საზოგადოება

მაღაროელებმა ღამე რუსთაველზე კარვებში გაატარეს

20 ივნისი, 2023 • 881
მაღაროელებმა ღამე რუსთაველზე კარვებში გაატარეს

ჭიათურელმა მაღაროელებმა ღამე პარლამენტის წინ და ქაშვეთთან კარვებში გაატარეს. 40 მათგანი გუშინ ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა.

დღეს, 20 ივნისს, 16:00 საათზე, გაფიცულები საპროტესტო, მშვიდობიან მსვლელობას გეგმავენ “ჯორჯიან მანგანეზის” სათავო ოფისთან.

„ველოდებით ბევრ ადამიანს, ყველას, ვისაც გული შესტკივა“, —ამბობენ ისინი.

დღეს მაღაროელთა გაფიცვის მე-15 და 11 მათგანის შიმშილობის მე-9 დღეა.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

“ჯორჯიან მანგანეზი”, ბოლო განცხადების თანახმად, მზადაა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამოუკიდებელმა აუდიტმა შეისწავლოს და მაღაროელებისთვის ხელფასების მატება მიებას „სამომავლო ფინანსურ შედეგებს“.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ 19 ივნისს განაცხადა,  18 ივნისს დასაქმებულებთან გამართულ შეხვედრაზე „თითქმის ყველა საკითხზე შეჯერდნენ“, ხელფასის მატების გარდა. კომპანია დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით მატებას სთავაზობს.

მაღაროელებისთვის კომპანიის შეთავაზება მისაღები არ არის და პროტესტს განაგრძობენ მანამ, სანამ “ჯორჯიან მანგანეზი” მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი