კომენტარი

პრეზიდენტის იმპიჩმენტი სიგნალია EU-ის წინააღმდეგ — რებეკა ჰარმსი

6 სექტემბერი, 2023 • 1648
პრეზიდენტის იმპიჩმენტი სიგნალია EU-ის წინააღმდეგ — რებეკა ჰარმსი

„უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს გაწევრიანება არ არის რაღაც საჩუქრის მსგავსი, ან რასაც ეს სახელმწიფოები იმსახურებენ… ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“, — მიიჩნევს გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი.

„ნეტგაზეთი“ მას თბილისის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ესაუბრა.

ევროკავშირის კანდიდატობა

„ევროკომისია ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს, ნამდვილად ასრულებს თუ არა საქართველო პრიორიტეტებს. გადაწყვეტილება ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება კომისიის შეფასებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ 12 პრიორიტეტზე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საიდუმლო არაა, რომ მე ყოველთვის ვიყავი საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერი და კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გზაა. ბრიუსელისგან ამ შემოდგომაზე საჭიროა სიგნალი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირს უნდა საქართველოს მიღება და ემხრობა გაფართოების იდეას, როგორც კონტრიბუციას საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ვერ განვსჯი, ეს ავტომატურად გამოიწვევს თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა მწამს, რომ თუ ვაპირებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას უკრაინასთან და მოლდოვასთან, საქართველო ძალიანაც არ უნდა ჩამოვიტოვოთ“, — მიიჩნევს ჰარმსი.

რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რებეკა ჰარმსი მესამედ სტუმრობს საქართველოს. მისი დაკვირვებით, ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილებისთვის პრობლემა ახლა შექმნილია საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც ბრიუსელში „შერეულ სიგნალებს აგზავნის“. ჰარმსი ჩამოთვლის, კონკრეტულად რა იწვევს მის შეშფოთებას:

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას მთავრობა, მიწვევის მიუხედავად, არ ესწრება. აქ თავმოყრილია ბევრი ის ადამიანი, ვინც წლებია მხარს უჭერს საქართველოს გზას დასავლურ ალიანსებში. რთულია გაგება, რატომ არ უნდა მოხვიდე აქ.

პრეზიდენტი სააკაშვილი პატიმრობაშია ენით აუწერელ პირობებში. მიუღებელია რაც ხდება და ეს ერთგვარად გზავნილიცაა დასავლეთისადმი.

სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველებმა შეძლეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის შეჩერება, მაგრამ არის სხვა ინიციატივები, რომლებიც არაა თანხვედრაში ევროკავშირში გაწევრიანების იდეასთან.

სანქციების დარღვევა დიდი პრობლემაა და იმდენად, რამდენადაც მინდა კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის, იმდენად მესმის, რომ ეს ძალიან რთული ევროკავშირისთვის“.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, სანქციებს არათუ არ არღვევს, იქით ეხმარება ევროპის ქვეყნებს სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების გამოვლენაში. რებეკა ჰარმს არ სჯერა, რომ სანქციები არ ირღვევა იმ „ღრმა ეკონომიკური ურთიერთობების“ პირობებში, რომელიც საქართველოს რუსეთთან აქვს.

რებეკა ჰარმსმა ასევე გაიხსენა შემთხვევა, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) უნგრეთში, „ყველა იმ გლობალურ ლიდერთან ერთად, რომელიც ექსტრემალურად ანტიევროპულები არიან და ამავდროულად არ უერთდებიან ალიანსებს რუსეთის ომის წინააღმდეგ უკრაინაში“.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტორებისა, ყოფილი ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური გათვლებით უნდა მიიღოს:

„ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა რეალურად არ არის ევროპული გზის ერთგული. მეორე მხრივ, ისე არ უნდა მოხდეს, ჩვენი გადაწყვეტილებები დავაფუძნოთ მარტო იმას, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს. გაფართოება არა მხოლოდ იმ ქვეყნების ინტერესებშია, რომლებიც ევროკავშირს უერთდებიან, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიცაა. შავი ზღვის რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ნათელია, რომ საქართველოს წევრობა ევროკავშირში და შემდეგ ნატოში, აძლიერებს ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებას“.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი

გაფართოების პაკეტის ფარგლებში შეფასების მოლოდინში, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო ევროპული ტურნე კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდასაჭერად. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ზურაბიშვილი პირიქით, აზიანებს პროცესს, რადგან საჯაროდ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს 12 რეკომენდაციას. იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ნებართვის გარეშე მაინც გაემგზავრა ევროპის დედაქალაქებში, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. რებეკა ჰარმსი აღნიშნულს „ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებად“ მიიჩნევს.

„პრეზიდენტმა რეალურად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველო გასულ წელს საერთოდ ხელცარიელი არ დარჩა და მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, მიიღო ევროპული პერსპექტივა და პრიორიტეტების სია. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნამდვილად დაეხმარა ამ პროცესს. მიუხედავად სუსტი მომენტებისა, როცა დებატები ეხებოდა ადამიანის უფლებებს, პოლიტიკურ პატიმრებს და მედიის თავისუფლებას საქართველოში, სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია და მისი იმპიჩმენტი არის სიგნალი ევროკავშირის წინააღმდეგ“, — ამბობს ჰარმსი.

ომი უკრაინაში

რებეკა ჰარმსი მათ შორისაა, ვინც აკრიტიკებს დასავლეთს უკრაინის არასათანადო მხარდაჭერისთვის. ის ამბობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არა, მაგრამ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში წამოწყებული კონფლიქტის შემდეგ დარწმუნებულია რუსეთის ტოტალური დამარცხების აუცილებლობაში.

„მე 2014 წლიდან ვიცი, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია. საქართველოს ომიდან ვერა, მაგრამ ყირიმის ანექსიის შემდეგ ვისწავლე გაკვეთილი. არ ვარ დარწმუნებული, თუმცა ყველა მთავრობა, რომელიც უკრაინას ამ ომში ეხმარება, რუსეთის სრულ დამარცხებას ემხრობა. ამ მიზნის გათვითცნობიერების ნაკლებობას მივყავართ უკრაინის ნაკლები მხარდაჭერისკენ. გადაწყვეტილებების მიღების თანდათანობითი პროცესი; ყოყმანი თუ რა იარაღს მივაწვდით; ვაწვდით უფრო ნაკლებს, ვიდრე უკრაინელები ითხოვენ; ყოველთვის ვაჭიანურებთ მიწოდებას; არ ვზრდით იარაღის და აღჭურვილობის წარმოებას ევროკავშირში — ეს არის ნიშნები, რომ ამ ომის თავისებურება და საფრთხე ევროკავშირისთვის დასავლეთში კარგად არ არის გაცნობიერებული. გააზრებულია აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში; ყველა ქვეყანაში, რომელმაც გამოცადა რუსული კოლონიალიზმი და იმპერიალიზმი, მაგრამ არა — აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში თუ იტალიაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი