ახალი ამბები

ნავალნის დაკრძალვის დღეს რუსეთში 128 ადამიანი დააკავეს — მედუზა

2 მარტი, 2024 • 1042
ნავალნის დაკრძალვის დღეს რუსეთში 128 ადამიანი დააკავეს — მედუზა

ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ ავრცელებს. დაკავებულთა უმრავლესობა, 31 ადამიანი, ვორონეჟიდანაა.

ნავალნის დაკრძალვის პარალელურად აქციები მსოფლიოსა და რუსეთის არაერთ ქალაქში გაიმართა.

ეკლესიაში, სადაც ალექსეი ნავალნის ცხედარი იყო დასვენებული, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული და ზღუდავდა მედიის მუშაობასაც.

ნავალნი მოსკოვის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც მოქალაქეთა რიგი მისი დასაფლავების შემდეგაც არ წყდებოდა. საბოლოოდ, სასაფლაო მოსკოვის დროით 22:30-საათზე დახურეს და ხალხი უკან გააბრუნეს.


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით,  ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში 16 თებერვალს დაიღუპა.

უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები.

ნავალნის ცხედარი ოჯახს მისი გარდაცვალების გამოცხადებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი