აფიშაკინოსაზოგადოებახელოვნება

9 ფილმი, რომელიც თბილისის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

23 ნოემბერი, 2023 • 4156
9 ფილმი, რომელიც თბილისის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს დაიწყება და დასრულდება 3 დეკემბერს.

წლევანდელ ფესტივალს ამირანის კინოთეატრთან ერთად უმასპინძლებს „კავეა გალერეა”, სადაც გაიმართება ჩვენება სექციაში „ევროპული კინოს თვე” შესული ფილმებისა.

24 ნოემბერს დაიწყება კინოფესტივალის ბილეთების გაყიდვა როგორც ამირანის და კავეა გალერეის სალაროებში, ისე ონლაინ ვებგვერდებზე – kinoafisha.ge, biletebi.ge, tkt.ge.

წლევანდელი ფესტივალის „ქვეყანა ფოკუსში” იქნება სომხეთი, სექციაში მაყურებელი იხილავს როგორც თანამედროვე, ისე საბჭოთა პერიოდში გადაღებულ სომხურ ფილმებს.

მაყურებელს საშუალება ექნება, ნახოს პედრუ კოშტას ფილმების რეტროსპექტივა. პორტუგალიელი რეჟისორი იქნება წლევანდელი ფესტივალის „რეჟისორი ფოკუსში”.

ტრადიციულ სექციაში — „აპოლო: კინომეხსიერება” — რუბენ მამულიანის ფილმებთან ერთად ნაჩვენები იქნება ლინდსეი ანდერსონის ფილმის „იღბლიანი” (O, Lucky Man!) აღდგენილი ვერსია.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ვრცელი და მრავალფეროვანი პროგრამიდან შევეცადეთ, გამოგვერჩია 9 ფილმი:

1.აკი კაურისმიაკი – „ჩამოცვენილი ფოთლები”.

3 დეკემბერი – 21:00 – კინოთეატრი ამირანი – პირველი დარბაზი.

ფინელი რეჟისორი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება კინოეკრანს. ფილმის აღწერის წაკითხვისთანავე ცხადი ხდება, რომ აკი კაურისმიაკი არ ღალატობს თავის მუდმივ საფიქრალსა და სათქმელს: კვლავ ეძებს სიყვარულს – სიცივესა და სიყვარულისგან დაცლილ გარემოში. ამჯერად კი, ჰელსინკიში მცხოვრები, მუშათა კლასის წარმომადგენელი ორი ადამიანის ცხოვრებისეული ამბის მოყოლით, რომელთაც ერთმანეთისკენ მიმავალ გზაზე მრავალი უცნაური ამბავი გადახდებათ თავს.

2. რიუსუკე ჰამაგუჩი – „ბოროტება არ არსებობს”.

2 დეკემბერი – 16:00 – კინოთეატრი ამირანი – მეორე დარბაზი.

ყოველთვის დიდია ინტერესი რიუსუკე ჰამაგუჩის ახალი ფილმების მიმართ, თუმცა ამ შემთხვევაში, ინტერესს ემატება ძალიან  ახლობელი თემა. ფილმი მოგვითხრობს ამბავს პატარა სოფელში მცხოვრები მამა-შვილის შესახებ. ბუნებასთან კავშირში  მყოფი ადამიანებისთვის ყველაფერი (შე)იცვლება მაშინ, როცა საინვესტიციო კომპანია სოფელში ტურისტების მისაზიდად მშენებლობის დაწყებას და ბუნების ხელყოფას გადაწყვეტს. ტრეილერიდანვე ცხადია, რომ თემის მიღმა სურათი გამოსახულებითაც იქნება გამორჩეული.

3. მოლი უოკერი – „როგორ დავკავდეთ სექსით”.

3 დეკემბერი – 19:00 – კინოთეატრი ამირანი – პირველი დარბაზი.

მოლი უოკერის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა შედგა წლევანდელი კანის კინოფესტივალზე სექციაში  „სხვა ხედვა” (Un Certain Regard), სადაც სურათმა დაიმსახურა  მთავარი პრიზი.

სამი თინეიჯერი გოგოს საზაფხულო მოგზაურობამ  ბევრი რამ უნდა შეცვალოს მათ ცხოვრებაში. გართობა, კლუბები და ინტიმური ურთიერთობები ახალი ცხოვრების დაწყების წინაპირობა უნდა გახდეს, თუმცა მოგზაურობა იქცევა თვითგამორკვევის, სირთულეებისა და მძიმე გამოცდილებების ერთობად.

4. ვიმ ვენდერსი – „იდეალური დღეები”.

27 ნოემბერი – 19:00 – კინოთეატრი ამირანი – პირველი დარბაზი.

ვიმ ვენდერსის ფილმი მოგვითხრობს ტოკიოში მომუშავე დამლაგებელი ჰიროიამას უბრალო ცხოვრებისა და მშვიდი ყოველდღიურობის შესახებ, რომელიც  სავსეა მუსიკის, წიგნებისა და ბუნების სიყვარულით. ყოველდღიურობის პოეტიკით გაჯერებული სურათი, რომელიც პერსონაჟის წარსულშიც გვახედებს, აჩენს მოლოდინს, რომ ვიხილავთ ვიმ ვენდერსის ადრეული შემოქმედებისთვის დამახასიათებელ სადა და ღრმა თხრობას.

5. ჟუსტინ ტრიე – „დაცემის ანატომია”

3 დეკემბერი – 13:00 – კინოთეატრი ამირანი – პირველი დარბაზი

ჟუსტინ ტრიეს ფილმი გახდა წლევანდელი კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს პალმის რტოს” მფლობელი, თავად ტრიე კი მესამე რეჟისორი ქალი ფესტივალის ისტორიაში, რომელმაც შეძლო მთავარი ჯილდოს მოგება. ფილმის სიუჟეტი ვითარდება მთავარი პერსონაჟი მწერალი ქალის გარშემო, რომელიც ბრალდებულია ქმრის მკვლელობაში. სასამართლო პროცესზე, სადაც უნდა გაირკვეს დანაშაულის ჩამდენის ვინაობა, მოწმედ უნდა წარდგეს მწერლისა და გარდაცვლილი ქმრის საერთო შვილი, რომელმაც უნდა მიიღოს მთავარი გადაწყვეტილება. წინააღმდეგობრივი გამოხმაურებების შემდეგ ქართველ მაყურებელს თავად შეეძლება შეაფასოს წლის მთავარი პრიზის მფლობელი ფილმი.

6. ზაზა ხალვაში – „ლოტო”.

29 ნოემბერი – 19:00 – კინოთეატრი ამირანი – პირველი დარბაზი. 2 დეკემბერი – 11:00 – მეორე დარბაზი.

„ლოტო” ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმია, რომლის დასრულებაც რეჟისორმა სიცოცხლეში ვერ შეძლო. ფილმი დაასრულეს შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა. რეჟისორის ბოლო ნამუშევარი შავ-თეთრი ფილმია ფერად ამბებზე; ზღვისპირა ქალაქის ეზოში მცხოვრებ მეზობლებზე, რომელთა ოცნებები, საიდუმლოებები და ყოველდღიურობა ფრაგმენტებად ენაცვლება და ერწყმის ერთმანეთს.

7. მარიამ ჭაჭია & ნიკ ვოიგთი – „ჯადოსნური მთა”. 

28 ნოემბერი – 17:30. კინოთეატრი ამირანი – პირველი დარბაზი.

წლევანდელ კინოფესტივალზე განსაკუთრებით მრავალფეროვნად და საინტერესოდ არის წარმოდგენილი ქართული დოკუმენტური ფილმები . მათ შორისაა მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ფილმი, რომელიც საერთაშორისო წარმატების შემდეგ (ფილმი საუკეთესოდ დასახელდა დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ბარსელონაში, ვერცხლის გარგარით გამოირჩა ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე და მოიგო პრიზი – Young Onion award – მაკედონიის საერთაშორისო კინოფესტივალზე) ნაჩვენები იქნება თბილისის კინოფესტივალზე.

მარიამ ჭაჭიას ნახევრად ავტობიოგრაფიული სურათი ბოლო დოკუმენტაციაა აბასთუმნის ტუბდისპანსერზე. ფილმი  მოგვითხრობს ტუბერკულოზის მქონე პაციენტების შესახებ, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან დაწესებულებაში.

8. ლანა ღოღობერიძე – „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი”.

2 დეკემბერი – 16:00 – კინოთეატრი ამირანი – პირველი დარბაზი.

ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი პირადი მოვლენა-მოგონებების გაცოცხლებაა დედასა და პირველ ქალ რეჟისორ – ნუცა ხუციშვილ-ღოღობერიძეზე. ფოტო-ვიდეომასალის მონაცვლეობით ლანა ღოღობერიძე ჰყვება „ერთი დავიწყებული ქალის ცხოვრების და მისი, ასევე დავიწყებული ფილმების ამბავს.”

9. ანნა ძიაპშიპა – „ავტოპორტრეტი ზღვარზე”

27 ნოემბერი – 16:00 – კინოთეატრი ამირანი – პირველი დარბაზი. 3 დეკემბერი – 11:00 – კინოთეატრი ამირანი – მესამე დარბაზი.

პირადი მოვლენა-მოგონებების გაცოცხლებით და არქივული და დოკუმენტური მასალის გამოყენებით ანნა ძიაპშიპა იკვლევს საქართველოს უახლოეს წარსულს და ცდილობს შექმნას საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის პერსონალური ბიოგრაფია. დოკუმენტური ფილმის შთაგონების წყარო რეჟისორისთვის გახდა საკუთარი, ქართულ-აფხაზური ოჯახი.

ბოლოს კი – აუცილებლად უნდა ნახოთ ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, რომლის ხილვის საშუალებაც მხოლოდ ერთხელ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გვაქვს ხოლმე და ბევრ ახალ ავტორს/რეჟისორს აღმოგვაჩენინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი