ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვინ არის ვადიმ გობოზოვი, რომელიც ოსური მხარის ცნობით, გახელაძეში გაცვალეს

15 ივლისი, 2021 • 5898
ვინ არის ვადიმ გობოზოვი, რომელიც ოსური მხარის ცნობით, გახელაძეში გაცვალეს

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ზაზა გახელაძის ვადიმ გობოზოვში გაცვლის ფაქტს, როგორც ამას ოსური მხარე და მედია აცხადებს.

სუსში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გაცვლის ფაქტს არ ადასტურებენ და ზაზა გახელაძის გათავისუფლება მოხდა “საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობით”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ არ დასტურდება გობოზოვის გაცვლის ფაქტი, მაშინ სად იმყოფება ამჟამად ეს პიროვნება, სუსში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება “კომენტარს არ აკეთებს”.

კონფლიქტების თემატიკაზე მომუშავე ქართველი ექსპერტების ნაწილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ სუსი არ ადასტურებს გაცვლის ფაქტს, მიანიშნებს მთავრობის მიერ “რეალობის სრულიად სხვა სურათის შექმნის” მცდელობაზე.

გობოზოვი უკვე ცხინვალშია – “რეს” 

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს “რესის” თანახმად, ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ზაზა გახელაძის შეწყალების სანაცვლოდ, ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს გადასცა ვადიმ გობოზოვი.

“რესის” მიხედვით, გარდა გობოზოვში გაცვლისა, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გახელაძის შეწყალიბისას გაითვალისწინა რუსეთის პატრიარქის შუამდგომლობაც.

“რესის” მიხედვით, გობოზოვი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დააკავეს, რის შემდეგაც პატიმრობაში საქართველოში იმყოფებოდა.

ქართულმა მხარემ ერთი დღით ადრე [ზაზა გახელაძის გათავისუფლებამდე] გადასცა ოსურ მხარეს ვ. გობოზოვი, რომელმაც რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე [ანატოლი ბიბილოვთან] გამოხატა ღრმა მადლიერება მისი გათავისუფლებისათვის”, – წერია ოსური საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ბიბილოვისა და გობოზოვის შეხვედრის კადრები ტელევიზია “ირ”-მა გაავრცელა.

ვინ არის ვადიმ გობოზოვი და რატომ დააკავეს იგი

რუსული და ოსური მედიის თანახმად, ვადიმ გობოზოვის დაკავება 2020 წლის სექტემბერში რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ლარსის გამშვები პუნქტიდან დაახლოებით 300 მეტრში მოხდა.

მედიის თანახმად, 40 წლის ვადიმ გობოზოვმა შურისძიების მიზნით რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, 39 წლის ალან მუზაშვილი მოკლა, რომელმაც მანამდე მოკლა გობოზოვის მამა ალიკა გობოზოვი.

მოკლულებიც და ვადიმ გობოზოვიც სატვირთო მანქანის მძღოლები იყვნენ. მათ შორის დაპირისპირება საგზაო საცობსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა.

მედიის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაული საქართველოს საზღვრიდან 300 მეტრში, ხოლო რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მოხდა, საქმის გამოძიება ქართულმა მხარემ დაიწყო.

რუსული EurAsia Daily-ს ცნობით, გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარი დანაშაული გაშუქდა ქართულ მედიაშიც. სადაც ნათქვამი იყო, რომ “დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.”

რატომ შეიძლება არ ადასტურებდეს სუსი გობოზოვის გაცვლას 

საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა და კონფლიქტების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ნამდვილად მოხდა გობოზოვის ოსური მხარისთვის გადაცემა.

“ჩემი ინფორმაციით, მოხდა პატიმრების გაცვლა, ოსური მხარე დიდი ხანი ითხოვდა ვადიმ გობოზოვის გაცვლას, რაც საბოლოოდ გახელაძის გათავისუფლების წინა დღით მოხდა”, – უთხრა უჩა ნანუაშვილმა ნეტგაზეთს.

შეკითხვაზე, თუ რაზე მიანიშნებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცვლის ფაქტის არდადასტურება, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს სურს “განსხვავებული სურათის შექმნა”.

“ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს სხვა სურათი შეუქმნას საზოგადოებას, რომ მოხდა ზაზა გახელაძის გათავისუფლება და არა გაცვლა.

გაცვლა არის სრულიად სხვა პროცესი, ვიდრე უბრალოდ შეწყალება და გათავისუფლება, როდესაც, მით უმეტეს, საუბარია რუსეთის პატრიარქზე და მის როლზე. რა თქმა უნდა, ამან დააჩქარა პროცესი [რუსეთის საპატრიარქოს ჩართულობამ], მაგრამ რეალურად სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს არ ყოფილა მხოლოდ გათავისუფლება, არამედ იყო გაცვლა, მით უმეტეს, იმ ადამიანის, რომელიც მკვლელობაში იყო ბრალდებული და რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობდა გამოძიება”, – განუცხადა უჩა ნანუაშვილმა ნეტგაზეთს.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ლარსის გამშვებ პუნქტთან მომხდარი ორმაგი მკვლელობა საკმაოდ გახმაურებულია საქართველოს საზღვრებს მიღმა და, ამდენად, გაუგებარია, როგორ ხდება ამ ამბის მიჩუმათება.

გობოზოვის გაცვლის არდადასტურებასა და გახელაძის ტყვეობიდან გამოხსნას იგი უკავშირებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს.

“გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახლა აქვს რთული პერიოდი და ცდილობს შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი და გადაფაროს გარკვეული საკითხები, თუმცა ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინ არ მიიღეს და მიიღეს დღეს, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს, თუ რატომ დაემთხვა ეს გაცვლა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს.

მე ვიყავი გახელაძის ოჯახში და დავინახე, რომ გათავისუფლების პროცესი ხელოვნურად იყო შეჩერებული. აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება”, – განუცხადა უჩა ნანუაშვილმა ნეტგაზეთს.


ზაზა გახელაძე სოფელ ქვემო ჭალაში 2020 წელს დააკავეს. იგი აქამდე ცხინვალის საპყრობილეში რჩებოდა.

მას დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობისა და “საზღვრის” უკანონო კვეთისთვის 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ივნისის თვეში გახელაძის ოჯახის წევრებმა სოფელ ქვემო ჭალაში მსვლელობა გამართეს. ოჯახის წევრები მანამდე საპროტესტო აქციის ჩატარებასა და საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ.

ზაზა გახელაძის მამა აცხადებდა, რომ აპირებდა “საზღვრის” გადაკვეთას, რათა იმ საპყრობილეში მოხვედრილიყო, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.

მოგვიანებით, ოჯახმა გააუქმა დაგეგმილი საპროტესტო მოქმედებები, რადგან საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის საპატრიარქოს მიმართა თხოვნით, ჩართულიყვნენ ზაზა გახელაძის განთავისუფლებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი