კომენტარი

პუტინის ჩიხი | კარლ ბილდტი

25 დეკემბერი, 2023 • 1543
პუტინის ჩიხი | კარლ ბილდტი

ავტორი: კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ნათლად განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავის მიზნებს მიაღწევს. ისინი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ არ შეცვლილა. მას სურს უკრაინის დემილიტარიზაცია, ანუ უკრაინის რუსული სამხედრო კონტროლის ქვეშ ყოფნა და „დენაციფიკაცია“, ანუ უკრიანის რუსეთის მიერ პოლიტიკური კონტროლი. სხვა სიტყვებით, უკრაინის რუსეთის მიერ „ჩაყლაპვა“.

პუტინი იმეორებს, რომ უკრაინის არსებობისთვის ისტორიული გამართლება არ არსებობს, ვინაიდან ეს ქვეყანა შედგება ტერიტორიებისგან, რომლებიც საკმაო ხანი შედიოდა რუსეთის იმპერიაში. თუმცა მსგავსი რამის თქმა სხვა ევროპული ქვეყნების შესახებაც შეიძლება. ბევრი იყო ოსმალების, ავსტრო-უნგრეთის, პრუსიის და რუსეთის იმპერიების ბატონობაში. გლობალურად, გაეროს 193 წევრიდან დიდმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა. იმ ისტორიულ პერიოდში, რომლითაც პუტინია გატაცებული, ბევრი დღევანდელი ქვეყნის არსებობაც კი წარმოუდგენელი იყო.

პუტინის პრობლემა ისაა, რომ იმპერიების ხანა საკმაო ხანია დასრულდა. იგი ჯიუტად არ აღიარებს, რომ ახლა ეროვნული სახელმწიფოების ხანაში ვცხოვრობთ, ხოლო საერთაშორისო წესრიგს ტერიტორიული მთლიანობის გაეროს ქარტია განაგებს, რომლის მიხედვითაც საზღვრების ძალისმიერად ცვლილება არ შეიძლება. იგი ფანტაზიორობს რუსეთის იმპერიის ხელახალ აღმოცენებაზე უკრაინისა და ბელარუსის ჩაყლაპვით (მათ შეიძლება ბევრი სხვა მეზობელიც მიჰყვეს).

დამპყრობლური ომის წამოწყებისას პუტინი, ნათელია, უკრაინის სწრაფ დანებებას ელოდა. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ზელენსკი უნდა მოეშორებინათ, მთავრობა კი რუსული მარიონეტი უნდა ყოფილიყო.

ეს გეგმა საოცრად ჩაიშალა. უკრაინის მოსახლეობა, განსაკუთრებით შეიარაღებული ძალები, უარზეა, დაუჩუქოს მეფობის მსურველს. უკრაინელები გაერთიანდნენ, შეინარჩუნეს დედაქალაქი და ნელ-ნელა დაიბრუნეს თავდაპირველად ოკუპირებული ტერიტორიების დაახლოებით ნახევარი. რაკეტებისა და დრონების წყალობით, უკრაინამ, ფაქტობრივად, თამაშიდან გაიყვანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, საჰაერო თავდაცვამ კი ფაქტობრივად არასაფრენი ზონა შექმნა უკრაინაში.

ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთის ფინანსურმა და სამხედრო მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა უკრაინის თავდაცვაში. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია უკრაინელთა მორალური განწყობა და თავიანთი ქვეყნის თავდაცვის მზადყოფნა. მომავალი წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პუტინმა სარწმუნო არგუმენტი უნდა წარადგინოს, რომ ომში გამარჯვება ფუჭი ოცნება არაა. მან სამხედრო რელსებზე გადაიყვანა ეკონომიკა, 400,000 კაცი გაიწვია ჯარში, გააძლიერა პროპაგანდისტული მანქანა და რეპრესიები ახალ დონემდე აიყვანა.

თუმცა აქედან არაფერი დაეხმარება ომის მოგებაში. ისე ჩანს, რომ მისი „მოტეხილი“ ჯარი ვერ ახერხებს, მნიშვნელოვნად წაიწიოს წინ უკრაინის თავდაცვით ხაზებში. მისი ერთადერთი იმედია, რომ უკრაინელთა წინააღმდეგობა დასუსტდება, „ომით დაღლა“ კი გაძლიერდება ევროპასა და აშშ-ში. როცა დასავლური ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა ამოიწურება, უკრაინელთა მორალური მდგომარეობა გაუარესდება, მისი ძალები კი შეძლებენ წინ წაიწიონ და დააკავონ, გადაასახლონ ან უბრალოდ დახოცონ ყველა, ვინც კვლავ უწევს წინააღმდეგობას, მიიჩნევს იგი.

თუმცა ამ შეფასებაში პუტინი დიდად ცდება. მისმა ჯარმა უკვე ჩაიდინა მასობრივი დანაშაულები და მომავალშიც იზამს. მაგრამ ასეთი საშინელება, პირიქით, გააძლიერებს ევროპელთა პოლიტიკურ ნებას – დასავლეთისკენ მილიონობით ლტოლვილი აიღებს გეზს. მართალია, რთულია ევროპული მთავრობების რეაქციის პროგნოზირება, მაგრამ დიდი ალბათობით ისინი ნამდვილად არ წავლენ რუსეთთან მშვიდობის დამყარებაზე. ბევრად უფრო სავარაუდოა კიდევ უფრო ფართო და ხანგრძლივი კონფლიქტი, სადაც შედეგს გადაწყვეტს ევროპის ეკონომიკური და ინდუსტრიული ძალა, მიუხედავად აშშ-ის პოზიციისა.

მოკლედ რომ ითქვას, არ არის ვარიანტი, რომელშიც პუტინი ამ ომს იგებს. მშვიდობა დაისადგურებს, როცა პუტინი დამარცხდება. როცა უკრაინელები (დასავლეთის დახმარებით) დაიცავენ საკუთარ თავს და რუსები დაინახავენ, რომ პუტინის ომი მათ მომავალსაც ემუქრება.

შეუძლებელია ითქვას, ეს როდის მოხდება. ახლა ისე ჩანს, რომ პუტინი იმითაც კმაყოფილდება, რომ სამხედრო მარცხი არ განიცადა. იგი ცდილობს, ხალხს მისი ომის სჯეროდეს, არადა, იგი ახლოსაც არაა გაცხადებული მიზნების მიღწევასთან. თუმცა ეს წარმოდგენა მუდმივად ვერ გაგრძელდება. ადრე თუ გვიან, ვეღარ დაიმალება, თუ რა დამართა მან რუსეთს.

ერთ დღეს, როცა რუსეთი საბოლოოდ მოისვრის პუტინის ნეოიმპერიალისტურ ილუზიებს, ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფო დაიწყებს თავის მომავალზე ფიქრს, სხვების, მათ შორის უკრაინისა და ბელარუსის გარემოცვაში, მხოლოდ შემდეგ შეგვეძლება მშვიდობაზე საუბარი.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი