კომენტარი

„მოდით, ჩამხედეთ თვალებში“ – მაღაროელი გიორგი კუპატაძის მიმართვა ღარიბაშვილს

21 ივნისი, 2023 • 3237
„მოდით, ჩამხედეთ თვალებში“ – მაღაროელი გიორგი კუპატაძის მიმართვა ღარიბაშვილს

მაღაროელი გიორგი კუპატაძე მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მოუწოდებს, შეხვდეს გაფიცულ მშრომელებს.

კუპატაძე თბილისში გასაპროტესტებლად ჭიათურიდან დღეს, 21 ივნისს ჩამოვიდა. ჩვენს კითხვაზე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაღაროელმა გვითხრა.

„მინდოდა მომენახულებინა ჩემი ბიჭები, ჩემი მაღაროელები, ჩემი ძმისგულები და კარგი ადამიანები. ისედაც დატანჯული ხალხი ვართ ჩვენ მაღაროელები და დღეს კიდევ უფრო გვტანჯავენ. მე მინდა ღარიბაშვილს მივმართო, მოვიდეს, ჩამხედოს თვალებში და ჩემს ტკივილს, ყველაფერს, რაც მე და თითოეულ მაღაროელს გაგვაჩნია, ყველაფერს იგრძნობს ამ თვალებიდან. ეს არის თვალები, რომელიც გადმომცემია იმის, თუ რა ტკივილი და გაჭირვება აქვს ჩვენს ჭიათურას.

მე პირადად, 44 წლის კაცი, რატომ უნდა ვიმალებოდე „მარშრუტკაში“, რომ ბილეთი ვერ ავუღო მეორე ჩემს მეგობარს, ჩემს თანამშრომელს? ამის საშუალება ნუთუ არ უნდა მქონდეს?! თითოეულ ჩვენგანს, მოშიმშილე ბიჭებს, ვენებდაჭრილ ბიჭებს, ბანკის ვალები გვაქვს ყველას. ყველას გვიჭირს. და რას მოვითხოვთ? – მინიმალურს“, — უთხრა კუპატაძემ ნეტგაზეთს.

კუპატაძე ამბობს, რომ თვალები მას შემდეგ ამოიკერა, რაც მათთან ჭიათურის გუბერნატორი მივიდა და „ჯორჯიან მანგანეზის“ დაცვა დაიწყო. მაღაროელი დასძენს, რომ დაცვა ამჟამად სამთოელებს სჭირდებათ და არა კომპანიას.

„დაზიანება მივიღე, ხელზე 17 ნაკერი მადევს, რკინა ვერ ამომიღია ხელიდან იმიტომ, რომ საშუალება არ მაქვს, რომ ექიმთან მივიდე. ამის დროც არ მაქვს. კომპანიამ 500 ლარამდე დამირიცხა ტრავმისთვის, არადა, ამ ხელს საერთოდ ვეღარ ვხმარობ, ვერ ვწევ ვერაფერს“, – ამბობს კუპატაძე.

მაღაროელი გიორგი კუპატაძე მიუთითებს ხელზე, რომელზეც 17 ნაკერი აქვს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„[ხელფასის მატების] 20%-ს ერთი პროცენტიც რომ დააკლდეს, არანაირად არ ავიხსნი თვალებს. სულ რომ შევეწირო ამ ამბავს, სულ რომ დავიღუპო – მირჩევნია დავიღუპო, ვიდრე მტკივნეულ ჭიათურას, მტკივნეულ მაღაროელს ჩავხედო თვალებში და მის თვალებში წავიკითხო ეს გაჭირვება. მე გადავიღალე, გადავიღალე იმით, რომ ყველა მაღაროელს უჭირს, მაღაროელს არ უნდა ჰქონდეს სესხი, მას იმხელა ხელფასი უნდა ჰქონდეს…“.

ნეტგაზეთთან საუბარში კუპატაძე მადლობას უხდის მოშიმშილე და გაფიცულ თანამებრძოლებს, ასევე, ყველა მხარდამჭერს. და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ღარიბაშვილს, მაღაროელებს გაესაუბროს – „ჩაგვხედეთ თვალებში და წაიკითხეთ, როგორ გვიჭირს. არავინ გვისმენს, კაცი, რომელიც მოლაპარაკებაზე ტყუილად მიიყვანეს, ტყუილად ელაპარაკებოდნენ, მან პირი ამოიკერა, ვერ დავინახე ჩემი სიმართლე და ამოვიკერე თვალები. ის იყო, რომ ვერაფერი დაინახა, ვენები გადაიჭრა. რას ელოდებიან, რომ ნახევარმა ჭიათურამ თვალები ამოიკეროს?“.

„მეუბნებიან, აიხსენი, თორემ მოკვდებიო – მოვკვდე, ის მირჩევნია, ვიდრე მაღაროელს, ჩემს ძმაკაცს, ჩემი ბავშვობის მეგობარს, ჩემს მოგვარეს, ჩემს ამხანაგს ჩავხედო თვალებში და მის თვალებში წავიკითხო, რა დონის დამცირებულია, რა დონის გაჭირვებულია და რა დონის გაჭირვებაში ვართ. ამ მაღაროებში, სადაც უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული, ვიხრჩობით მაღაროებში“.


დღეს მაღაროელთა გაფიცვის მე-16 და მათი ნაწილის შიმშილობის მე-10 დღეა. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

ჭიათურაში რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, მაღაროელთა ერთი ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა. მათ კარვები გაშალეს პარლამენტის წინ და ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. 4-მა მათგანმა დღეს თბილისშიც დაიწყო შიმშილობა.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი