კომენტარი

ნაკაიძე: მოვუწოდებ სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ, რათა დაკმაყოფილდეს მუსლიმების მოთხოვნა

1 მარტი, 2016 • 1494
ნაკაიძე: მოვუწოდებ სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ, რათა დაკმაყოფილდეს მუსლიმების მოთხოვნა

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აღშფოთებას გამოთქვამს ადიგენში მუსლიმი თემის წევრებზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“აღშფოთებული ვართ სოფელ ადიგენში მომხდარი ფაქტით, რომელიც მოჰყვა ადგილობრივი მუსლიმი თემისათვის სასაფლაოს გადაცემას. როგორც ჩვენთვის ადგილობრი მუსლიმებისაგან გახდა ცნობილი, ადიგენის რაიონის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის თანმხლებმა რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს. ნაცემია სამი ადამიანი”, – წერს ნაკაიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, 29 თებერვალს მომხდარ ინციდენტს ადიგენში წინ უძღოდა მუსლიმი მიცვალებულის დასაფლავებისთვის ხელის შეშლა. “ეს ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, მაშინ მიცვალებული დასაფლავებული იქნა სხვა სოფელში მდებარე მუსლიმურ სასაფლაოზე”.

ნაკაიძე აცხადებს, რომ ერთი წლის წინ მომხდარ ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება რომ ყოფილიყო, “დღეს არანაირ ინციდენტს ადგილი აღარ ექნებოდა”. ის ასევე განმარტავს, რომ ისლამური სწავლებით მუსლიმი მიცვალებულის ქრისტიანულ სასაფლაოზე დასაფლავება არ შეიძლება.

“მოვუწოდებ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, მოახდინონ დროული რეაგირება, დაკმაკოფილდეს მუსლიმი თემის სამართლებრივი მოთხოვნა. მყისიერად იქნას გამოძიებული მომხდარი ფაქტი და კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა დამნაშავე.
ვფიქრობთ, ხელისუფლების საკითხისადმი სწორი სამართლებრივი მიდგომა ერთადერთი გამოსავალია მოცემული მდგომარეობიდან გამოსვლისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემის განგრძობადობა”, – წერს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე.

აღშფოთებული ვართ, სოფელ ადიგენში მომხდარი ფაქტით, რომელიც მოყვა ადგილობრივი მუსლიმი თემისათვის სასაფლაოს გადაცემას. როგო…

Posted by Tariel Nakaidze on Monday, February 29, 2016

29 თებერვალს ინციდენტი მოხდა ადიგენში, სადაც ადგილობრივების ცნობით მუსლიმი თემის სამ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილობრივმა ქრისტიანებმა. დაპირისპირების მიზეზი სასაფლაო გახდა – მუსლიმები ცალკე სასაფლაოს გამოყოფას ითხოვენ, რასაც ქრისტიანი მეზობლები ეწინააღმდეგებიან, შიშობენ რა, რომ მუსლიმი თემი შემდეგ მეჩეთსაც ააშენებს.

29 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ადიგენში მომხდარზე საქმე არ აღუძრავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი