ცალსახად დასკვნის გამოტანა აზერბაიჯანში მოსალოდნელი დევალვაციის შესახებ შეუძლებელია. თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც აზერბაიჯანში მესამე დევალვაციის რისკებს ზრდის.
2015 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა ახალი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა – დაბალი ფასი ნავთობზე, რამაც სხვა დანარჩენი პროცესები განაპირობა.
ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მაინც ყველაზე რთული ეროვნული ვალუტის ორი დევალვაციის პერიოდი აღმოჩნდა. აზერბაიჯანული მანათის კურსი 2011 წლიდან პრაქტიკულად უცვლელი იყო და ასე მკვეთრად პირველად გაუფასურდა: 2015 წლის 21 თებერვალს 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა – 0,78 -დან 1,05 მანათამდე.
2015 წლის 21 დეკემბერს აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა მანათის მცოცავ კურსზე გადასვლა გამოაცხადა და აღნიშული გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკაში სავალუტო შემოსავლების მკვეთრი შემცირებითა და სავალუტო რეზერვების დაცვის აუცილებლობით ახსნა. შედეგად, მანათის კურსი ყველა უცხოური ვალუტის მიმართ მკვეთრად შემცირდა – ერთ დღეში 1 აშშ დოლარი 1,05 -დან 1,55 მანათი, ხოლო ევრო 1,14 -დან 1,685 მანათი გახდა. ერთ წელიწადში დოლარის მიმართ აზერბაიჯანული მანათი 100%-ით გაუფასურდა.
ერთი შეხედვით, ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მეტად ვეღარ გაუფასურდება, თუმცა ეკონომიკის სფეროს წარმომადგენელებმა და ექსპერტებმა ბოლო ხანებში დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ მანათის მესამედ დევალვაცია გარდაუვალია. ქვეყნის ცენტრალური ბანკი ჯერჯერობით დუმს, თუმცა ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ეს კარგის მომასწავებელია, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელმან რუსტამოვი აცხადებდა, რომ დევალვაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, მანათი მაშინვე მკვეთრად უფასურდებოდა.
“დღეს ჩვენთან ოფიციალურად მცოცავი კურსია, თუმცა, თუ ცენტრალური ბანკი რეალურად გაუშვებს მანათს თავისუფალ მიმოქცევაში, ის აუცილებლად დაიწყებს გაუფასურებას. ამიტომაც აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი, რა თქმა უნდა, აკონტროლებს კურსს და დევალვაციას არ უშვებს. ამისთვის სხვადასხვა მექანიზმი გამოიყენება. მაგალითად, ფულის მასას მანათში აკავებენ, იმპორტის ოპერაციებს ხელს უშლიან. ბოლო დროს პრეზიდენტის ინიციატივაც იყო, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს უფლება არ აქვთ, უცხო ქვეყნებიდან საქონელი შეიძინონ ”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ეკონომიკური ინიციატივების ხელშემწყობი ცენტრის ექსპერტი, ეკონომისტი სამირ ალიევი.
ეკონომისტი აკრამ გასანოვი კი აცხადებს, რომ მანათის კურსი ნავთობისა და მისი მოპოვების მოცულობით განისაზღვრება.
“ ნავთობზე ფასი 40-50 აშშ დოლარის ნიშნულზე გაჩერდა. ეს ფასი აზერბაიჯანისთვის არახელსაყრელია. ასეთი ფასით ჩვენი სავალუტო შემოსავლები მცირდება. ამასთან, არსებობს პროგნოზი, რომ ნავთობზე ფასი კიდევ უფრო შემცირდება. გარდა ამისა, აზერბაიჯანში მცირდება ნავთობის მოპოვება [მოპოვების პიკმა 5 წლის წინ ჩაიარა]. ამ თვალსაზრისით, სავალუტო შემოსავლების შემცირება ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს დევალვაციას”.
უნდა ველოდოთ მესამე დევალვაციას?
“მანათზე ძირითად ზეწოლას ქვეყნიდან, როგორც ოფიციალურად, ასევე არაოფიციალურად, კაპიტალის გადინება ახდენს. ხალხი დეპოზიტებს უცხოეთის ბანკებში ხსნის, ბევრი კომპანია იხურება და სხვა ქვეყანაში გადააქვს ბიზნესი. ამასთან, ჩინოვნიკებს ფული ქვეყნიდან არაფიციალურადაც გააქვთ. ყველაფერი ეს დევალვაციის საფუძველს ქმნის”, – ამბობს სამირ ალიევი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში დევალვაცია გარკვეულ დონეზე უკვე მიმდინარეობს.
2016 წლის 1 იანვარს, ახალი წელს, ქვეყანა 1,56 კურსით შეხვდა. თუმცა აგვისტოს დასაწყისიდან დოლარის კურსმა განუწყვეტლად დაიწყო ზრდა და სექტემბერში 1,64 – მდე ავიდა.
სამირ ალიევი ამბობს, რომ ორი მკვეთრი დევალვაციის შემდეგ სახელმწიფო ცდილობს პროცესი თანდათანობით წარმართოს.
“არ გამოვრიცხავ მორიგ მკვეთრ დევალვაციას. შესაძლოა, ის არ იყოს იმ ორი დევალვაციის მასშტაბის. სავარაუდოდ, 20-25 %-ით გაუფასურდება”.
დღესდღეობით აზერბაიჯანის ყოველთვიური მოხმარება დოლარში 1-1,2 მილიარდია. აქ შედის საიმპორტო ოპერაციები, სახელმწიფო ვალი, ბანკების ვალი. ქვეყნის ყოველთვიური მოხმარების შესაძლებლობა კი 700-800 მილიონი მანათია. ანუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად 300-400 მილიონი არ არის საკმარისი. ამ დეფიციტის დასაფარად ხელისუფლებას აქვს ორი გზა. პირველი, ეს არის ცენტრალური ბანკის ან ნავთობის ფონდის რეზერვების გამოყენება, ან დევალვაცია. შესაძლოა, კომბინირებული ვარიანტიც”, – ამბობს ალიევი.
ექსპერტი აკიმ გასანოვი ფიქრობს, რომ გამოსავალი მაინც დევალვაციაა:
“დღეს მანათის კურსი ნავთობის ფონდის რეზერვების ხარჯზე ხელოვნურად არის შენარჩუნებული. ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები 4 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს, ნავთობის ფონდის – დაახლოებით 35 მილიარდი დოლარია. ვალუტის ღირებულება, პრინციპში, ცენტრალური ბანკის ხარჯს უნდა ემყარებოდეს, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია. ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 7 მილიარდზე მეტი ოდენობითაა. ცენტრალურ ბანკს იმდენივე რეზერვი აქვს დოლარში, რამდენი აზერბაიჯანული მანათიც დაბეჭდა. ამიტომაც უკვე მეტ რეზერვს ვეღარ დახარჯავენ. მანათის კურსის შესანარჩნებლად არც ნავთობის ფონდის რეზერვია უსასრულო იმიტომ, რომ ამ რეზერვებს სულ სხვა მიზნები აქვს”.
დევალვაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი:.ცენტრალურმა ბანკმა მიმოქცევაში 7 მილიარდ მანათამდე გაუშვა, თუმცა აზერბაიჯანის ეკონომიკა რეალურად უფრო მეტ ფულს საჭიროებს. წელიწადზე მეტია, ცენტრალური ბანკი ეროვნული ვალუტის მოცულობის შემცირების პოლიტიკას წარმართავს. ბანკებისთვის პრაქტიკულად არ გაიცემა კრედიტი ეროვნულ ვალუტაში იმის გამო, რომ შემდეგ დოლარში არ გადაიყვანონ. მაგრამ აზერბაჯიანის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია და მისი მხარდაჭერისთვის კრედიტებია საჭირო. ამიტომ ცენტრალურმა ბანკმა მათი გაცემა დაიწყო. ეს ეროვნული ვალუტის ბრუნვაში გაზრდას გამოიწვევს და, შესაბამისად, მისი ღირებულების შემცირებას, რამდენადაც მანათის მასის ნაწილი აუცილებლად მოხვდება სავალუტო ბაზარზე.
“ვფიქრობ, მანათის ღირებულების შემცირება თანადათანობით მოხდება, მაგრამ წლის ბოლოსთვის მკვეთრი დევალვაციის რისკი გაიზრდება. უკვე აშკარაა, რომ აზერბაიჯანის ბიუჯეტს შესრულების პრობლემები აქვს. დევალვაცია კი, როგორც ვიცით, ყოველთვის ეხმარება ყველა პროგნოზის შესრულებას ბიუჯეტში. თუკი მანათის ღირებულება მცირდება, ბიუჯეტის შესრულება მარტივდება. ამ კუთხით დევალვაციის რისკი წლის ბოლოს რეალურად არსებობს”.
ბანკებმა შეწყვიტეს დოლარის გაყიდვა
ის ბანკები, რომლებმაც დოლარის გაყიდვა შეწყვიტეს, პრობლემას კიდევ უფრო მეტად აღრმავებენ. ბანკების ნაწილი საერთოდ არ ყიდის, ნაწილი კი ხელზე 100-200 დოლარზე მეტს არ გასცემს. ყოველივე ეს ხალხში პანიკას იწვევს, რის გამოც სხვა გზას ეძებენ, უცხოური ვალუტა იშოვონ. როგორც კი წარმოიშვა დოლარზე მოთხოვნა, შავი ბაზარიც გაჩნდა.