სამხრეთ კავკასიის ამბები

გენადი ბესტაევი – დააგვიანა თუ არა სახელმწიფომ

17 ნოემბერი, 2021 • 3068
გენადი ბესტაევი – დააგვიანა თუ არა სახელმწიფომ

„მძიმედ არის, სამწუხაროდ, ტვინის ძალიან მნიშვნელოვანი უჯრედებია დაზიანებული, თუმცა შანსი იმისა, რომ გადარჩეს, ჯერ კიდევ არის“, – განუცხადა დავით ქაცარავამ გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ ნეტგაზეთს.

გენადი ბესტაევი გუშინ, 16 ნოემბერს, გადმოიყვანეს ცხინვალიდან თბილისში. იგი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გადაიყვანეს პატიმრობაში ინსულტის მიღებისა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნის შემდეგ. იგი ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბესტაევი საოკუპაციო ძალებმა საზღვრის კვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადატანის ბრალდებით 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი 53 წლისაა და დაკავებამდე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა.

ქართველ უფლებადამცველთა ნაწილის განცხადებით, ბესტაევის შემთხვევაში, სახელმწიფომ სათანადოდ ვერ შეძლო მისი უფლებების დაცვა.

„შეწყალება?“ 

16 ნოემბერს წარსულში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 2019 წლის ნოემბერში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გენადი ბესტაევი, ინსულტის მიღების შემდეგ საპყრობილიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ნეტგაზეთს განუცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

მოგვიანებით, 16 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათსა და 20 წუთზე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ, უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანატოლი ბიბილოვმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეიწყალა გენადი ბესტაევი.

ცნობაში ნათქვამი იყო, რომ იგი „ქართულ მხარეს გადასცეს“.

ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, ცხინვალში არ არის შესაბამისი სამკურნალო შესაძლებლობები და გენადი ბესტაევის ქართული მხარისათვის გადმოცემა სინამდვილეში არის „პრობლემის მოშორება“ და არა შეწყალება.

„შეწყალება, რომელიც ბიბილოვმა განახორციელა, ეს იყო ავადმყოფის, პრობლემის მოშორება, თუმცა ეს პრობლემა, წესით და რიგით, არ უნდა მოშორდეს, რადგან ჩანს, რომ სიკვდილისთვის ჰყავდათ განწირული“, – განუცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, ცხინვალში ყველაზე წარმატებული ოპერაციად ითვლება აპენდიციტის (ბრმა ნაწლავის) ამოკვეთა.

“სამწუხაროდ, სხვა სამედიცინო ჩარევა იმ რეგიონში შეუძლებელია, რადგან არ ჰყავთ სპეციალისტები. მოსახლეობა შემცირებულია და იქ შეუძლებელია ყველა დარგის სპეციალისტის ყოლა. მოსახლეობა იძულებულია გადავიდეს ჩრდილოეთ ოსეთში, რაც ძვირი ჯდება, ან თბილისში, სადაც არ უშვებენ. იქ მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, იქნება ის ოსი, ქართველი თუ რუსი, არის რუსეთის ოკუპაციის მძევალი. იქ ადამიანის სიცოცხლეს არავითარი ფასი არ აქვს“, – განუცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა ნეტგაზეთს ცხინვალში არსებული სამკურნალო პირობების შესახებ.

„საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა“

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელისა და ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მართალია, რომ უკანონოდ დაკავებულ პირთა საკითხი, ბოლო დროს ხდება საერთაშორისო ფორმატებისას განხილვის თემა, თუმცა მათი გათავისუფლებისთვის მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და დამატებითი აქტიურობაა საჭირო.

მისივე თქმით, ბესტაევის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ არ იყო მისი უფლებები დაცული.

„ძალიან ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ რიგ საკითხებზე უფრო აქტიური იყოს სახელმწიფო. ბესტაევთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრჯერ დასჭირდა შეხსენება სახელმწიფოს. მეც პირადად ვიყავი ჩართული ამ პროცესში და მახსოვს, რომ რამდენიმე შეხვედრის დროს გამორჩა სახელმწიფოს მისი ხსენება. შემდეგ გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი აქტიურობა შეიძლებოდა“, – განუცხადა უჩა ნანუაშვილმა ნეტგაზეთს.

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად რამდენიმე დღით აკავებენ, მაგრამ მაშინ, როდესაც გრძელვადიანი დაკავება ხდება, მნიშვნელოვანია შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს.

„როდესაც ხანგრძლივი ვადით ხდება დაკავება, უნდა იყოს შეთანხმება, მათ შორის არაფორმალურიც, როცა არის შესაძლებლობა, რიგ საკითხებზე მოხდეს თანამშრომლობის ფორმატის გამოყენება, რომ ასეთი პატიმრები არ არსებობდნენ. იგივე სამედიცინო დახმარებისა და პირობების მონიტორინგის კუთხით, მნიშვნელოვანია, ყველა რესურსი გამოიყენოს სახელმწიფომ, რომ პატიმრობაში მყოფი ადამიანების უფლებები იყოს დაცული.

იგივე შეიძლება ითქვას [სოხუმში მყოფ] ირაკლი ბებუაზე, რომელთანაც სახელმწიფოს წვდომა არ გააჩნია.

ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია ახალი ფორმატის, ახალი მეთოდების მოფიქრება, რათა თუნდაც ადგილზე არსებული რესურსები იყოს გამოყენებული, მათ შორის ადვოკატის მეშვეობით, ან საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებთანაც კომუნიკაცია უნდა იყოს უფრო აქტიური“, – განაცხადა უნდა ნანუაშვილმა.

ცხინვალში პატიმრობაში ყოფნის დროს გენადი ბესტაევის გათავისუფლებას ითხოვდა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნის საკითხს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ააქტიურებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ივლისის თვეში პატიმრობიდან გათავისუფლდა ზაზა გახელაძე, რომელიც ოსური მხარის განცხადებით, ვადიმ გობოზოვში გაცვალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი