საზოგადოება

ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს

1 დეკემბერი, 2023 • 1468
ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს

ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს.

როგორც მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე აღნიშნავს, ისინი დარკვეთის მაღაროში დასაქმებულთა 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადაყვანას ითხოვენ, რაზეც ივნისში მიმდინარე გაფიცვის დროს კომპანია და დასაქმებულები შეთანხმდნენ, თუმცა დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა.

მიქაცაძე განმარტავს, რომ მაღაროში დასაქმებულ 150-მდე თანამშრომელს კომპანია 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით ამუშავებს, თუმცა 12-საათიანი გრაფიკის გეგმებს უსახავს. შესაბამისად, მაღაროელის თქმით, აღნიშნული არც მათ ანაზღაურებაზე ისახებოდა.

მიქაცაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა სამშაბათს გაიმართა და ყველა საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას, გარდა ანაზღაურებისა:

„მივიღეთ პირობა, რომ არცერთი თანამშრომელი, დაწყებული დამლაგებლიდან, დასრულებული გვირაბის გამყვანით, არ დატოვებდა სამსახურს, ყველა კადრი იქნებოდა შენარჩუნებული. ყველა საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას გარდა იმისა, რომ ვერ მოუმატებდნენ ხელფასს. ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე. განგვიცხადეს, რომ ფინანსურ საკითხზე უნდა დაერეკათ სათავო ოფისში და პარასკევს მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას, ანუ დღეს.

დღეს მოვიდა ინფორმაცია, რომ თუ გვინდა ვიმუშაოთ 12-საათიანი გრაფიკით, ოღონდ ვერ გაგვიზრდის სახელფასო ანაზღაურებას, რაც დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებისთვის მიუღებელია. არ შეიძლება იზრდებოდეს სამუშაო დრო და არ იზრდებოდეს სამუშაო ანაზღაურება. ამიტომ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაჩერდნენ, სამუშო ადგილებზე არიან ახლაც, თუმცა არ მუშაობენ პროტესტის ნიშნად“, — ამბობს მიქაცაძე.

მისი თქმით, ამჟამად სრულად შეჩერებულია მაღაროების მუშაობა, რადგან საქმიანობა შეწყვიტეს როგორც დარკვეთის მაღაროს ყველა თანამშრომელმა, ასევე, სხვა მაღაროებში დასაქმებულმა 800-მდე პირმაც სოლიდარობის ნიშნად.


ჭიათურელი მაღაროელები მიმდინარე წლის ივნისში იყვნენ გაფიცული. გაფიცვა 19 დღეს გაგრძელდა, აქედან 13 დღის განმავლობაში გაფიცულების ნაწილი შიმშილობდა. საბოლოოდ დასაქმებულებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას მიაღწიეს და გაფიცვა შეწყვიტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი