კომენტარი

საქართველოს გამოუცნობი ნაბიჯები

21 ოქტომბერი, 2010 • • 1178
საქართველოს გამოუცნობი ნაბიჯები

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის –  ჰენრი კისინჯერის უფროსი მრჩეველი ამერიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვოლტერ რასელ მიდი საქართველოში  ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. გაზეთი ბათუმელები მას ბათუმში, ამერიკულ კუთხეში, გამართული მრგვალი მაგიდის დროს შეხვდა. შეხვედრის დაწყებისთანავე  მკვეთრად გამიჯნა, რომ იგი დამოუკიდებელი ექსპერტია და მისი მოსაზრებები ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია არ არის.

 

_ ბატონო ვოლტერ, რა არის თქვენი მიზანი და  რას იღებთ პირადად ასეთი ტიპის შეხვედრებისგან?

_ ასეთი შეხვედრები  ჩემთვის ინფორმაციის მიღების საშუალებაა _ რა მოსწონთ ამ ქვეყანაში, რა დამოკიდებულებაა ამერიკის მიმართ, რა ფიქრები და ამოცანები აქვთ აქ.
_ მას შემდეგ, რაც შეიცვალა თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ასევე შეიცვალა მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ბევრს საუბრობენ ამის შესახებ. როგორ ფიქრობთ, უსაფუძვლოა ეს განცხადებები?

_ არა მგონია, რომ დამოკიდებულება ობამას ადმინისტრაციის დროს შეიცვალა. არ უნდა დაგავიწყდეთ აგვისტოს ომი. ობამას პრეზიდენტობის დროს თეთრმა სახლმა გააგრძელა საქართველოს დახმარება, ომის შედეგად მიღებული ზარალის შედეგების ლიკვიდაციისთვის.
_ მაგრამ თქვენ შეხვედრის დროს უფრო კონკრეტული იყავით. თქვენ თქვით, რომ საქართველოს მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკა ნამდვილად შეიცვალა და ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო. აგვისტოს ომიც სწორედ ამ კონტექსტში ახსენეთ?

_ ამერიკა გაოცებული იყო ამ ომით და ჩვენ ეს არ მოგვეწონა. მე ვფიქრობ, ამ ომის შემდეგ ევროპელი პარტნიორების დაყოლიება ძალიან გაგვიჭირდება, რომ საქართველო მიიღონ ნატოში. ევროპელ ლიდერებს გაუჩნდათ შიში, რომ საქართველოს ნაბიჯები შეიძლება ამოუცნობი გახდეს, როდესაც საკითხი რეგიონში  ომისა და მშვიდობის თემას ეხება. ევროპელებს განსაკუთრებით არ მოსწონთ, როცა რაღაც არის გამოუცნობი. მე კი ვიტყოდი, რომ ამერიკას კვლავ სურს, საქართველო ნატოს წევრად იხილოს, მაგრამ ამას, რეალურად, ბევრად უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენ გვეგონა.

_ ნატოს სამიტი ბუქარესტში სწორედ აგვისტოს ომამდე იყო. მაშინ საქართველოს ამოცანა მეპის მიღება იყო, ამერიკამ ვერც მაშინ შეძლო ევროპელი ლიდერების დაყოლიება… 

_ იმ სამიტის დროს უარით კი არ გაისტუმრეს, არამედ გადაავადეს საქართველოს მიღება ნატოში. ახლა კი ვიტყვი, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდა.
_ თქვენ თქვით, რომ _ “საქართველოს მხრიდან ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები არ იძლევა საშუალებას, რომ ამერიკა უფრო მეტად დაეხმაროს მას”. საქართველოს ხელისუფლების  რა კონკრეტული ნაბიჯები იგულისხმეთ?

_ ამერიკელებისთვის ძნელი გასაგებია საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. რისთვის გახდა ეს საჭირო? ვფიქრობ, ეს არის რუსეთის ფუჭი პროვოკაცია და ქვეყნისთვის საფრთხესაც შეიცავს. მთავრობას უნდა, რომ ინგლისურის 1000 მასწავლებელი ჰყავდეს საქართველოში. მე მეეჭვება, რომ ახალგაზრდა მასწავლებლების მშობლებს მოეწონოთ მათი შვილების ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც, ვინ იცის, რა ტიპის ტერორისტები შეიძლება მოხვდნენ იქ ჩრდილო კავკასიიდან

_ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, “ამერიკა განაწყენებულია, რადგან საქართველომ დაიწყო აგვისტოს ომი”. რას ეყრდნობა თქვენი ეს განცხადება, ვინ დაიწყო ომი _ დასავლეთში ამ კითხვის პასუხი უკვე აქვთ?

_ ამ მრგვალ მაგიდაზე ქართველებიც საუბრობდნენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ანუ აქაც ეს აზრი ტრიალებს. მეც მას მივყევი.

_ და მხოლოდ ეს არის საფუძველი?

_ მე კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ დასავლეთში, აშშ-ში, არის მოსაზრება, რომ ვისაც არ უნდა დაეწყო ეს ომი, საქართველომ მოუქნელად იმოქმედა. ვიტყოდი, რომ საქართველომ არ გაითვალისწინა მეგობრების რჩევა.

_ ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველო?

_ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს, ააშენოს დემოკრატია; საქართველოს უჭირავს ის გეოგრაფიული მდგომარეობა, რომელსაც  სტრატეგიული დატვირთვა აქვს და საქართველო არის ის პატარა ქვეყანა, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა საკმაოდ რთულ პირობებში. საქართველოს აქვს საკუთარი როლი გლობალურ სამყაროში, რაც ამერიკას მოსწონს. საქართველოს აქვს კარგი დამოკიდებულება სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, მაგრამ ასევე ვისურვებდით, რომ მას უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს კიდევ ერთ ქვეყანასთან. 

_ ერთი ქვეყანა, რომელიც ლამის ნაცვალსახელით მოიხსენიეთ… ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკას შეიძლება შეეწიროს საქართველო. ამ კითხვას ამერიკელ დიპლომატებს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები ხშირად უსვამენ? 

_ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამერიკა-რუსეთს შორის დაძაბულობის მოხსნით, რეალურად შევძლებთ უკუვაგდოთ რუსული სურვილი _  ავნოს საქართველოს; ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო-რუსეთი თვითონ იმოქმედებენ გადატვირთვის რეჟიმში. ერთხელ, როცა აფრიკაში ვიყავი, ასეთი თქმულება მოვისმინე: როდესაც თაგვს სძინავს სპილოსთან, სპილო რომ გადატრიალდება და თაგვს მოიყოლებს, ეს თაგვის ბრალია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს არ შეუძლია გაექცეს სპილოს, მაშინ უფრო ჭკვიანი უნდა იყოს.

_  რას გულისხმობთ უფრო ჭკვიან მოქცევაში? 

_ ნუ დაიწყებთ მუშტების ქნევას ფუჭად. ზოგჯერ ჩანს, რომ რუსეთი ეძებს მტრებს და ნუ აპოვნინებთ ამ მტრებს თქვენში.

_ თქვენი პასუხები არ არის ოპტიმისტური, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი უახლოეს მომავალში. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე საქართველო ამერიკიდან რეალურად მხოლოდ ვერბალურ მხარდაჭერას მიიღებს, განცხადებების სახით?

_ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა _ საქართველო თუ მეზობელს თავს დაესხმება, არავინ ჩაერთვება მის დასახმარებლად, მაგრამ არა მგონია, ახლა საქართველო გეგმავდეს ამას. თუ ეს ქვეყანა გეგმავს განავითაროს თავისი ეკონომიკა და პოლიტიკური სისტემა და უკეთესი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს მეზობლებთან, მაშინ  მას ეყოლება ბევრი მეგობარი.

 

 

 

ვოლტერ რასელ მიდი, იელის უნივერსიტეტის  ბარდის კოლეჯის პროფესორი,  მწერალი. დემოკრატი; 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ბარაკ ობამას მისცა. 2003 წელს კი მხარი დაუჭირა ერაყის ომს. ბლოგი ამერიკული ინტერესების შესახებ ვოლტერ რასელ მიდის ბლოგია. იგი ყოველდღიურად აქვეყნებს სტატიას ბლოგზე. წერსნიუიორკერში, ფაინენშელ თაიმსში,  ვოლ სთრით ჯურნალში, ნიუ იორკ თაიმსში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი