ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აფასებს ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს — მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას, ჰუმანიტარულ კრიზისს სამხრეთ ოსეთში და მიმოიხილავს საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობას. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
რას უკავშირდება თქვენი ვიზიტი საქართველოში და რა საკითხებს შეეხება თქვენი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან?
პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ჩვენს ხანგრძლივ და შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს. კავშირები საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის წლების მანძილზე გაფართოვდა და უფრო ინტენსიურიც გახდა.
ასეთი ურთიერთობების შესანარჩუნებლად კი მნიშვნელოვანია რეგულარული ორმხრივი კონტაქტი. ჩემი ვიზიტის მიზანია — და მსგავს მიზანს ემსახურებოდა თქვენი პრემიერ-მინისტრის სტუმრობა ნიდერლანდებში გასული წლის ნოემბერში — ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოვების შესაძლებლობების ნახვა.
როგორ გესახებათ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობების გაგრძელება და აპირებთ თუ არა, რომ სხვადასხვა მიმართულებით (კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ.) არსებული თანამშრომლობისა თუ დახმარების პროგრამები გაგრძელდეს?
დღეის მდგომარეობით უკვე ბევრს მივაღწიეთ. შეიძლება, იცით, რომ ნიდერლანდები საქართველოს სიდიდით მე-12 სავაჭრო პარტნიორია და მეორე უცხოური ინვესტორი. ამასთან, ჩვენთვის საქართველო დაფასებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია მგრძნობიარე რეგიონში დემოკრატიისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით. შესაბამისად, სავაჭრო ურთიერთობები, დემოკრატიზაცია და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები დღის წესრიგის დიდ ნაწილს იკავებს.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და წინსვლა რეფორმების განხორციელებაში. საქართველოს ხშირად რეგიონის მოწინავე ქვეყანად მოიხსენიებენ. ეს კი ქმნის მაღალ მოლოდინებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობის გაძლიერება, სადაც ნიდერლანდები იყო და რჩება საქართველოს პარტნიორად სხვადასხვა პროექტებისა და პარტნიორობების მეშვეობით. ამ პარტნიორობებზეც ვისაუბრებთ – ესენია, მაგალითად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთ პარტნიორობაში.
ამის გარდა, ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებულ შემაშფოთებელ სიტუაციას. აქვე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ მთლიანად მხარს ვუჭერ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამასთან დაკავშრებით ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, იმისთვის, რომ ვნახო, რა მდგომარეობაა ადგილზე, და გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა მისიის მნიშვნელოვანი საქმიანობისადმი.
შეიძლება თუ არა ნიდერლანდების სამეფომ განიხილოს შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ნიდერლანდებში ლეგალურად დასაქმების საშუალება მიეცეთ (ე.წ. ცირკულარული მიგრაციის სქემებით ან რაიმე სხვა გზით)?
საქართველოს მოქალაქეებისათვის ნიდერლანდებში შესვლისა და დარჩენისთვის საკმაოდ ბევრი ლეგალური გზა არსებობს. ჩვენ ვთვლით, რომ კარგი იქნება, თუ მოქალაქეები ამ გზებს გამოიყენებენ. ერთ-ერთი მათგანია სწავლა, კიდევ ერთი კი – ლეგალური დასაქმება გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ჩვენი აზრით, ამჟამად არსებობს ბევრი მექანიზმი ჩვენს ქვეყნებს შორის გაცვლების წასახალისებლად. აქედან გამოდინარე, ამ მომენტში ჩვენ ვერ ვხედავთ დამატებითი სპეციალური სქემების საჭიროებას, იქნება ეს ცირკულარული მიგრაცია თუ რამე სხვა.
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რის შემდეგაც საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. როგორ ფიქრობთ, არის ეს რაოდენობა იმდენად გაზრდილი, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი შეიძლება გახდეს? ცოტა ხნის წინ ნიდერლანდები იყო ალბანეთთან უვიზო რეჟიმის შეჩერების ინიციატორი, თუმცა ეს მოთხოვნა ევროკომისიამ არ დააკმაყოფილა. თქვენი გადმოსახედიდან, მსგავსი რამ არის თუ არა მოსალოდნელი საქართველოს მისამართით ნიდერლანდების ან სხვა რომელიმე წევრი ქვეყნის მხრიდან?
კონტაქტი ადამიანებს შორის ფასდაუდებელია. ამით ხერხდება ჩვენი საზოგადოებების დაკავშირება მრავალ დონეზე. ევროკავშირთან ურთიერთობის ერთ-ერთი ძირითადი ხელშესახები შედეგი, რომელსაც თითოეული მოქალაქე გრძნობს, ზუსტად უვიზო მიმოსვლაა. ამავდროულად, დაურეგულირებელი მიგრაციით და ტრანსსასაზღვრო დანაშაულით შექმნილი გამოწვევების გამო ვიზა-ლიბერალიზაცია ნიდერლანდებში მგრძნობიარე შიდა საკითხი შეიძლება იყოს.
ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში მართლაც იზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდან. ნიდერლანდებში მსგავს მკვეთრ ზრდას ამ მომენტში ვერ ვხედავთ. აქედან გამომდინარე, ნიდერლანდებისთვის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება არ არსებობს. საქართველო ჩვენს თავშესაფრის სისტემაში „უსაფრთხო ქვეყნად“ არის რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თავშესაფრის მიღების შანსი მცირეა. ჩვენ მივესალმებით ჩვენს ქართველ კოლეგებთან არსებულ კარგ თანამშრომლობას – იქნება ეს საინფორმაციო კამპანიებში თუ მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ერთ-ერთი პროგრამა, რომლითაც ნიდერლანდების სამეფო საქართველოს უჭერს მხარს, არის MATRA, რომელიც 2004 წლიდან აძლიერებს სამოქალაქო ორგანიზაციებს ქვეყანაში. ბოლო პერიოდში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გვესმის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა, რასაც ისინი მათზე ზეწოლის მცდელობად აფასებენ. გარდა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა, ბოლო პერიოდში კრიტიკის სამიზნე საერთაშორისო ორგანიზაციებიც გახდნენ, მაგალითად, IRI და NDI, რომლებზეც ბ-მა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „დევალვაციას განიცდიან“. როგორ შეაფასებდით ასეთ რიტორიკას? ისაუბრებთ ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან თქვენი ვიზიტის ფარგლებში?
მე ვთვლი, რომ საქართველოს მიერ გასულ წლებში მიღწეული წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი (და სიმბოლო) მისი თავისუფალი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. ბევრი წლის განმავლობაში ნიდერლანდები მხარს უჭერდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს პროგრამა „მატრასა“ და „ადამიანის უფლებათა ფონდის“ მეშვეობით. ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ დინამიკური და გაბედული სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესსა და უფლებების დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მე ამაზე აქცენტს დავსვამ ჩემს შეხვედრებშიც, როდესაც საუბარი გვექნება კანონის უზენაესობისა და მთლიანად რეფორმების პროცესის შესახებ.
არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ნიდერლანდებთან დაკავშირებული ორგანიზაციები, საქართველოში რესურსებს ხარჯავენ პოლიტიკური პარტიების გასაძლიერებლად, პარტიული დემოკრატიის გასავითარებლად; რამდენად უწყობს ხელს ამ მიზანს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა, დაპირებისამებრ, სრულად პროპორციული, არამედ შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართოს, რაც შედარებით მცირე პარტიებს პარლამენტში მოხვედრის ნაკლებ შანსს უტოვებს?
თუ რომელი საარჩევნო სისტემის გამოყენება სურს, ეს მთლიანად საქართველოს გადასაწყვეტია. ამავდროულად, მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის იმედგაცრუებას იმ ფაქტით, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩასატარებლად აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილება. მით უმეტეს, რომ ამ ცვლილების გარშემო თითქოსდა ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არსებობდა.
მაგრამ წინ რომ წავიდეთ, აუცილებელია ყველა პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა. არსებობს რისკი, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და უნდობლობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება და ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც ყველასათვის მისაღებია და ქვეყნის საუკეთესო ინტერესს ემსახურება.
მე მრავალპარტიული დემოკრატიის მრავალწლიანი ტრადიციის მქონე ქვეყანას წარმოვადგენ და მოხარული ვიქნები, შეხვედრებზე ჩვენი გამოცდილების შესახებ ვისაუბრო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესი, რაც გასული წლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ქვეყანაში, მკაცრად შეაფასა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR). მათი შეფასებით, სამართლებრივი რეფორმები „მაინც ვერ უზრუნველყოფს მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მიუკერძოებელ პროცესს, რომელიც მიკერძოებული პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი იქნება“. მსგავსად შეაფასა პროცესები აშშ-მა. ნიდერლანდების სამეფო თუ იზიარებს ეუთოს/ოდირის სულისკვეთებას ამ საკითხთან დაკავშირებით?
ნიდერლანდები მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ ამ თემაზე დეკემბერში გაკეთებულ განცხადებას და ეუთოს/ODIHR-ის ბოლო შეფასებას. ჩვენ ვთვლით, რომ კანონის უზენაესობა ნებისმიერ სფეროში მდგრადი პროგრესის მისაღწევად მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა. დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო ხელისუფლება კი ამის განუყოფელი ნაწილია.
უზენაესი სასამართლო საქართველოს სასამართლო სისტემის საკვანძო ინსტიტუტია. ამიტომაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ნდობის აღსადგენად გასათვალისწინებელია ვენეციის კომისიისა და სხვა მნიშვნელოვანი დამკვირვებლების მიერ გაკეთებული რეკომენდაციები.
ოთხ თვეზე მეტია, რაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ჩაკეტილი აქვს გადასასვლელი, რაც სამხრეთ ოსეთს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს. იქაურ – კერძოდ კი ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ ახალგორის რაიონში – ვითარებას არაერთი აქტორი და ორგანიზაცია ჰუმანიტარულ კრიზისს უწოდებს. როგორ შეაფასებთ გადაადგილების თავისუფლების ამ უკანასკნელ შეზღუდვას? არსებული ფორმატების (ჟენევის დისკუსიები, IPRM-ის ფორმატი) გარდა, რა დამატებითი მექანიზმები შეიძლება გამოყენებული იქნას ვითარების გამოსასწორებლად?
ნიდერლანდები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა მიუღებელია. მინდა გამოვკვეთო ყველა აქტორის მხრიდან თავშეკავებულობისა და შემდგომი ესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედებისგან თავშეკავების მნიშვნელობა. მე შეშფოთებული ვარ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული ჰუმანიტარული შედეგებით.
როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ინციდენტების პრევენციისთვის და გამოსავლის მოსაძებნად რამდენიმე მექანიზმი არსებობს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. იმისდა მიუხედავად, რომ ზოგჯერ ეს რთულია, მაინც აუცილებელია, გაგრძელდეს ამ ინსტრუმენტების გამოყენება.
ამასთან, ვთვლი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არსებითი წვლილი შეაქვს სიტუაციის სტაბილიზაციაში. მეამაყება, რომ ნიდერლანდებს ამ მისიაში წვლილი შეაქვს და ჩემი ვიზიტის ფარგლებში EUMM-ს ვეწვევი. აქვე მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ მცდელობები სამხრეთ ოსეთიდან, ხელი შეუშალოს მისიის მუშაობას და შეზღუდოს მისი მანდატი, — რაც გამოიხატება ქმედებებშიც და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებშიც, — მიუღებელია.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურად შეწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, რასაც მშენებლობის ინიციატორი კონსორციუმი და სხვადასხვა აქტორი საქართველოსა და დასავლეთის დაახლოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტად განიხილავდა. როგორ შეაფასებთ ამ ხელშეკრულების გაწყვეტას?
იმისდა მიუხედავად, რომ კონტრაქტი შეწყვეტილია, რამდენადაც მე ვიცი, ხელისუფლება რჩება ამ პროექტის განხორციელებით დაინტერესებული და მას მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინიციატივად მიიჩნევს. ნიდერლანდებიც ხედავს ამ პროექტის სტრატეგიულ პოტენციალს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტის დროს ეს საუბრების საინტერესო თემა იქნება. მე მსურს, ხელისუფლებისგან გავიგო, თუ რა არის მათი სამომავლო გეგმები და თუ არსებობს ინტერესი პოტენციური ინვესტორების მხრიდან.
პროექტის წინ წასაწევად აუცილებელია ძლიერი ერთიანი მისწრაფება და ყველა მონაწილეს შორის ურთიერთნდობა. თამაშის თანაბარი პირობები და გამჭვირვალე პროცესები საქართველოში ზოგადად ბიზნეს ლიმატისთვის მნიშვნელოვანი ელემენტებია და გადამწყვეტია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
ორგანიზაცია Human Rights Watch ბოლო ანგარიშში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაცრ ანტინარკოტიკულ კანონდებლობას ინარჩუნებს. მაგალითად, ნარკოტიკული დანაშაულები ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება. ამის პარალელურად კი ნარკოპოლიტიკაზე არ არის ორიენტირებული ზიანის შემცირებაზე. ასეთი მკაცრი მიდგომა, ზიანის შემცირებაზე ზრუნვის გარეშე, თქვენი აზრით, არის თუ არა ეფექტური და შედეგიანი?
ზოგადად, ნარკოპოლიტიკა ეფექტური და შედეგიანი რომ იყოს, ის ადგილობრივ კონტექსტს უნდა მოერგოს.
ჩვენი ნარკოპოლიტიკა მუდმივად ვითარდება და იცვლება. რეპრესიული ელემენტი აუცილებელია, როდესაც საუბარია ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე.
თუმცა ნიდერლანდებში, გამოცდილებიდან გამომდინარე, ვისწავლეთ კანონმდებლობაში განსხვავებების დაფიქსირება – არსებობს გარკვეული გამონაკლისები საკუთარი გამოყენებისათვის ფლობისა და მოხმარების თვალსაზრისით. ზიანის შემცირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სათანადო ყურადღებას უთმობს პრევენციას და ინდივიდის ჯანდაცვას, ახდენს რა ნარკოტიკის მოხმარების რისკებისა და საფრთხეების შემცირებას.
მოუთმენლად ველი ჩემს დღევანდელ შეხვედრებს, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მნიშვნელოვანი თემაზე საუბარს და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.