“თუმცა შანსი იმისა, რომ უცხოური კომპანიები შეძლებენ, ან სურვილი ექნებათ, რომ შეასრულონ კანონმდებლობის ახალი მოთხოვნები, ექსპერტების ვარაუდით, დაბალია”, – წერს BBC.
კანონში შესწორებები ე.წ. ანტიტერორისტული პაკეტის ნაწილია. კანონი ავალდებულებს როგორც რუსულ, ასევე უცხოურ ინტერნეტკომპანიებს ექვსი თვის განმავლობაში შეინახონ ინფორმაცია ყველა სახის გზავნილზე და გადასცენ სამართალდამცავ ორგანოებს.
საქმე ეხება კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტრონული ფოსტით, მომენტალური შეტყობინებებით, IP ტელეფონებით და სოციალური ქსელებით მომსახურებას.
ცვლილებების დოკუმენტში ნათქვამია, რომ ინფორმაციის შინაარსი, რომელიც შენახვას ექვემდებარება, მისი შენახვის წესები, ასევე, მიწოდების პროცედურები განისაზღვრება მთავრობის განკარგულებით, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს.
ასოციაცია “აგორას” სამართლებრივი ანალიტიკოსი დამირ გაინუტდინოვი BBC-ს რუსულ გამოცემასთან საუბარში არასამართლებრივს უწოდებს მსგავსი საკითხების კანონქვემდებარე აქტებით, მათ შორის მთავრობის განკარგულებით დარეგულირებას.
“ამის მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად გაადვილდეს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მიღება”, – აცხადებს ის.
დღესდღეობით სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე მხოლოდ სასამართლოს ბრძანების არსებობის შემთხვევაში. თუმცა იურისტი მიიჩნევს, რომ ამ ნორმის შენარჩუნება სიტუაციას დიდად არ შეცვლის, რადგან რუსეთში სასამართლო კონტროლი ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ძალიან სუსტია.
“თუკი შევხედავთ დაკმაყოფილებული სარჩელების სტატისტიკას, მაგალითად, სატელეფონო საუბრების და მიმოწერის კონტროლისთვის მოკვლევის ჩატარების თაობაზე, მაშინ დავინახავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს მიიღონ ნებისმიერი სახის ნებართვა სასამართლოსგან”, – აღნიშნავს გაინუტდინოვი.
ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტმა ანტონ ნოსიკმა bbcrussian.com–თან საუბრისას განაცხადა, რომ უცხოურ კომპანიებთან მიმართებაში ამ კანონის ფაქტობრივ გამოყენებამდე საქმე სავარაუდოდ არ მივა.
“არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. ეს არღვევს როგორც რუსეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციურ ნორმებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თაობაზე და ეს არის საშინელი არალოიალურობა საკუთარი მომხმარებლების მიმართ”, – ამბობს ის.
მისივე თქმით, ეს რთულად შესასრულებლად შეიძლება ჩაითვალოს იმის გამოც, რომ კანონის თანახმად ინფორმაცია უნდა ინახებოდეს რუსეთის ტერიტორიაზე, გამოდის, რომ ყველა უცხოურ კომპანიას უნდა ჰქონდეს სერვერი რუსეთის ფედერაციაში.
ადვოკატთა კოლეგია Межрегион–ის წევრი კონსტანტინ განდეროვი კი bbcrussian.com–თან საუბარში განმარტავს, რომ თუკი ზოგიერთ კომპანიას, მაგალითად, Google-ს ყავს მცირე წარმომადგენლობა რუსეთში, facebook-ს ესეც კი არ გააჩნია.
ანტონ ნოსიკი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი საშუალებას იძლევა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა უცხოურ კომპანიებს მოთხოვონ ინფორმაცია არა მარტო რუსეთის მოქალაქეებზე, არამედ ამერიკის მოქალაქეებზეც და შანსი იმისა, რომ ისინი ამ ინფორმაციას მიიღებენ, ნაკლებად რეალისტურია.
ამიტომ, მისი მოსაზრებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს სერვისები რუსეთში უბრალოდ დაიბლოკოს და მათ მომხმარებლებს მოუწიოთ შემოვლითი გზით, პროქსი სერვისის გამოყენებით მოქმედება.
ანტონ ნოსიკის განცხადებით, ეს ცვლილებები სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ინტერნეტკომპანია დამნაშავედ ცნოს.
BBC–ს რუსულ გამოცემასთან კომენტარი არ გააკეთა Microsoft-მა, რომელიც ფლობს Skype–ს, ასევე, Google-მა, რომელიც youtube-ს და Gmail-ის მფლობელია, კომენტარს არ აკეთებს არც Facebook.
რუსულმა კომპანიამ Rambler&Co–მ lenta.ru–ს განუცხადა, რომ ჯერ არ შეუძლია შეაფასოს, შეძლებს თუ არა კომპანია კანონის მოთხოვნების შესრულებას.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ ВКонтакте–ს დამფუძნებელმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ დატოვა რუსეთი და ჯერჯერობით დაბრუნებას არ აპირებს, ვინაიდან, მისი განცხადებით, იქ “დღესდღეობით წარმოუდგენელია ინტერნეტ–ბიზნესის წარმოება”. მან საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ФСБ და პროკურატურა მას სთხოვდა ინფორმაციას ევრომაიდნის ორგანიზატორებთან დაკავშირებით, ასევე სთხოვდნენ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ჯგუფის დახურვას.