“დაისის მიზიდულობა” – სალომე ჯაშის ფილმი თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე

საბჭოთა შენობის ინტერიერში კინოკამერა სვეტების გასწვრივ იწყებს მოძრაობას. მათ მიღმა კი ძველ, მაგრამ ნათელ ფანჯრებს ვხედავთ. სვეტებისა და ფანჯრების აუღელვებელი მონაცვლეობა მუსიკის იდენტურ რიტმს ქმნის, რომელიც წინ უსწრებს მომდევნო კადრებში გაჟღერებულ მომაჯადოვებელ ვოკალს. ნახევრად გაპარტახებული და ორიოდე ათეული მსმენელისგან წარმოდგენილი სააქტო დარბაზიდან კამერა ნელ-ნელა სცენისკენ გადაინაცვლებს, სადაც საკონცერტო ნომერს სხვადასხვა თაობისგან შემდგარი კვარტეტი ასრულებს. ასეთია სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „დაისის მიზიდულობა“ გამხსნელი ეპიზოდი, რომელსაც კომპოზიციური თვალსაზრისით შეგვიძლია ქრესტომათიულიც ვუწოდოთ.

თავდაპირველად რეჟისორს ჩაფიქრებული ჰქონდა ფილმი რეგიონული ტელევიზიის შესახებ გადაეღო. ამ მიზნით მან საქართველოს რაიონებში რამდენიმე ტელეარხი მოინახულა, სანამ საბოლოოდ ყურადღება წალენჯიხის მაუწყებელ „ჯიხაზე“ არ შეაჩერა. თუმცა, როგორც დოკუმენტური პროექტის გადაღებისას ხშირად ხდება ხოლმე, დასრულებული ფილმის ფოკუსი უფრო მრავლისმომცველი აღმოჩნდა და „ჯიხას“ თანამშრომლების გარდა სურათმა წალენჯიხის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი, მათი ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე და სიმძიმეც მოიცვა.

THE DAZZLING LIGHT OF SUNSET trailer from sakdoc film on Vimeo.

ბოლო წლებში ქართულ კინოში ქალაქგარეთ და სოფლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმები მომრავლდა. შესაბამისად, გაიზარდა იმ რეჟისორთა რიცხვიც, რომლებიც სოფლის პრობლემების გაზიარებას ცდილობენ მაყურებლისთვის. თუმცა, ზოგჯერ ისე ხდება, რომ ქალაქელი რეჟისორი პროვინციაში მცხოვრები ადამიანის სატკივარის,  თუ პრობლემატური მოვლენის ჩვენებისას ქედმაღლურ პოზიციას იჭერს. დიდი ვარაუდით, მას ეს გაუცნობიერებლად მოსდის. მაგრამ საქმე ისაა, რომ დოკუმენტურ კინოში განსაკუთრებით ადვილად ჩანს, თუ რამდენად აღელვებს ფილმის ავტორს ემოციურად ის, რაც კადრში ხდება, ან რას ფიქრობს იმაზე, ვინც კადრში ჩანს. ავტორის მხრიდან საკუთარი უპირატესობის შეგრძნება ასეთ კინოში ძნელია  დამალო. იმედია, ეს ფაქტი ჩვენს ეროვნულ კინემატოგრაფში ტენდენციის სახეს არ მიიღებს.

ამასობაში კი „დაისის მიზიდულობა“ საპირისპირო სურათს გვთავაზობს – რეჟისორი მაყურებელთან ერთად იცინის და ტირის და არ თვლის, რომ წალენჯიხის რაიონში განვითარებული მოვლენები იმაზე აბსურდულია, ვიდრე თბილისის, ევროპის რომელიმე სხვა ქალაქის, ან დედამიწის სხვა კონტინენტის რეალობა. აბსურდზე საუბარი კი დარბაზში გამართულ კითხვა-პასუხის სესიაზე ერთ-ერთმა მაყურებელმა ფილმის დასრულებისთანავე დაიწყო. დიახ, შეიძლება აბსურდული ვუწოდოთ იმას, რომ მინიმალური მატერიალური რესურსების და  მრავალწლიანი პოლიტიკური თუ სოციალური იმედგაცრუების პირობებში ფრუსტრირებულ ადამიანებს კიდევ აქვთ საკუთარი ნიჭის გამოვლენის სურვილი, რაც სხვა სურვილებზე არანაკლებ ლეგიტიმურია. მართალია, სცენა კეთილმოუწყობელია, მართალია, აუდიტორია მხოლოდ ლოკალურია, მაგრამ წარმოდგენა წალენჯიხაში მაინც იმართება და თანაც სავსე დარბაზში. ეს დარბაზი კი ისევე აქტიური და ცოცხალია, როგორც იმ მაღალი ტექნიკური მხარდაჭერის მქონე აპარატურით განათებული და პირდაპირ ეთერში ტრანსლირებული წარმოდგენების აუდიტორია, რომელთა საშუალებითაც ასე ინტენსიურად გვირეცხავენ ტვინს ქართული ტელევიზიები.

დაისის მიზიდულობა სალომე ჯაშის ფილმი თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე

დაისის მიზიდულობა
სალომე ჯაშის ფილმი თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე

ფორმალური თვალსაზრისით, „დაისის მიზიდულობა“ ეთნოგრაფიული კინოს და ტრაველოგის ნაზავია. ფილმის ეს ჟანრობრივი მიკუთვნებულობა ზედაპირული ხასიათისაა, ვინაიდან ის მხოლოდ ერთი შეხედვით მისდევს ჟანრის ნარატიულ ნიშნებს, როგორიცაა, მაგალითად, ქორწილისა და დაკრძალვის სცენების ჩვენება. ეს ეპიზოდები რიტუალისთვის დამახასიათებელ ამაღლებულ განწყობებს და, ამავდროულად, პერსონაჟთა ხასიათში ინტეგრირებულ თეატრალურობას ავლენს. ქორწილი და დაკრძალვა, დრამა და კომედია, სევდისა და მხიარულების რადიკალური განწყობები ადამიანების ცხოვრებაში თანაარსებობს და მათი ყოველდღიურობის ნაწილია. განსხვავებული ემოციური რეაქციები ერთმანეთს სწრაფად ცვლის როგორც ფილმში, ისე კინოდარბაზშიც, სადაც მაყურებლები მონაცვლეობით იცინიან და ტირიან.

„დაისის მიზიდულობა“ არ არის პოლიტიკური ფილმი, თუმცა წალენჯიხის სახელისუფლებო პოლიტიკის კრიტიკის ელემენტები მასში მაინც ჟღერს. ეს კი პირველ რიგში იმ ადამიანების წარმოჩენაში გამოიხატება, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის მოგვარების თხოვნითა თუ მოთხოვნით მიმართავენ ადგილობრივ მთავრობას. ადამიანები ისეთი ელემენტარული სასიცოცხლო საჭიროებების მოსაპოვებლად იბრძვიან, როგორიც წყალმომარაგებით მათი უზრუნველყოფაა. ზოგს ჯანმრთელობის საკითხი აქვს მოსაგვარებელი, ზოგსაც დასაქმების. მთავრობა უსმენს ამ ადამიანებს, თუმცა მათი თხოვნის დაკმაყოფილებას ხშირად ვერ ახერხებს.

რეჟისორის მხრიდან რეალობის ასახვამ ადგილობრივ ხელისუფლებაში იმთავითვე არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია და, შეიძლება ითქვას, „დაისის მიზიდულობის“ ფინალური ეპიზოდის ხასიათიც განაპირობა: მთავარი პერსონაჟები, ტელევიზია „ჯიხას“ თანამშრომლები კამერის წინ სხედან და ცდილობენ, საკუთარი თავის თუ პოზიციის ფილმისგან დისტანცირება მოახდინონ. ისინი რეჟისორის მიერ გადასაღები ობიექტების სუბიექტურ შერჩევაზე ამახვილებენ ყურადღებას. ასევე იმაზე, რომ ფილმში არ არის ასახული წალენჯიხის ლამაზი ბუნება ან მატერიალური კულტურის ძეგლები, რომ სურათი არ ახალისებს ტურიზმს.

არადა ილუსტრირებულ ტურისტულ გზამკვლევს საქართველოში ხშირად იღებენ კინორეჟისორებიც და ფოტოგრაფებიც. არსებობს ფილმები და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ფოტოალბომებიც, რომლებმაც უცხოელ თუ ქართველ მოგზაურს ქვეყნის სხვადასხვა მხარეების დათვალიერების სურვილი უნდა აღუძრან. მაგრამ ცოტაა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც კრიტიკულ ანალიზს სთავაზობენ მაყურებელსა თუ დამთვალიერებელს და რომლებმაც პრობლემების მოგვარებაზე რეფლექსიას უნდა შეუწყონ ხელი.

დაისის მიზიდულობა სალომე ჯაშის ფილმი თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე

დაისის მიზიდულობა
სალომე ჯაშის ფილმი თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე

ის, რომ სალომე ჯაშმა ფილმის ფინალში პერსონაჟებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მისცა, მიანიშნებს მის სურვილზე, არ შეიტანოს დისჰარმონია ამ ადამიანების ურთიერთობებში მეგობრებთან, მეზობლებთან, კოლეგებთან თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე, სურვილს, იმთავითვე შექმნას მეორე აზრი მის მიერ ასახულ მოვლენებზე. შესაძლოა ამგვარი პოზიცია დემოკრატიული და ადამიანურია, მაგრამ ფაქტია, რომ რიგ გარემოებათა გათვალისწინებისა თუ გაუთვალისწინებლობის შედეგად, რეჟისორი გვაძლევს პროზაულ ფინალს პოეტიკის შემდეგ.

როდესაც კინოთეატრ „ამირანში“ სალომე ჯაშს ვკითხე, თუ რამ უბიძგა, რეგიონულ ტელევიზიაზე აეგო ფილმის სიუჟეტი, მან გაიხსენა ეპიზოდი საკუთარი ცხოვრებიდან, როდესაც ლონდონის მახლობლად, პატარა ქალაქში ცხოვრობდა. ერთ დღესაც ამ ქალაქში ადგილობრივი გაზეთი გადაშალა, რომელიც იუწყებოდა, რომ მისის და მისტერ სმიტებმა ლუდის ბარი დახურეს. „სწორედ მაშინ გამიჩნდა კითხვა, თუ როგორ შეიძლება გაშუქდეს ამბავი პატარა ქალაქში“ – ამბობს ფილმის რეჟისორი. „დაისის მიზიდულობის“ ნახვის შემდეგ ასევე შეიძლება დაისვას კითხვა: როგორ შეიძლება აღიქვას პატარა ქალაქმა სხვის მიერ თავისი ამბის გაშუქება?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი