ხელოვნება

ვენის ხელოვნების ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრადაა მიწვეული

1 ოქტომბერი, 2013 • 1176
ვენის ხელოვნების ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრადაა მიწვეული

ღონისძიებაზე, რომელიც 10 -13 ოქტომბერს იმართება, საქართველო და პოლონეთი ერთად  წარმოადგენს სხვადასხვა თაობის და სხვადასხვა მედიაში მომუშავე თანამედროვე ხელოვანებს. გამოფენის ამ ნაწილს ჰქვია “დუეტი.” 

 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ის ქართველი არტისტებიც, რომლებიც ამჟამად ვენაში ცხოვრობენ და საქმიანობენ.

 

ვენაში ქართული გამოფენის სახელწოდებაა “ჩვენი კავკასიონი,” რომელიც, კულტურის სამინისტროს განცხადებით, თავისი კონცეფციით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმს „ნატვრის ხეს“ ეხმაურება. 

 

“გამოფენა მოიცავს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ, სხვადასხვა თაობის მხატვართა ნამუშევრებს, რომლებიც განსხვავებულ მედიაში მუშაობენ – თუმცა როგორც „ნატვრის ხის“ პერსონაჟებს, მათაც ერთი საერთო აქვთ, ისინი ყველანი ერთ „სოფელში“ ცხოვრობენ,”- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

 

გამოფენის მონაწილეები არიან მარიკა ასათიანი, ნათელა გრიგალაშვილი, ანდრო ერაძე, გიორგი ხანიაშვილი, ნინო ქვრივიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე, მაია სუმბაძე, გიორგი ოქროპირიძე, გია რიგვავა, თამუნა სირბილაძე, თათია სხირტლაძე.  კურატორები კი კრისტინა შტაინბრეხერ პფანდი და ირინა პოპიაშვილი იქნებიან.

 

“გამოფენის სახელის შერჩევაში დიდი როლი ითამაშა კოტე სულაბერიძის აკვარელში შესრულებულმა ტილომ „ჩემი კავკასია“. ამ ნამუშევრის  მსგავსად, გამოფენა „ჩვენი კავკასიონი“ შეიძლება ქართული ხელოვნების მეგზურად ჩაითვალოს,”- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

 

VIENNAFAIR – ავსტრიის უდიდესი თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაა, რომელიც 2005 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. ბაზრობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნების პავილიონებსა და გამოფენებს, დისკუსიებს თანამედროვე ხელოვნების შესახებ, გალერისტების და კოლექციონერების შეხედულებების გაზიარებას თანამედროვე ხელოვნების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი