ტექნოლოგიები

მოსახლეობის 56%–ს ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია

23 იანვარი, 2012 • 1216
მოსახლეობის 56%–ს ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ანგარიშის, “ქართული მედია: მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივების” მიხედვით, ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა.

ყველაზე ხშირად მოსახლეობა ინფორმაციას “რუსთავი 2”–ისა და “იმედისგან” იგებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი იერარქიაში მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება ინტერნეტს, კვლევის მიხედვით, ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც არასოდეს სმენია, ან არ უსარგებლია ინტერნეტით, 2009 წელთან შედარებით 10%–ით შემცირდა. თუმცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 56%, კვლავ ამბობს, რომ ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია.

თუმცა იმ ადამიანების უმეტესობა(70%), ვინც ინტერნეტს მოიხმარს, მას სოციალური ქსელებისთვის იყენებს, ინფორმაციას კი ინტერნეტის საშუალებით ინტერნეტ–მომხმარებელთა 45% იღებს.

რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან მედიის თავისუფლების შეფასებას, 42%–ს მიაჩნია, რომ საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება. მოსახლეობის 53% თვლის, რომ რუსთავი 2 ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია, 43% თვლის, რომ ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავს “იმედი”; რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, 48%–ს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი საზოგადოებრივი მაუწყებელია.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემებს პოლიტიკასა და ზოგადად საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ 88% რუსთავი ორის მეშვეობით უყურებს, მათ მიმართ ნდობა, მხოლოდ 33% აქვს, რაც შეეხება იმედს, პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას 85% ტელეკომპანია იმედიდან იღებს, თუმცა ნდობით, მხოლოდ 33% ენდობა.

კვლევის მიხედვით, ნდობის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიურ ინსტიტუტებს აქვს –72%, 2009 წელს ეს ციფრი 58% იყო. ახალი გამოკითხვის მიხედვით, გმოკითხულთა 1% საერთოდ არ ენდობა რელიგიურ ინსტიტუტებს.

რელიგიურ ინსტიტუტებს ნდობის თვალსაზრისით მოსდევს ჯარი– 53%–ით და პოლიცია– 32%.

ასევე გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ მედია პოლარიზებულია და ტელეარხებს მხოლოდ სამთავრობო და ოპოზიციურ არხებად ყოფს. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მიაჩნია, რომ მედია საზოგადოებრივი ინტერესების გამტარებელი უნდა იყოს.

კვლევისას 2009 პირი გამოიკითხა პირისპირი ინტერვიუს სახით, შედეგების ცდომილება 4%–ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი