ახალი ამბები

პრიგოჟინი მკვდარია – რას ნიშნავს ეს აფრიკისთვის

11 სექტემბერი, 2023 • 13548
პრიგოჟინი მკვდარია – რას ნიშნავს ეს აფრიკისთვის

ავტორი: ეინიშა პატელი, პოლიტიკის მკვლევარი ტონი ბლერის ინსტიტუტში


„ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი, ამავე ჯგუფის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანთან ერთად, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან შედეგებს იქონიეს აფრიკისთვის, სადაც „ვაგნერი“ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი. ბევრი ეჭვობს, რომ პრიგოჟინის სიკვდილში პუტინის ხელი ურევია და თუ ასეა, აფრიკელი ლიდერები, ვინც ბედი „ვაგნერს“ დაუკავშირა, უნდა დაფიქრდნენ, რამდენად ძალაშია დაპირებები, რომლებიც პრიგოჟინმა გასცა.

სამხედრო კავშირები კრემლს, „ვაგნერსა“ და აფრიკის ქვეყნების მთავრობებს შორის ყოველთვის გაურკვევლობით იყო მოცული. თუმცა, სავარაუდოდ პუტინის მიერ ორგანიზებული მკვლელობა პრიგოჟინის ივნისის მცირეხნიანი აჯანყების დასასჯელად, ზრდის რისკებს აფრიკელი ლიდერებისთვის, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად „ვაგნერს“ ეყრდნობოდნენ.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სუდანელი მუჰამედ ჰამდან დაგლო, ასევე ცნობილი როგორც ჰემედთი. იგი სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალების“ (RSF) ხელმძღვანელია და პრიგოჟინთან წლები ალაგებდა ურთიერთობებს. პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ „ვაგნერის“ ბედი გაურკვეველია, ხოლო RSF-სთვის იარაღის მიწოდება, დიდი ალბათობით, დაირღვევა, რასაც შეუძლია შეცვალოს ძალთა ბალანსი ამ ორგანიზაციასა და სუდანის შეიარაღებულ ძალებს შორის. ეს ჰემედთისთვის სახიფათო მომენტში ხდება – ისე ჩანს, რომ მისი პრეტენზიები ქვეყნის მართვაზე სერიოზულ წინაღობებს ეჯახება.

„ვაგნერთან“ პარტნიორობა ყოველთვის სარისკო იდეა იყო, მაგრამ ახლა რისკი კიდევ უფრო მეტია. ახლა, ნიგერიდან გაბონამდე სახელმწიფო გადატრიალებების ფონზე, აფრიკაში მყოფი ხელისუფალნი თუ ამბოხებულნი, ვინც „ვაგნერთან“ ალიანსზე ფიქრობს, ძველ მიდგომას ვეღარ დაეყრდნობიან. ცოტა თუ შეიტანს ეჭვს, რომ კრემლის რესურსებზე პრიგოჟინის წვდომის გარეშე „ვაგნერი“ საკუთარი თავის ჩრდილი გახდება.

პრიგოჟინი „ვაგნერის“ აფრიკული საქმიანობის მამოძრავებელი ძალა იყო. მისი ხასიათი, კავშირი აფრიკელ ლიდერებთან და კონტროლი კომერციულ არხებზე საკვანძო გახდა მისი დაქირავებული მებრძოლების გავლენის ზრდისთვის. მემკვიდრე, რომელიც ასეთივე შედეგებს უზრუნველყოფს, რთულად თუ მოიძებნება (და სავარაუდოდ, არც მოიძებნება). პოტენციურად, ამას აფრიკულ კონტინენტზე „ვაგნერის“ ოპერაციების შეჩერება შეუძლია.

თუ „ვაგნერელბმა“ დაიჯერეს, რომ მათი ლიდერი მართლაც პუტინის ბრძანებით მოკლეს, რუსეთის პრეზიდენტი არ უნდა ელოდოს, რომ ისინი ძველებურ ერთგულებას შეინარჩუნებენ. თუკი „ვაგნერი“ თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადავა (როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო პუტინის მიზანი), კერძო სამხედრო დანაყოფების სახელმწიფო სტრუქტურად ქცევა დიდი ალბათობით შეამცირებს მათ ოპერატიულ და ტაქტიკურ მოქნილობას.

ამასთან ერთად, რთული იქნება პრიგოჟინისეული დისციპლინის შენარჩუნება – დამსახურებებზე დაფუძნებული იერარქიის, მისიის წარმატებაზე დაფუძნებული დაჯილდოების სისტემა. ცნობილია, რომ აფრიკული პროექტებიდან მიღებულ ნადავლს პრიგოჟინი თავის ხალხს უზიარებდა. ასეთი გულუხვობა არ ასოცირდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

არის კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი – ოპერატიული ავტონომია. პრიგოჟინი თავისიანებს ენდობოდა და მათ ადგილზე ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას აძლევდა. კრემლი მსგავს მეთოდებს ეჭვის თვალით უყურებს. თავდაცვის სამინისტრო საკმაო ხანი ეჭვით უყურებდა „ვაგნერის“ დამოუკიდებლობას, რის გამოც საეჭვოა, უწყებამ მწვანე შუქი აუნთოს ამ დეცენტრალიზებულ მოდელს, რომელიც საკვანძო ფაქტორი იყო აფრიკაში ამ ჯგუფის დაუნდობელი ეფექტურობის.

„ვაგნერის“ მაღალჩინოსნებიდან ბევრი პრიგოჟინთან დასაწყისიდანვე იყო. მაგალითად, მალიში დაჯგუფების ხელმძღვანელი ივან მასლოვი პრაქტიკულად დამოუკიდებელი გენერალური დირექტორივით მოქმედებს. სანახავია, მოახერხებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო ამ გამოცდილი ოფიცრების ერთგულების მოპოვებას. მათ გარეშე „ვაგნერი“ უპირატესობებს დაკარგავს.

„ვაგნერსა“ და რუსულ სამხედრო ისთებლიშმენტს შორის არსებული უნდობლობის გათვალისწინებით, ბევრმა მებრძოლმა „ვაგნერი“ შეიძლება დატოვოს. ერთნი შეუერთდებიან სხვა არასახელმწიფო საბრძოლო დაჯგუფებებს ან დანაშაულებრივ ორგანიზაციებს, სხვები პირდაპირ მოემსახურებიან აფრიკელ ლიდერებს, ვისთანაც კარგი ურთიერთობა დაალაგეს. ამ ყველაფერს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დესტაბილიზაცია შეიტანოს აფრიკულ სახელმწიფოებში, რაც რეგიონალური ქაოსის რისკს გაზრდის.

პუტინისეული „დაყავი და იბატონეს“ გარდა, „ვაგნერის“ დაშლას შეიძლება ხელი შეუწყოს ორგანიზაციის შეტანამ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ტერორირსტული ჯგუფების სიაშია. ასევე, „ვაგნერის“ ოპერაციების ნაწილზე კონტროლის დამყარებას, ალბათ, შეეცდება „რედუტი“ – დაქირავებულ მებრძოლების კომპანია, რომელსაც პრიგოჟინის მთავარი მტერი, სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობს. თუმცა, „რედუტს“ არ აქვს ადგილობრივი კულტურის გაგება, დალაგებული ურთიერთობები და გამოცდილება. ასე რომ, კონტროლის დამყარების შემთხვევაშიც, მისი შენარჩუნება გაჭირდება.

აფრიკელმა ლიდერებმა, ვინც ეყრდნობოდა „ვაგნერს“ და დაქირავებულ მებრძოლთა მსგავს ჯგუფებს, უნდა გამოიყენონ მომენტი და გადააფასონ სტრატეგია. საუკეთესო შემთხვევაში, ასეთ დაჯგუფებებთან თანამშრომლობა უბრალოდ სახიფათო არჩევანია.

„ვაგნერის“ მსგავს კომპანიებთან დასაპირისპირებლად დასავლეთის ქვეყნები ვალდებულნი არიან, შეავსონ უსაფრთხოების ვაკუუმი, რომელსაც, როგორც წესი, ეს ჯგუფები იყენებენ. თუმცა, საჰელის ისლამისტ აჯანყებულებთან ბრძოლისთვის საჭიროა სამხედრო ზომები. ხანგრძლივი მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ ადამიანთა განვითარების ხელშეწყობით და ადგილობრივი საზოგადოებების მდგრადობის ზრდით. ეკონომიკური და სოციალური პროგრესის დაცვა საკვანძო ასპექტი იქნება „ვაგნერისა“ და მსგავსი ორგანიზაციების განდევნის საქმეში.

პრიგოჟინის სიკვდილი დასავლეთს აძლევს უნიკალურ შანსს, დაამყაროს უფრო ახლო კავშირი აფრიკულ მთავრობებთან უსაფრთხოების სფეროში. ვინაიდან „ვაგნერის“ გავლენა ეცემა, აფრიკა და დასავლეთი ვალდებულნი არიან, გამოიყენონ ეს შანსი უსაფრთხო და მდგრადი მშვიდობის მქონე მომავლის მშენებლობისთვის.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი