმოცემა, ალბათ, შეუძლებელია, თუმცა, როცა მსგავსი განცდა ადამიანს ეუფლება, ის ყოველთვის ხვდება, რომ სწორედ ესაა “vidunderliga”.


რატომ უნდა უყუროთ შვედურ/დანიურ სატელევიზიო დრამას, რომელშიც სოფია ჰელინი მთავარი პრესონაჟის როლშია, წაიკითხეთ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.