საზოგადოება

„ჩათვალეთ, მაღაროელებს სიკვდილზე გვაქვს ხელი მოწერილი“ — რეპორტაჟი ჭიათურიდან

13 ივნისი, 2023 • 2707
„ჩათვალეთ, მაღაროელებს სიკვდილზე გვაქვს ხელი მოწერილი“ — რეპორტაჟი ჭიათურიდან

ჭიათურის ცენტრში, მერიის წინ კარავი დგას. კარავში ძალების მოკრებას 10 გაფიცული მაღაროელი ცდილობს. ასობით სხვა ადამიანთან ერთად ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ღირსეულ შრომით პირობებს ითხოვენ.

მათი პროფესია მანგანუმის მოპოვებაა. ეს ის საქმეა, რასაც შეიძლება ცოცხალი ვერ გადაურჩე. გაფიცულები ამბობენ, რომ მიუხედავად ამხელა რისკისა, კომპანია მათ ხელფასებს არ უმატებს და  არც შესაბამისი სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს, არადა, მაღაროებში გატარებულმა საათებმა – მუდმივმა სიბნელემ, მტვერმა და გამონაბოლქვმა მათი ჯანმრთელობა შეიძლება, შეუქცევადადაც დააზიანოს.

„აბა, ამდენი სიმსივნიანი რატომაა, შენი აზრით?“, — გვითხრა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

მოშიმშილე მაღაროელთა კარავი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სხვა მოთხოვნებთან ერთად, რასაც განსაკუთრებით შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ, სამუშაო ადგილზე შეუსაბამო კვებაა. მუშები ამბობენ, რომ  კომპანია მათ ე.წ. კილკას, ანუ თევზის კონსერვს აჭმევს, რასაც ცუდი გემო აქვს და მძიმე ფიზიკური შრომისთვის შეუსაბამო საკვებია.

მაღაროელები უკვე ერთი კვირაა, შრომის პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ.

ამ სტატიაში ნეტგაზეთი რამდენიმე გაფიცული მაღაროელის ისტორიას მოგიყვებათ.

„აქ ხშირად ამბობენ, სამსახურში წასვლამდე ბავშვებს ვკოცნით იმიტომ, რომ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ჩვენი ბოლო დღეო“

ჭიათურის ეკონომიკა თითქმის სრულად დგას მაღაროელთა შრომაზე. მაღაროელები გვიყვებიან, რომ აქ დაახლოებით 15 მაღაროა. უკლებლივ ყველა სამთოელი კი, ვისაც ველაპარაკეთ, ამბობს, რომ სიკვდილის რისკი გაცნობიერებული აქვთ. ეს ომია, ოღონდ იარაღის გარეშეო — ასე გვპასუხობენ.

შრომა „შავი ოქროსთვის“ ფიზიკურად და ემოციურად ძალიან მძიმეა, მაღაროელები რამდენიმესაათიანი ცვლების განმავლობაში სიბნელესა და კვამშლი მოიპოვებენ მანგანუმს, ხშირად, სიცოცხლის რისკის ფასად. ჩვენთან საუბარში რამდენიმე მაღაროელმა ითხვისში შარშან დაღუპული მუშაც გაიხსენა. მათი თქმით, 30 წლის კაცი ლოდმა მოიყოლა, ლოდის სიდიდის გამო კი ცხედრის ამოსვენება გაჭირდა.

გაფიცულთა უმეტესობას ოჯახი ჰყავს, ბევრისთვის მაღაროში მუშაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ხელფასი, რომელიც დასაქმებულების თქმით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიციებისთვის, დაახლოებით, 1700 ლარს აღწევს, ინფლაციის ფონზე და დაპირების მიუხედავად,  არ მომატებულა. შრომის სირთულე კი არ იკლებს.

კარავში მყოფი მოშიმშილე მაღაროელები. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კარავში სხვა მოშიმშილეებთან ერთად არის მერაბ სარალიძეც. 33 წლის კაცი 2 მცირეწლოვანი შვილის მამაა. ნეტგაზეთთან საუბარში ჰყვება, რომ მანამდე კომპანიას მაღაროელები რამდენჯერმე შეხვდნენ და მოითხოვეს ხელფასის მომატება. როგორც ის  განმარტავს, 2023 წლის დადგენილებით ხელფასი 12%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„ჩვენ პირველ თებერვალს გაგვიშვეს 60%-იან დათხოვნაში და დაგვპირდნენ, რომ როდესაც დავუბრუნდებოდით ძველ სამუშაო რეჟმს, დაგვემატებოდა ეს 12%. ამის მოთხოვნაც არ უნდა დაგვჭირვებოდა, ისე უნდა შეესრულებინათ, რადგან მათი ვალდებულება იყო ეს.

ამასთან, პრობლემები სხვადასხვა სახისაა — საკადრისი კვების ობიექტები, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამუშაო ადგილზე პირობები და სხვა. ამასთანავე, შეცვლილია სამუშაო სტილი, ასე ვთქვათ, თუ მანამდე დაგეგმილი ვიყავით ტონაჟობაზე – ანუ დაგეგმილ ტონაზე მეტის გამოტანის შემთხვევაში, ეს ხელფასზე ისახებოდა, ახლა მიდგომა შეიცვალა და გადავიდა გრძივმეტრობაზე, რომლითაც ითვლება, თუ რამდენად წინ წავალთ. ლოგიკურია, რომ რაც უფრო წინ წავიწევთ, მით მეტს მოვიპოვებთ. ჩვენი დათვლებით, პროდუქცია 40%-ით უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ხელფასი მაინც არ გაზრდილა“, — ამბობს მერაბ სარალიძე.

მისივე ინფორმაციით, მაღაროელებმა მოთხოვნების სრული სია გადასცეს კომპანიას და თუ ისინი ადრე ითხოვდნენ კუთვნილ 12%-ს, ახლა ითხოვენ 40%-ს – „5 დღის განმავლობაში აქციაზე რომ გამოვდიოდით, ისევ და ისევ ძველი მოთხოვნებით ვიყავით, იმ მინიმალური მოთხოვნებით და ვაფრთხილებით, თუ არ მიიღებთ მინიმალურ ზომებს, არ წამოხვალთ დათმობებზე, გაიზრდება მოთხოვნები“.

თუმცა, მისივე თქმით, რადგან „ჯორჯიან მანგანეზმა“ რამდენჯერმე დაპირება არ შეარსულა, ამიერიდან გაფიცულები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან და კომპანიას არ შეხვდებიან მანამ, სანამ მოთხოვნებს არ შეასრულებენ.

„ჩემი პროფესიაა ყველაზე რთული და მძიმე – გვირაბგამყვანი, რომელიც მიწის ქვეშ მუშაობს. იქ შესული ადამიანი, თითოეული ადამიანი სიცოცხლეს სასწორზე დებს, არავინ იცის 100%-ით, რომ ის გარეთ გამოვა, წინასწარ ვერავინ ვერაფერს გათვლის. რაღაცებს უნდა დააკვირდეს და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას, მაგრამ არავინ იცის, იქ 100%-იანი უსაფრთხოების დაცვა გამოვა თუ არა.

ამასთან ერთად, ისეთი სამსახური გვაქვს, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება გამომდინარე იქიდან, რომ დღითიდღე ვიწამლებით, იქნება ეს ტრაქტორის კვამლის გამონაბოლქვი თუ მტვერი. ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ, „შავი ოქროს“ მომპოვებელ ადამიანებს გვიწევს მინიმალურ ხელფასზებზე საუბარი და ძალიან შეურაცხმყოფილად ვგრძნობთ თავს“, — ამბობს მერაბ სარალიძე.

მერაბ სარალიძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მერაბი დაახლოებით 9 წელია მაღაროებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამჟამად ე.წ. სავახტო რეჟიმზეა, რაც გულისხმობს, რომ მანგანუმის მოპოვებაში ჩართულია მძიმე ტექნიკაც.

„დიზელს თავისი გამონაბოლქვი აქვს, ამავდროულად, მოძველებულია ტექნიკა, მოშლილია და გამონაბოლქვიც იმატებს. ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. ამიტომ მივიღეთ გუშინ ეს გადაწყვეტილება და 10-მა ადამიანმა მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას. არ ვაპირებთ უკან დახევას არაფრის ფასად.“

აქციაზე შეგვხვდა ტარიელ მიქაცაძე. ის მაღაროში ამფეთქებლად მუშაობს. სხვა დასაქმებულების მსგავსად, ტარიელსაც ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი ბავშვი.

„უკვე 13 წელია, რაც ვმუშაობ ამ გაერთიანებაში. ჩემი სამუშაო დღე იწყება სამუშაო ადგილზე გამოცხადებით, ფორმის ჩაცმითა და იმ სამუშაოს შესრულებით, რასაც მე ვემსახურები. მე პროფესიით ვარ ამფეთქებელი და ჩემი სამუშაო არის აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება, რათა მადნის მოპოვება და ტრანსპორტირება გახდეს უფრო მარტივი.

ზოგადად, სამთოელის პროფესია მომატებული რისკის მქონე პროფესიაა და რისკის შემცველია, მაგრამ ამფეთქებლის პროფესია კიდევ განსაკუთრებულ რისკსა და საფრთხესაც შეიცავს“, – გვიხსნის ტარიელი.

დღის განმავლობაში ნეტგაზეთი ათობით მაღაროელს ესაუბრა. რამდენიმემ გვითხრა, რომ მაღაროელებმა სახლიდან გასვლისას არ იციან, დაბრუნებიან თუ არა და ამიტომ, ხშირად, ბავშვებს გამოსამშვიდობებლადაც კოცნიანო. ამის შესახებ ჩვენ ტარიელ მიქაცაძესაც ვკითხეთ.

„ეს არის ზუსტად უსაფრთხოების ნორმების დარღვევიდან გამომდინარე, არ არის ყველაფერი წესრიგში, ხშირად გამოდის ტექნიკა მწყობრიდან, ხშირად სამთო წნევები განვითარდება – ეს მოულოდნელი პროცესია. ამიტომ ჰქვია ამ პროფესიას მომატებული რისკის საწარმო. ამიტომ ვართ ჩვენ გადამზადებული და ამიტომ გვქვია ჩვენ ჩვენი საქმის სპეციალისტები, რათა ეს ხელმძღვანელებთან ერთად შევაფასოთ და საფრთხის შემცველ სამუშაოებზე არ შევიდეთ.

თუმმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად არ გვაქვს იმის საშუალება, რომ საფრთხის შემცველ სამუშაო პროცესში შევწყვიტოთ და სხვაგან გადავინაცვლოთ – არსებული რესურსებიდან გამომდინარე. ამიტომ, ზოგჯერ გვიწევს რისკის ფასად, რათა გეგმა შევასრულოთ, რათა ხელფასი ავიღოთ და 100%-ით მივიტანოთ ის ოჯახში, ჩვენი და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის ბევრ რამეს რისკის ქვეშ ვაყენებთ“, — ეუბნება ნეტგაზეთს ტარიელ მიქაცაძე.

როგორც ამბობს, თავად არ შესწრებია თანამშრომლის დაღუპვას, სამაგიროდ უნახავს ბევრი დაშავებული. იხსენებს, რომ შარშან 3 მუშა მაღაროში დაშავდა – ერთს ფეხი მოტყდა, ორს კი ჩამოცვენილი მასა ზედ დაეცა, ჩაემსხვრათ ნეკნები და მიიღეს დაჟეჟილობები.

კვებასთან დაკავშირებით კითხვაზე მაღაროელი ამბობს, რომ ამას თავად ელემენტარულ და მარტივად გამოსწორებად საკითხად მიიჩევდნენ, მაგრამ მათ გასაკვირად, არც ეს მოთხოვნა შესრულდა: „მენიუ ცვალებადია, მასში შედის ასევე კონსერვებიც, რომელიც არის საზიზღრობა. ე.წ. კილკას კონსერვი. 12 საათის განმავლობაში არ შეიძლება სამთოელს დაავალო უდიდესი საქმის შესრულება 1 ცალი კონსერვის კვების ხარჯზე.

ტარიელ მიქაცაძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მაღაროში აღდგენა-ვენტილაციის ცვლის უფროსად მუშაობს გიორგი კუპატაძე. ის გვიყვება, რომ როგორც ცვლის უფროსი, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს თავისი გუნდის წევრების მიმართ.

„დღეს ბიჭებმმა დაიწყეს შიმშილობა. ვაფრთხილებთ ჩვენს კომპანიას – ღმერთმა ნუ ქნას, დროულად მოეგონ გონს. ამ ბიჭებიდან რომელიმეს თმა ჩამოუვარდეს თავიდან, ან ცუდად გახდნენ, ან რაიმე, ჩვენ თავზე პასუხს აღარ ვაგებთ. დროულად გამოვიდნენ კომუნიკაციაზე, დროულად დაგვიდნენ გვერდში, მოეგონ გონს და რასაც ვითხოვთ, დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები იმიტომ, რომ დღესდღეობით ისეთ გაჭირვებაში ვართ, ხანხდახან რომ შევდივარ შიგნით და ცვლაში ბიჭებს დავტოვებ, ნახევარი საათი კანკალი მიტანს იმიტომ, რომ არავინ იცის, ისინი გამოვლენ თუ არიქიდან ცოცხლები“, – ამბობს ის.

კაცი გვიყვება, რომ ჭიათურაში მძიმე ეკონომიკური პირობების გამო თითქმის ყველა მაღაროელს ბანკის ვალი აქვს. იხსენებს, რომ ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევებიც კი, როდესაც აღებული ავანსი მუშებს სრულიად შეაქვთ ბანკში: „თითოეული მაღაროს მუშა გმირია. არავის არაფრის გვეშინია. ხვალვე გადავალ მუშად იმიტომ, რომ მე დავიბადე მუშაკაცად და მოვკვდები მუშაკაცად.“

გიორგი კუპატაძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„პასუხისმგებელი ხართ მთლიან ცვლაზე.. აღდგენა-ვენტილაციაში, რაც დანგრეულია, რაც დალეწილია, არც კი ვიცი, როგორ აღვწერო, აი, იმას აღადგენენ ბიჭები. და აქვთ 129 ლარი დღეში. რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ რისკიან სამუშაოში 129 ლარი? გვქონია შემთხვევა, როდესაც ისე ჩამოქცეულა – ყველაფერი ძირს იყო გასწორებული. კიდევ კარგი, იმ დროს საჭმელად ვიყავით გასული.. ამიტომ ასეთ რისკიან საქმეზე რომ შედის ადამიანი, მისი გული უნდა იყოს სამსახურზე, არა იმაზე, სახლში რა მიიტანოს და რა ვალი და რა პრობლემა აქვს. მაღაროელს არ უნდა ჰქონდეთ ვალი“, — ამბობს გიორგი კუპატაძე.

შიმშილობა და გაფიცვა ჭიათურაში გაგრძელდება. ცოტა ხნის წინ მაღაროელებმა ფეისბუკის გვერდზე სრულად გამოაქვეყნეს მოთხოვნათა ნუსხა. ის შემდეგნაირია:

„ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხი

ნეტგაზეთთან სატელეფონო კომენტარის სახით ისაუბრა „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ტატიშვილმა. ჩვენს კითხვაზე, რამდენი ადამიანია ახლა გაფიცული, ის ამბობს, რომ კომპანია ზუსტი რაოდენობის დასახლებისგან თავს შეიკავებს. თუმცა პროტესტის დაწყებას ვახტურ რეჟმზე მომუშავეთა უკმაყოფილებას უკავშირებს.

ეს უკმაყოფილება, მისი თქმით, 12-საათიანი გრაფიკის 8-საათიან გრაფიკზე შეცვლას უკავშირება. ტატიშვილის ინფორმაციით, ვახტურ რეჟიმზე მუშაობს 720 ადამიანი და მხოლოდ მათი ნაწილია გაფიცული.

„ნამდვილად არ ვადასტურებთ, თითქოს ხელფასის 12%-იან ზრდაზე იყო საუბარი. ერთადერთი, რაზეც მკაფიოდ ვაფიქსირებთ პოზიციას, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ჭიათურაში სრულად აღდგება სამუშაოები, კომპანია ითვალისწინებს 5%-იან ინდექსაციას ინფლაციასთან შესაბამისობაში“, – დასძენს ტატიშვილი.

ჩვენს ვუთხარით გიორგი ტატიშვილს, რომ ინფლაცია ამჟამად 5%-ზე მეტია, რაზეც მან გვიპასუხა, რომ 5% ის მაქსიმუმია, რისი გაცემაც კომპანიას კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია. რაც შეეხება მოთხოვნას დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესების შესახებ, როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი ამბობს, კომპანია ამჟამად 14 ათას ადამიანზე – მაღაროელებსა და მათი ოჯახის წევრებზე გასცემს დაზღვევას. ამისთვის კი კომპანია ყოველწლიურად  სპეციალურ თანხას გამოჰყოფს და აცხადებს ტენდერს. მისი ინფორმაციით კი, მთავარი პრეტენზია დასაქმებულებს არა დაზღვევის მიმართ, არამედ ჭიათურაში ე.წ. პროვაიდერი კლინიკების სამედიცინო სერვისი მიმართ აქვთ.

ტატიშვილი ირწმუნება, რომ ამჟამად საპროტესტო აქციებში დასაქმებულთა მხოლოდ 5%-ია ჩართული და პროტესტი მასშტაბური არ არის.

ამასთანავე, ის ადასტურებს, რომ ამჟამად ჭიათურაში ყველა მაღარო გაჩერებულია, თუმცა, მისი თქმით, ეს კომპანიის გადაწყვეტილებაც იყო, რადგან საწარმოთა ნაწილისთვის წამგებიანი მუშაობის რესურსი კომპანიას ამჟამად არ აქვს.

„მოლოდინებთან დაკავშირებით პოზიტიურად ვართ განწყობილი. განსაკუთრეით მედიატორის ჩართულობის შემდეგ, დარწმუნებული ვართ, მოლპარაკების პროცესი მიგვიყვანს ისეთ შედეგამდე, რომ ბიზნესმა განაგრძოს ოპერირება და დასაქმებულის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული,“ – დასძენს ფინანსური დირექტორი.

ნეტგაზეთი სტატიის მომზადებისას დაუკავშირდა ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს. უწყებაში გვითხრეს, რომ მედიატორი უკვე შეხვდა გაფიცულებს, დღეს, 13 ივნისს კი — კომპანიის წარმომადგენლებს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მანამდე კი მაღაროელები აგრძელებენ საპროტესტო აქციასა და შიმშილობას ჭიათურაში იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები ღირსეულ სამუშაო პირობებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი