ახალი ამბები

იქით დავეხმარეთ [ევროპას] და გამოვუვლინეთ 1300 შემთხვევა — ღარიბაშვილი სანქციების დარღვევაზე

30 ივნისი, 2023 • 965
იქით დავეხმარეთ [ევროპას] და გამოვუვლინეთ 1300 შემთხვევა — ღარიბაშვილი სანქციების დარღვევაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იქით ეხმარება ევროპის ქვეყნებს სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების გამოვლენაში და 1 300-მდე მცდელობა აქვს იდენტიფიცირებული.

ღარიბაშვილის თქმით, ამ შემთხვევების შესახებ აცნობეს საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციების კოორდინატორებს.

„ჩვენს პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1300-მდე შემთხვევა აქვს იდენტიფიცირებული ფინანსთა სამინისტროს. ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოემართებოდა ეს სანქცირებული პროდუქცია. ჩვენ აქეთ ვეხმარებით ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები. ამ პროცესში აბსოლუტურად პირნათელი ვართ. არცერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი ჩვენ მიმართ, რომ საქართველო ვინმეს რამე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს საკუთარი ქვეყნის უსაფუძვლო დადანაშაულებისთვის.

„ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველდღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის. არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მათ და მათმა ლობისტებმა, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ხდებოდა სწორედაც სანქციების დარღვევა. არ ვთვლი მიზანშეწონილად ჩამოვთვალო. იმ ქვეყნებში ხდებოდა სანქციების დარღვევა, ჩვენ აქეთ დავეხმარეთ, 1300 შემთხვევა გამოვუვლინეთ. ამას ღიად არ ვსაუბრობდით, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიმდინარე კვირას საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კუმარ აიერი.

ამ თემაზე:

რა თქვა აშშ-ის სანქციების კოორდინატორმა თბილისში

რა თქვა ევროკავშირის სანქციების კოორდინატორმა თბილისში

საქართველოს პროკურატურაში აღძრულია საქმეები სანქციების გვერდის ავლაზე — UK-ის წარმომადგენელი

მასალების გადაბეჭდვის წესი