საზოგადოება

ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

15 მარტი, 2024 • 6606
ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, ათამდე მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგბა საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ მსგავსი მექანიზმი კანონით დაინერგება, თავად მისი კეთილსინდისიერებაც შემოწმდეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე არ მუშაობს.

საუბარია იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც ამ საკითხზე ნეტგაზეთის წერილს უპასუხეს ან პოზიცია სხვა ფორმით, საჯარო სივრცეში დააფიქსირეს.

ნეტგაზეთი სხვა მოსამართლეებისგანაც ცდილობს პასუხების მიღებას  და სტატია შესაძლოა განახლდეს.

რა ხდება?

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

აღნიშნული ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აცხადებს, რომ შეთავაზება ანტიკონსტიტუციურია და მის განხორციელებას არ აპირებს, უზენაესი სასამართლოს სახელით კი გავრცელდა განცხადება, სადაც შეშფოთებაა გამოხატული მსგავსი შეთავაზების შესრულებაზე.

ათამდე მოსამართლის პოზიცია

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვთ ამაზე თავად მოსამართლეებს და იმ მოსამართლეებთან სცადა დაკავშირება, რომლებსაც წარსულში გამოუხატავთ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისგან განსხვავებული პოზიცია .

კერძოდ, მათ ვკითხეთ, თუ როგორ აფასებენ ევრორეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე განწესებულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახლა შემოწმების მექანიზმს. ამასთან, მოსამართლეებს ვთხოვეთ ეპასუხათ, ექნებოდათ თუ არა მზაობა, ამგვარი შემოწმება თავადაც გაევლოთ, თუ იქნებოდნენ იმ თანამდებობაზე, რომელიც შესაძლოა მოექცეს ხელახალი შემოწმების ქვეშ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში ციცინო კიკვაძე „ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ სრულად იზიარებს ევრორეკომენდაციას და პირადად ისიც მზად არის გაიაროს შემოწმება, მათ შორის, კეთილსინდისიერების ნაწილში:

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

„სრულად ვიზიარებ ევრორეკომენდაციას და პირადად მეც მზად ვარ, გავიარო შემოწმება, მათ შორის, კეთილსინდისირების ნაწილში“, — უთხრა ციცინო კიკვაძემ „ნეტგაზეთს“.

საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებისთვის მზაობას გამოხატავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძეც:

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

„შეფასებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება შემოწმებას, კანონიერების ფარგლებში ნებისმიერ დროს“, — მისწერა გიორგი ებანოიძემ „ნეტგაზეთს“.

განახლება 28.03.24:

სტატიის გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ, 25 მარტს გიორგი ებანოიძემ პირად ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ მისი კომენტარის შეგნებულად არასწორი ინტერპრეტირება მოხდა:

„სამწუხაროდ, ჩემი კომენტარის შეგნებულად არასოწრად ინტერპრეტაციის გამო, აქაც დავწერ და აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ. არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც. პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, ჩემთვის, როგორ მოსამართლისთვის, მიუღებელია“ — განაცხადა მოსამართლემ 25 მარტს.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ნეტგაზეთი ასაჯაროებს მასთან მიმოწერას:

 

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე კი „ნეტგაზეთს“ სწერს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გარეშე, ასეთ სისტემებს კი კეთილსინდისიერი მოსამართლეები ქმნიან, რომლებსაც საზოგადოების მაღალი ნდობა აქვთ.

მოსამართლე ლევან დარბაიძე

მოსამართლე ლევან დარბაიძე აცხადებს, რომ როდესაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება საქართველოს ევროპულ მომავალთან პირდაპირაა დაკავშირებული, პირადად მას ამის საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება და მზადაა თავადაც გაიაროს ამგვარი შემოწმება, თუ საჭიროება დადგება:

„ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ჩვენი ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გარეშე. ასეთი სისტემას კი ქმნიან პროფესიონალი და კეთელსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ.

კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი ის კრიტერიუმებია, რომლებსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო თანამდებობაზე განწესებისას, არამედ მთელი სამოსამართლო საქმიანობის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული კრიტერიუმების გადამოწმება შესაძლებელია  ნებისმიერ დროს მოხდეს. საზოგადოებრივი ნდობა, ეს არის დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.

ამიტომ, მით უმეტეს, დღეს, როდესაც მოსამართლეთა კეთილსინისიერების გადამოწმება პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან, რა თქმა უნდა, პირადად მე არ შეიძლება, რაიმე საწინააღმდეგო მქონდეს. მე მზად ვარ გავიარო აღნიშნული შემოწმება, თუ ამის საჭიროება იქნება“ ,— მისწერა ლევან დარბაიძემ „ნეტგაზეთს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ხაჟომიამ კი მოგვწერა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც ევროინტეგრაციის პროცესს წაადგება:

მოსამართლე თამარ ხაჟომია

„თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავიღოთ და გავაკეთოთ, რაც ევროინტეგრაციის პროცესს წაადგება, ჩვენი შვილების მომავლისთვის“, — უთხრა მოსამართლემ „ნეტგაზეთს“.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პირად ფეისბუკ გვერდზე გააზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძის და თბილისის საალეპაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის კომენტარები და აღნიშნა:

მოსამართლე მამუკა წიკლაური

„სრულიად ვეთანხმები კოლეგებს. კეთილსინდისიერება ისედაც წარმოადგენს მოსამართლეობის კრიტერიუმს. ამიტომ, ეს დაბრკოლება არ უნდა იყოს. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს. მზად ვარ ისევ გავიარო აღნიშნული ტესტი“ ,— წერს მამუკა წიკლაური.

კერძოდ, თბილსის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ მზადაა საჭიროების შემთხვევაში მისი კეთილსინდისიერებაც ხელახლა შემოწმდეს:

მოსამართლე მადონა მაისურაძე

„როგორც ცნობილია, გასულ წელს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების მიზნებისთვის, საქართველოსთან ერთად, სხვა ქვეყნებსაც დაევალა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება… მზად ვარ ჩემი კეთილსინდისიერება გადაამოწმონ” ,— ამბობს მოსამართლე, მადონა მაისურაძე „მთავარ არხთან“.

ვრცლად წაიკითხეთ:უზენაესი სასამართლო „ვეტინგზე“: ლახავს სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას

ასეთივე პოზიცია აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილსაც, რომელიც ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა გაიაროს როგორც კეთილსინდისიერების, ასევე პროფესიონალიზმის ტესტი:

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი

„საჭიროების შემთხვევაში მექნება მზაობა ნებისმიერი შემოწმების გავლის, იქნება ეს კეთილსინდისიერების თუ პროფესიონალური ტესტი”, — სწერს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი „მთავარ არხს“.

ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობაზე დასაქმებულთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს პოზიციას  არ იზიარებს ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დაუდასტურა.

„ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია და თავადაც მზადაა საჭიროების შემთხვევაში ამგვარი შემოწმება გაიაროს:

ეკა არეშიძე

„რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის პროგრესულ მომავალთან.

რაც შემეხება პირადად მე, ნებისმიერმა მოსამართლემ უნდა შეძლოს კეთილსინდისიერების ტესტის გავლა, ეს მოსამართლის თანამდებობაზე განმწესების ძირითადი კრიტერიუმია, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ შემოწმებისთვის. მნიშვნელოვანია, თავად პროცესი იყოს გამჭვირვალე და მაქსიმალურად ობიექტური“ — უთხრა ეკა არეშიძემ „ნეტგაზეთს“.

ნეტგაზეთი სხვა მოსამართლეებისგანაც ცდილობს პასუხების მიღებას  და სტატია შესაძლოა განახლდეს.

რა არის და ვის შეიძლება შეეხოს კეთილსინდისიერების ხელახალი შემოწმების მექანიზმი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

კერძოდ, ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის ,მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგმა“ შეადგინა იმ პირთა სია, რომლებსაც აღნიშნული მექანიზმის დანერგვის შემთხვევაში შესაძლოა შეეხოთ კეთილხინდისიერების ხელახალი შემოწმება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საუბარია არა ყველა მოსამართლეზე, არამედ დაახლოებით 60 პირზე, რომლებსაც სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობები უკავიათ. მათ შორის შესაძლოა იყვნენ [სიის ჩამოსაშლელად დააკლიკეთ]:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

სასამართლოს გუშაგში აღნიშნავენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხოლო ეკა გასიტაშვილს – 2025 წლის ივლისში. ევროკავშირის შეფასებებისა და პირობების შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხოლოდ უვადოდ არჩეული მოსამართლეები დაექვემდებარებიან:

1. ნინო ქადაგიძე – თავმჯდომარე;
2. გიორგი მიქაუტაძე – თავმჯდომარის მოადგილე;
3. შალვა თადუმაძე – თავმჯდომარის მოადგილე;
4. მერაბ გაბინაშვილი;
5. ვლადიმერ კაკაბაძე;
6. რევაზ ნადარაია;
7. თამარ ოქროპირიძე;
8. გენადი მაკარიძე;
9. მაია ვაჩაძე;
10. გოჩა აბუსერიძე;
11. მამუკა ვასაძე;
12. ნუგზარ სხირტლაძე;
13. ლაშა ქოჩიაშვილი;
14. მირანდა ერემაძე;
15. გიორგი გოგიაშვილი;
16. ბიძინა სტურუა;
17. ლევან მიქაბერიძე;
18. თეა ძიმისტარაშვილი;
19. ლევან თევზაძე;
20. ნინო სანდოძე;
21. ამირან ძაბუნიძე;
22. ქეთევან ცინცაძე;
23. ლალი ფაფიაშვილი;
24. თამარ ზამბახიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები

„სასამართლოს გუშაგში“ აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის პირობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ექვემდებარებიან კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ვინაიდან ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარებიან, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სიაში  მათი გვარები აღარაა მითითებული.

ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან, საბჭო დატოვა. შესაბამისად, შემოწმებას უნდა დაექვემდებარონ მათი შემცვლელები:

1. ნიკოლოზ მარსაგიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;
2. ლევან მურუსიძე;
3. დიმიტრი გვრიტიშვილი;
4. თემურ გოგოხია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები

„სასამართლოს გუშაგში“ აცხადებენ, რომ ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არამოსამართლე წევრს, თამარ ღვამიჩავას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში ეწურება, შესაბამისად, შემოწმება უნდა გავრცელდეს მომავალში დასანიშნ კანდიდატზე.

ორგანზიაციის შეფასებით, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმება უნდა გავრცელდეს პარლამენტის მიერ არჩეულ არამოსამართლე წევრებზე:

1. გიორგი გზობავა;
2. ტრისტან ბენაშვილი;
3. ზურაბ გურასპაშვილი;
4. ლევან ნემსაძე;
5. გოგა კიკილაშვილი.

სასამართლოების თავმჯდომარეები

1. მიხეილ ჩინჩალაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლო;
2. ირაკლი ბონდარენკო – ქუთაისის სააპელაციო სასამართლო;
3. ვასილ მშვენიერაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო;
4. ნიკოლოზ მარგველაშვილი – ქუთაისის საქალაქო სასამართლო;
5. ეკატერინე კულულაშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლო;
6. დავით გელაშვილი – ფოთის საქალაქო სასამართლო;
7. მამია ფხაკაძე – რუსთავის საქალაქო სასამართლო;
8. როინ კახიძე – ამბროლაურის რაიონული სასამართლო;
9. ანაიტ ოგანესიან – ახალციხის რაიონული სასამართლო;
10. არარატ ესოიან – ახალქალაქის რაიონული სასამართლო;
11. გიორგი გრატიაშვილი – ბოლნისის რაიონული სასამართლო;
12. კობა გოცირიძე – გორის რაიონული სასამართლო;
13. ნანა ჩალათაშვილი – გურჯაანის რაიონული სასამართლო;
14. შოთა ნიკურაძე – ზესტაფონის რაიონული სასამართლო;
15. ირაკლი აბშილავა – ზუგდიდის რაიონული სასამართლო;
16. ვლადიმერ ხუჭუა – თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო;
17. მარინე ცერცვაძე – თელავის რაიონული სასამართლო;
18. მორის (ვაჟა) ფუხაშვილი – მცხეთის რაიონული სასამართლო;
19. ლევან მეშველიანი – სამტრედიის რაიონული სასამართლო;
20. ივანე ყიფიანი – საჩხერის რაიონული სასამართლო;
21. ლევან ნუცუბიძე – სენაკის რაიონული სასამართლო;
22. გიორგი ბუხრაშვილი – სიღნაღის რაიონული სასამართლო;
23. მევლუდ ხათაშვილი – ხაშურის რაიონული სასამართლო;
24. გოჩა ფუტკარაძე – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო.

რაც შეეხება დანარჩენ ორ სასამართლოს, „სასამართლოს გუშაგში“ აღნიშნავენ, რომ ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე არ ჰყავს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები

გარდა ამისა, „სასამართლოს გუშაგში“ აცხადებენ, რომ სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები კონკრეტულად არ არის ნახსენები ევროკავშირის პირობებში, თუმცა აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებარონ სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფი პირები.

ამის გათვალისწინებით,  ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებიც უნდა დაექვემდებარონ კეთილსინდისიერების შემოწმებას.

„სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზოგიერთი კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე არის საბჭოს წევრი და ზოგიერთ სასამართლოში კოლეგიას/პალატას არ ჰყავს თავმჯდომარე, ასეთ შემთხვევაში, ამ ეტაპის მონაცემებით, საჭირო იქნება მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება.

1. ირაკლი შენგელია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
2. მალხაზ ოქროპირაშვილი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე;
3. სერგო მეთოფიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.

როგორია ხელისუფლების პოზიცია

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიაში ცდილობენ, ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა, იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს. “ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის ამ რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებენ სამოქალაქო ორგანიზაციები. ხუთმა მათგანმა განცხადება 13 მარტსაც გაავრცელა და უზენაესი სასამართლოს პოზიციასაც გამოეხმაურა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „დემოკრატიის მცველები“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს.

„მაგალითად, კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე, შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.  ასევე კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ლევან მურუსიძე, რომლის სახელიც ქვეყანაში წლების მანძილზე უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებას უკავშირდება და რომელიც გასულ წელს, კორუფციაში ჩართულობის გამო, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, აშშ-ის მიერ დასანქცირდა.

კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ასევე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე. მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ „ფილიპ მორისის“ საქმესთან არის დაკავშირებული“, — ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ავტორები არ ეთანხმებიან უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებული წერილის შინაარსსაც, სადაც ნათქვამია, რომ  ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დამატებით შემოწმებას არ საჭიროებენ, რადგან მოსამრთელეების კეთილსინდისიერება თანამდებობაზე არჩევის პროცესში უკვე გადამოწმდა:

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კრიტიკის საგანი გახდა.

მათ შორის უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერაც, რომელიც პროცესს მონიტორინგს უშუალოდ უწევდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა, ამ პროცესის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვისაც კარგად არის ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი