საზოგადოება

ჯორჯიან მანგანეზი: მზად ვართ, მაღაროები მართვაში გადავცეთ მაღაროელებს

23 ივნისი, 2023 • 2624
ჯორჯიან მანგანეზი: მზად ვართ, მაღაროები მართვაში გადავცეთ მაღაროელებს

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს, რომ მზადაა, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს. ამის შესახებ კომპანიის მიერ ღამით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამია, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.

“ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ. ​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯორჯიან მანგანეზის განცხადებაში ჯერჯერობით დაკონკრეტებული არ არის, მართვის რა მოდელს სთავაზობს ის მაღაროელებს.

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შ. პ. ს ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია, რომელიც  ლუქსემბურგშია რეგისტრირებული. კომაპანია მაღალი და საშუალო ხარისხის სილიკომანგანეზს აწარმოებს, რომელსაც შვიდ საბადოსა და რვა კარიერზე მოიპოვებს.

“ჯორჯიან მანგანეზში” უკვე  არაერთი წელია სახელმწიფოს მიერ სპეციალური მმართველია დანიშნული, გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტრომ სასამართლოს თანხმობით მიიღო. სამინისტრო მიიჩნევდა, რომ კომპანია საწარმოო საქმიანობის გამო ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფას ვითარებას ქმნიდა.

ჭიათურელი მაღაროელები 2 კვირაზე მეტია გაფიცულები არიან, 10-მდე მათგანი ამ დრომდე შიმშილობს. მაღაროელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებებიც მიიყენა. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის მომატებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას. ჯორჯიან მანგანეზი მზადყოფნას აცხადებს დააკმაყოფილოს გაფიცულთა ყველა პირობა, გარდა ხელფასის მოთხოვნილი პროცენტით მომატებისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი