სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რუსეთში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები კავკასიაში და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები – 2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა მსოფლიო, თუ ქართული პოლიტიკისთვის.
„ნეტგაზეთმა“ თავი მოუყარა (თითქმის) გასული წლის უმთავრეს პოლიტიკურ თუ სამხედრო საერთაშორისო მოვლენებს.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
ორ წლის წინ, 2021-ის ზაფხულში, ასოცირებული ტრიოს წევრების, – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტები ბათუმში შეიკრიბნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად. აქედან ერთ წელიწადში მსოფლიო კარდინალურად იქნება შეცვლილი: რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას წამოიწყებს, ხოლო ევროკავშირი გაფართოების ახალ ტალღას დაიწყებს.
ასოცირებული ტრიოს სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრა ბათუმში, 2021.
გაფართოების ახალი ტალღის ფარგლებში 2022-ის ივნისის ბოლოს მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გახდნენ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ბრიუსელის 12 რეკომენდაცია გადმოეცა – მათი შესრულება სტატუსის მიღების პირობა იყო.
მოქალაქეთა ნაწილი ამ გადაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციაზე გამოვიდა – მათი მოსაზრებით, სტატუსის არმიღება ხელისუფლების ბრალი იყო. მმართველ პარტიაში და მის მხარდამჭერ მედიასაშუალებებში კი აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ საქართველო „უსამართლო გადაწყვეტილებით“ დაჩაგრეს, „რუსეთთან ომში არჩართვის გამო“. იქვე აღნიშულიც იყო, რომ სტატუსი, როგორც ასეთი, ბევრი არაფრის მომტანია.
საქართველოსთვის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი, ამის შემდეგ, 2023-ის შემოდგომაზე უნდა გადაწყვეტილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა, გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად შესრულებულად 12-დან მხოლოდ სამი რეკომენდაცია მიიჩნია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღო. ამასთან ერთად, ბრიუსელმა გადაწყვიტა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაეწყო უკრაინასთან [უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის ოპოზიციის მიუხედავად] და მოლდოვასთან.
სტატუსთან ერთად, საქართველომ ცხრა დამატებითი რეკომენდაციაც მიიღო, რომელთა შესრულებაც ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე, – გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე, – გადასვლისთვისაა საჭირო.
სტატუსის მიღება მმართველმა პარტიამ თავისუფლების მოედანზე აღნიშნა, თუმცა, სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გადაწყვეტილებამდე აწარმოებდა კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“.
„მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს“
საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში მთიანი ყარაბაღის [არცახის] ირგვლივ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული კონფლიქტის ცხელი ფაზა, როგორც ჩანს, 2023 წელს დასრულდა.
ყარაბაღის პირველი ომი, 1990-იან წლებში, სომხეთის გამარჯვებით და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ჩამოყალიბებით დასრულდა. მომდევნო წლებში, ყარაბაღის თემა მნიშვნელოვანი და მტკივნეული იყო როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთისთვის.
კონფლიქტი რამდენჯერმე, სხვადასხვა პერიოდულობით გადადიოდა აქტიურ ფაზაში, თუმცა მორიგი სრულმასშტაბიანი ომი, რომელმაც ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა, 2020 წელს დაიწყო და ამჯერად აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. სამშვიდობო შეთანხმებით, ბაქომ კონტროლი დაამყარა ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილზე. ამავე შეთანხმებით, რეგიონში რუსი სამხედროების დისლოცირებაც მოხდა.
ყარაბაღის კიდევ ერთი ომი 2023 წლის სექტემბერში დაიწყო. ამას წინ უძღოდა რეგიონის ბლოკადა აზერბაიჯანის მიერ – დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმავალი გზა ჩაკეტილი იყო, რასაც აზერბაიჯანში ეკოლოგთა პროტესტით ხსნიდნენ. ბლოკადის გამო მშვიდობიანი მოქალაქეები ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობდნენ.
საბოლოო ჯამში, ცხრათვიანი ბლოკადის შემდეგ, აზერბაიჯანმა ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელსაც მაშინ არ აკონტროლებდა, ანტი-ტერორისტული ოპერაციის წამოწყების შესახებ განაცხადა. მცირე წინააღმდეგობის შემდეგ, ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება დანებდა – დე ფაქტო პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს არსებობას. მოგვიანებით, აზერბაიჯანულმა ძალებმა დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები დააკავეს.
ყარაბაღელი ლტოლვილები. ფოტო: © EPA
ყარაბაღზე სრული კონტროლის დამყარების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა შეძლებდა, თავისუფლად გაეგრძელებინა ცხოვრება აზერბაიჯანული ხელისუფლების პირობებშიც, თუმცა მათმა აბსოლოტურმა უმრავლესობამ სომხეთში წასვლა არჩია.
70 ათასზე მეტი ლტოლვილის მიღების პარალელურად, სომხეთში მოქმედი მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო მიტინგები მიმდინარეობდა. მოქალაქეები უკმაყოფილონი იყვნენ ყარაბაღის „ჩაბარებით“. თუმცა, საბოლოო ჯამში, ფაშინიანი ხელისუფლებაში დარჩა.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლის პერსპექტივებსაც მხარეები ოპტიმისტურად უყურებენ.
ომი ახლო აღმოსავლეთში
7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.
საპასუხოდ ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო – შეიყვანა სახმელეთო ჯარი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, თუმცა ამავე დროს, ფაქტობრივად, შეუჩერებელი და განურჩეველი დაბომბვა დაიწყო.
საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება და სულ რამდენჯერმე შეჩერდა, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გაცვლისას.
სამხედრო ოპერაციის მიზნად ისრაელი „ჰამასის“ საფრთხის ნეიტრალიზებას ასახელებს. თუმცა, უცნობია, რა ბედი ეწევა და როგორი იქნება ცხოვრება ღაზის სექტორში – ძალიან პატარა ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვით.
„ჰამასის“ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს თითქმის 21 ათასზე მეტი ადამიანი [„ჰამასის“ ცნობით, აქედან 2000-ზე მეტი სამხედროა; ისრაელის ცნობით – 8000] ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 6 ათასზე მეტი ბავშვია. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.
„ჰამასის“ გარდა, ისრაელსა და მის მოკავშირეებზე – კონკრეტულად, აშშ-ის ძალებზე, პერიოდულ და მცირე მასშტაბის თავდასხმებს ანხორციელებენ „ჰეზბოლა“ [ლიბანის სამხრეთში არსებული ჯგუფი, სარგებლობს ირანის მხარდაჭერით] და იემენელი ჰუსიტები.
ევგენი პრიგოჟინი – „რთული ბედის მქონე ადამიანი“
„რთული ბედის ადამიანი იყო“ – ასე დაახასიათა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ სამხედრო ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფაში მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა.
პრიგოჟინის „ვაგნერით“, რომელიც ფორმალურად არასდროს ყოფილა რუსეთის ხელისუფლების სტრუქტურა, იქამდეც ასრულებდა მოსკოვის დავალებებს სირიაში და აფრიკის ქვეყნებში.
თუმცა, პრიგოჟინი ფართოდ ცნობილი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გახდა. როცა რუსეთის რეგულარულმა ჯარმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, მათ საშველად სწორედ „ვაგნერს“ მოუხმეს. პრიგოჟინმა კი უკრაინაში საომრად პატიმართა რეკრუტირება დაიწყო – ეს პრაქტიკა მისი სიკვდილის შემდეგაც გრძელდება.
ევგენი პრიგოჟინი პატიმართა რეკრუტირებისას. მის სამოსს რუსეთის გმირის ორი ორდენი ამშვენებს. რისთვის და როდის გადასცეს მას უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, უცნობია.
სწორედ უკრაინის ომში დაიწყო პრიგოჟინისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის, მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის კონფლიქტი, რომლის ფარგლებშიც პრიგოჟინი ხშირად და ზოგჯერ არანორმატიული ლექსიკითაც აკრიტიკებდა მათ. ვითარება გამწვავდა 2023-ის გაზაფხულზე, როცა პრიგოჟინმა უკრაინაში მოკლული სამხედროების ცხედრების ფონზე ვიდეომიმართვა ჩაწერა და ყველაფერში ბრალი დასდო შოიგუ-გერასიმოვს, რომლებიც, თურმე, „ვაგნერელებს“ განგებ არ აწვდიდნენ საკმარის ტყვია-წამალს.
ივნისში პრიგოჟინი კიდევ ერთხელ გამოვიდა სკანდალური განცხადებებით – ეჭვქვეშ დააყენა რუსეთში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ წოდებული ომის ოფიციალური მიზეზები, მეორე დღეს კი თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ ბანაკის დაბომბვაში დაადანაშაულა და მოსკოვისკენ „სამართლიანობის მარში“ დაიწყო.
კრემლმა პრიგოჟინის „მარში“ სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო. „ვაგნერელებმა“ ამ ამბოხის დროს რამდენიმე ქალაქი, მათ შორის როსტოვიც კი დაიკავეს. „მარშის“ მეორე დღეს, პრიგოჟინმა მოულოდნელად უკან დაიხია – გამოცხადდა, რომ ხელისუფლება „ვაგნერელებს“ ამბოხს აპატიებდა, თუკი ისინი შეჩერდებოდნენ. უსაფრთხოების გარანტია პრიგოჟინისთვის თავად ვლადიმერ პუტინს მისცა, ნათქვამი აქვს შუამავალს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს.
შემდგომ ორ თვეში, მედიასთან კომუნიკაციაში იქამდე ძალზედ აქტიურმა პრიგოჟინმა შედარებითი თავშეკავება გამოიჩინა და ახალი, ფაქტობრივად, არაფერი უთქვამს. 2023 წლის 24 აგვისტოს კი რუსეთის სახელმწიფო უწყებამ, როსავიაციამ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ნამდვილად იმყოფებოდა. ბორტზე იყო „ვაგნერის“ ყველა სხვა „მაღალჩინოსანიც“.
კრიტიკოსებმა მომხდარში კრემლი და პირადად ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულეს, რასაც მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ. დეკემბერში „უოლ სთრით ჯორნალმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ორგანიზება უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა ვლადიმერ პუტინის მდუმარე თანხმობით ითავა.
ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გაიცა
2023 წლის 17 მარტს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
ბრალდება პუტინის მიმართ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაა – ომის დაწყებიდანვე, რუსულ ძალებს უკანონოდ გაჰყავდათ უკრაინელი ბავშვები ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში. მოსკოვში ამას ჰუმანიტარული მიზეზებით ხსნიან.
პუტინთან ერთად ორდერი გაიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე, რომელსაც რუსეთში ბავშვთა ომბუდსმენის პოსტი უკავია. ორდერის გაცემისას პროკურორები დაეყრდნენ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას შეხვედრას, რომელზეც მათ საჯაროდ განიხილეს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების საკითხი.
ვლადიმერ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა.
დაზუსტებული და სანდო ცნობები, თუ კონკრეტულად რამდენი ბავშვი გაიტაცეს რუსეთში, არ მოიპოვება. თუმცა, უკრაინული მხარე პერიოდულად იუწყება რამდენიმე ბავშვის დაბრუნების შესახებ.
რაც შეეხება ორდერს, მის გამო პუტინს, ფაქტობრივად, შეეზღუდა მსოფლიოს იმ ქვეყნებში ჩასვლა, რომლებიც, რუსული აგრესიის მიუხედავად, მზად იყვნენ მის მისაღებად, თუმცა რატიფიცირებული ჰქონდათ რომის სტატუტი სასამართლოს დაფუძნებაზე და შესაბამისად, ვალდებულები იქნებოდნენ, მათ იურისდიქციაში ყოფნის შემთხვევაში, პუტინი დაეპატიმრებინათ.
არჩევნები სხვადასხვა ქვეყანაში
ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების გარდა, არაერთ ქვეყანაში წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა.
პოლონეთში მემარჯვენე-კონსერვატიული ხელისუფლება – პარტია „კანონი და სამართალი“ – ყოფილი პრემიერის, დონალდ ტუსკის ლიბერალურმა კოალიციამ ჩაანაცვლა. პოლონეთის აწ უკვე წინა მთავრობა, რომელსაც დემოკრატიულ უკუსვლაში და ავტორიტარიზმში სდებდნენ ბრალს, საკმაო ხანია, ღია კონფლიქტის რეჟიმში იყო ბრიუსელთან და ევროკავშირის სხვადასხვა ინიციატივას ბლოკავდა.
გარდა ამისა, ისტორიაში პირველად ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი, რომელიც თავს ლიბერტარიანელად მიიჩნევს. ხავიერ მილეიმ საპრეზიდენტო არჩევნებში არგენტინაში მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმარჯვა. იგი მოქალაქეებს სახელმწიფო აპარატის მკვეთრ შემცირებას და გაუფასურებული პესოს ნაცვლად, ამერიკულ დოლარზე გადასვლას ჰპირდებოდა.
საერთაშორისო აუდიტორიას კი, პოლიტიკური გზავნილების გარდა, თავი უცნაური გამოსვლებითაც დაამახსოვრა – წინასაარჩევნო მიტინგებზე ბენზოხერხით გამოდიოდა. მილეის განცხადებითვე, მისმა გარდაცვლილმა ძაღლმა უთხრა ღვთიურ მისიაზე – რომ მას პრეზიდენტად ეყარა კენჭი. იგი აგრეთვე მხარს უჭერს ორგანოებით ვაჭრობის ლეგალიზაციას, ხოლო კითხვას, უჭერს თუ არა მხარს ბავშვების გაყიდვას, ამბობს, რომ „[გარემოებებს] გააჩნია“.
ხავიერ მილეი.
მემარჯვენეებმა გამარჯვება მოიპოვეს სლოვაკეთსა და ნიდერლანდებში. სლოვაკეთის ახალი მთავრობა, პრემიერ რობერტ ფიცოს ხელმძღვანელობით, ის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას არ უჭერს მხარს და ომში სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ითხოვს. ნიდერლანდებში კი ყველაზე მეტი ადგილი [თუმცა არა უმრავლესობა] მოიპოვა ქსენოფობიურმა „თავისუფლების პარტიამ“ გირტ უილდერსის მეთაურობით. თუმცა, სათუოა, მათ სამთავრობო კოალიციის შეკვრა მოახერხონ.
საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს მეზობელ თურქეთში, სადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, დემოკრატიული უკუსვლის და სხვა კრიტიკის ფონზე, მეორე ტურში მაინც მოახერხა გამარჯვება და სულ მცირე 2028 წლამდე, თურქეთის ხელისუფლებაში ყოფნა გაინაღდა.